Main »
2013 » April » 6 » მაკარიძემ კარი მშრალად შეინახა
მაკარიძემ კარი მშრალად შეინახა
საფრანგეთის მე-2 ლიგაში "ლე მანის” კარი "მშრალად” შეინახა გიორგი მაკარიძემ. ქართველი გოლკიპერის გუნდმა "ტური” 1:0 დაამარცხა და 33 ქულით ოც კლუბს შორის მე-18 ადგილზე იმყოფება. ცნობისთვის, საფრანგეთის მე-2 ლიგიდან სამი გუნდი ვარდება, ამდენად, "ლე მანს” მთავარი ბრძოლები წინ ელის.
დანიურ სუპერლიგაში ქართველთა "ორჰუსი” "ესბიერგს” დაუხვდა და 0:1 წააგო. მასპინძელთა მაისურით დავით დევდარიანმა მოედანზე 75 წუთი გაატარა, დავით სხირტლაძემ შეუცვლელად ითამაშა, მათე ვაწაძე კი ტრავმირებულია და ცხადია, გუნდის განაცხადში არ ყოფილა. "ორჰუსს” 26 ტურში 33 ქულა შერჩა და მე-6 ადგილზე იმყოფება.
გერმანიის მე-2 ბუნდესლიგაში ასევე დასარჩენად იბრძვის "ბოხუმი”, რომლის ღირსებასაც ალექსანდრე იაშვილი და ნიკოლოზ გელაშვილი იცავენ. 28-ე ტურში ბოხუმელებმა "აუესთან” 0:3 წააგეს და 26 ქულით მე-15 პოზიციაზე დარჩნენ, ამასთან გასავარდნ ზონაში მყოფ "დრეზდენს” 2 ქულით უსწრებენ. გასულ მატჩში იაშვილმა პირველ ტაიმში ითამაშა, გელაშვილი კი განაცხადში არ ყოფილა.
სამხრეთ აფრიკის ჩემპიონატში გიორგი ნერგაძის "მოროკა სვოლოუსი” "ვიტს უნივერსიტის” დაუზავდა – 1:1. ქართველი ლეგიონერი სასტარტო შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად გაისარჯა. "მოროკა სვოლოუსს” 32 ქულა აქვს და მე-8 საფეხურზე იმყოფება.