infoBets: Free Betting Daily Tips, Bet Advice, Soccer Predictions, Dropping Odds, Statistics Table, Football Live Centre, Fastest Livescore, Live TV, Soccer highlights...
content top
Main » 2013 » April » 5 » დასკვნით ტურს აზრი დაუბრუნდა

დასკვნით ტურს აზრი დაუბრუნდა

borjgalosnebi
საქართველოს მორაგბეთა XXIII ჩემპიონატის XVII რაუნდის შემდეგ, პრაქტიკულად ყველაფერი უკვე გადაწყვეტილი იყო, ყოველ შემთხვევაში იმ გუნდებისთვის, რომლებმაც პლეი ოფებში ჩემპიონობისთვის უნდა გააგრძელონ ბრძოლა, მაგრამ ერთმა შეცდომამ სიტუაცია შეცვალა.

ეს შეცდომა XVI რაუნდში თბილისის "ჯიქების” მთავარ მწვრთნელ გია ამირხანაშვილს მოუვიდა. ამ ტურში მისმა გუნდმა "ლელო” 16:10 დაამარცხა და მეტოქეს რეგულარული პირველობის მოგების შანსები მინიმუმამდე შეუმცირა, თავად კი, მერე ბათუმურ გუნდსაც რომ სძლია, პლეი ოფის პირველ ეტაპზე ქუთაისში მგზავრობა აირიდა და თანაქალაქელ "არმაზთან” ჯახი გაინაღდა. მაგრამ 23 მარტს გამართული თამაშის მეთვალყურემ საკუთარ მოხსენებაში რომ ჩაწერა, მატჩის მიწურულს საშეჯიბრო დებულება დაირღვაო...

მოკლედ, სადისციპლინო კომისიის სხდომამ მეთვალყურის ჩანაწერის საფუძველზე საქმე განიხილა და დაასკვნა, რომ მას შემდეგ, რაც "ჯიქებს” დებულებით გათვალისწინებული 7 შეცვლა უკვე განხორციელებული ჰქონდა, ტრავმირებული შერკინების მესამეხაზელი ჯაბა კიკვიძე სათადარიგო მორაგბით მაინც შეცვალა. შედეგად, "ჯიქებს” მოგებულ თამაშში წაგება ჩაეთვალა და მოგებით მიღებული 4 ქულის გარდა -1 ქულითაც დაისაჯა. შესაბამისად, "ჯიქებთან” მოგება ჩაეწერა "ლელოს” და მან ერთი პრემიალური ქულის ნაცვლად 4 ქულა მიითვალა.

ამრიგად, ბოლო ტურის წინ "ლელო” ლიდერ "არმიას” მხოლოდ 1 ქულითღა ჩამორჩება და რეგულარული პირველობის მოგების შანსი მიეცა, რაც, პრინციპში, პრაქტიკულად ბევრს არაფერს იძლევა. აი "ჯიქებს” კი, ამ ჯარიმის გამო მე-5 ადგილამდე რომ დაქვეითდა და ახლა "ლოკომოტივს” მხოლოდ 5 ქულით უსწრებს, მე-6 საფეხურამდე დაქვეითების საფრთხე დაემუქრა, რაც მათ პლეი ოფის პირველ ეტაპზე ქუთაისში "აიასთან” სათამაშოდ გაისტუმრებს.

