Main »
- Archive
"მანჩესტერ იუნაიტედის" ვეტერანი ვარსკვლავი რიო ფერდინანდი შესაძლოა, სტამბოლის "გალათასარაიში" აღმოჩნდეს. 34 წლის მცველი შეიძლება დიდიე დროგბას და ვესლი სნეიდერის თანაგუნდელი გახდეს. შეგახსენებთ, რომ ეს დუეტი იანვრის სატრანსფერო სეზონში შეემატა "ლომებს". "დეილი მეილის" ცნობით, რიოს "მანჩესტერი" ახალ კონტრაქტს აღარ სთავაზობს, ძველს კი ვადა ზაფხულში გასდის.
"პარი სენ-ჟერმენის” თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი, რომელიც ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე "ვალენსიას” წინააღმდეგ გამართულ პირველ მატჩში მოედნიდან გააძევეს, უეფასგან ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა. ამრიგად, შვედი თავდამსხმელი პარიზულ კლუბს ვერ დაეხმარება "ღამურებთან” გასამართ განმეორებით შეხვედრასა და მეოთხედფინალური ეტაპის პირველ მატჩში, თუ, რა თქმა უნდა, "პსჟ” მომდევნო ეტაპის საგზურს მოიპოვებს. შეგახსენებთ, რომ ესპანეთში გამართული შეხვედრა პარიზელთა გამარჯვებით, ანგარიშით 2:1 დასრულდა. დავამატებთ იმასაც, რომ იბრაჰიმოვიჩი "ვალენსიას” ნახევარმცველ ანდრეს გუარდადოს წინააღმდეგ უხეში თამაშისთვის გააძევეს.
ტურინის "იუვენტუსის” ნახევარმცველი ანდრეა პირლო აღიარებს, რომ მისი გუნდი ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად, ჯერჯერობით, მზად არაა. "ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად, ჯერჯერობით, მზად არ ვართ. ეს მიუხედავად იმისა, რომ ამ ტურნირზე თამაშს განვაგრძობთ. ლიგაზე ჩვენზე ძლიერი გუნდებიც არიან. "რეალი” და "მანჩესტერი”? ჩვენსა და ამ გუნდებს შორის დიდი სხვაობა არაა, მაგრამ ისინი მაინც უფრო ძლიერები არიან. რატომ? იმიტომ, რომ ამ გუნდებში არაერთი ისეთი ფეხბურთელი თამაშობს, რომლებმაც სხვადასხვა ფრონტზე გამარჯვების გემო იციან. ჩვენ მხოლოდ საწყის ეტაპზე ვართ. ჯერჯერობით, ვსწავლობთ.” – აცხადებს 33 წლის ფეხბურთელი
კატალონიის "ბარსელონას” ლიდერებმა – ლიონელ მესიმ და ჩავი ერნანდესმა უკანასკნელი ვარჯიში ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო გამოტოვეს. ამ ინფორმაციას "ბლაუგრანას” ოფიციალური საიტი ავრცელებს. მესიმ ვარჯიში მაღალი სიცხის გამო ვერ შეძლო. კატალონიელი ექიმების ვარაუდით, არგენტინელი საწვრთნელ პროცესს პარასკევს განაახლებს და შაბათს გასამართ "ელ კლასიკოში” სათამაშოდ მზად იქნება. რაც შეეხება ჩავის, ვეტერან კატალონიელს ტკივილები აწუხებდა და ექიმებს მიმართა. ნახევარმცველის ტრავმის სიმძიმე, ჯერჯერობით, უცნობია. საგულისხმოა, რომ ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიშობდა ალექს სონგი.
პორტუგალიელი ვარსკვლავი, კრისტიანო რონალდო აცხადებს, რომ მადრიდის "რეალის” ფეხბურთელებმა "ბარსელონასთან” გამართულ შეხვედრაში კარგად ითამაშეს და გამარჯვება დაიმსახურეს. შეგახსენებთ, რომ მატჩი "სამეფო კლუბის” გამარჯვებით, 1-3 დასრულდა, რონალდომ კი დუბლი გაიფორმა. "პირველიდან ბოლო წუთამდე, კარგად ვითამაშეთ. მატჩისადმი ძალიან სწორი დამოკიდებულება გამოვავლინეთ, მეტოქეს ვაჯობეთ და დამსახურებული სამი გოლი გავიტანეთ. ჩვენს ძალებში უფრო მეტად დარწმუნებულები ვართ და შესაბამისად, მეტის მიღწევა გვსურს. ახლა, პრიმერა დივიზიონსა და ჩემპიონთა ლიგაზე უნდა გადავერთოთ. გვინდა, რომ ამ ტურნირებზე წარმატებას მივაღწიოთ”, – აცხადებს 28 წლის ფეხბურთელი.
შესაძლოა, "მანჩესტერ სიტის” ფრანგმა ნახევარმცველმა სამირ ნასრიმ უახლოეს პერიოდში კლუბი გამოიცვალოს. ბრიტანული მედიის ინფორმაციით, "ქალაქელები” მზად არიან, 25 წლის ფეხბურთელს 18 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ შეელიონ. მანამდე კლუბის მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ დაიჩივლა, ნასრის მოტივაციის პრობლემა აქვს, რის გამოც თავის დონეს ვერ აჩვენებსო. ფეხბურთელი ჯამაგირის სახით კვირაში 175 ათას ფუნტს იღებს, ასე რომ მისი გაყიდვით გუნდის ბიუჯეტი მნიშვნელოვნად დაიზოგება. შეგახსენებთ, ნასრი ლონდონის "არსენალიდან” "მანჩესტერ სიტიში” 2001 წლის აგვისტოს თვეში გადავიდა. მაშინ ლონდონელებმა ფეხბურთელის სანაცვლოდ 25 მილიონი ფუნტი მიიღეს. ინგლისის პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშებაში ნასრიმ 18 მატჩი ჩაატარა და მხოლოდ ერთი გოლი გაიტანა.
|