"ჯიქები” რეგულარული პირველობის დასკვნით ტურში "არმაზს” ეთამაშება და საკუთარ ბედს თავადვე განაგებს. ამირხანაშვილის შეგირდებმა ამ თამაშში 1 პრემიალური ქულა მაინც თუ აიღეს (გამარჯვების შემთხვევაში მე-4 ადგილსაც დაიბრუნებს, რასაც პრინციპული მნიშვნელობა არა აქვს), მაშინ ყველაფერი ძველ კალაპოტს დაუბრუნდება და პლეი ოფის პირველ ეტაპზე "ჯიქების” მეტოქე კვლავ თანაქალაქელი "არმაზი” იქნება. აი თუ პრემიალური ქულა ვერ აიღო და დამარცხდა, ხოლო "ლოკომოტივმა” საკუთარი შეხვედრა სწორედ პრემიალური ქულით მოიგო, რადგან თემურ ბენდიაშვილის გუნდს "ჯიქებთან” ურთიერთშეხვედრაში უპირატესობა აქვს, რეგულარულ გათამაშებას მე-5 ადგილზე სწორედ ის დაასრულებს, ხოლო "ჯიქები” მე-6 ადგილამდე დაქვეითდება. პირველ წრეში "ჯიქები” "არმაზთან” დავით კიკნაძის მიერ ბოლო წუთზე ცენტრიდან გატანილი ჯარიმის გამო 19:20 დამარცხდა.

"ლოკომოტივი” ბოლო ტურში "აკადემიას” ეთამაშება და პრემიალური ქულით მოგებაც შეუძლია, თუმცა, თავად აკადემიელებს შანსი აქვთ, რომ ბოლოსწინა ადგილს თავი დააღწიონ, რითაც პირველი ლიგის მეორე გუნდთან გასავარდნ პლეი ოფს თავიდან აირიდებენ და დასკვნით ტურში გამარჯვების მისაღწევად ბოლომდე იბრძოლებენ. "აკადემიას” რუსთავის "ხარების” ჩამოტოვების შანსი აქვს, რომელსაც ამ ეტაპზე 4 ქულით ჩამორჩება და ამრიგად, აკადემიელებს უბრალო მოგება ხელს არ აძლევთ და პრემიალური ქულის აღებაც ჭირდებათ. აღსანიშნავია, რომ პირველ წრეში "აკადემიამ” "ლოკომოტივის” დამარცხება მოახერხა - 19:10.

თავის მხრივ, "ხარებს” პლეი ოფისგან თავის დასაღწევად 1 ქულაც ყოფნის, რადგან "აკადემიას” ურთიერთშეხვედრებში 2 ქულით (17:11 და 10:14) სჯობს. ეს თეორიული გათვლებია, რაც ძნელად შესასრულებელია და შეიძლება ითქვას, "ხარებს” თავი ქუდში აქვს, "ლელოს” კი, რეგულარული პირველობის მოსაგებად პრემიალური ქულით გამარჯვება მართებს.

ამჟამინდელი ლიდერი და ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი "არმია” თავის მატჩს კვირას, 15 საათზე ზღვისპირა ქალაქში გამართავს. "ბათუმი” უმოტივაციოდაა, ვერც ექვსეულში შევა და არც მე-7 ადგილს დაკარგავს და საჭიროების შემთხვევაში არმიელებს დიდი სხვაობით მოგებაც შეეძლებათ. პირველ წრეში "არმიამ” თბილისში 31:16 იმარჯვა და პრემიალური ქულაც ჩაიწერა.

კვირასვე ქუთაისში "აია” "ყოჩებს” ეთამაშება. აქ ყველაფერი გარკვეულია, ქუთაისელები მე-3 ადგილზე არიან და პლეი ოფის თამაშებს საკუთარ ქალაქში გამართავენ, ხოლო "ყოჩებს” ისღა დარჩენია პირველლიგელთან ორრაუნდიანი ჯახისთვის მოემზადოს.   

 

საქართველოს მორაგბეთა XXIII ეროვნული ჩემპიონატი. XVIII რაუნდი

6 აპრილი. შაბათი

რუსთავი. ახალი. 15:00 საათი

ხარები (რუსთავი) - ლელო (თბილისი) (პირველი მატჩი 0:27)

თბილისი. "შევარდენი”. 15:30 საათი

არმაზი (თბილისი) - ჯიქები (თბილისი) (20:19)

თბილისი. "ავჭალა”. 15:30 საათი

ლოკომოტივი (თბილისი) - აკადემია (თბილისი) (10:19)

7 აპრილი. კვირა

ქუთაისი. "დინამო”. 15:00 საათი

აია (ქუთაისი) - ყოჩები (თბილისი) (23:6)

ბათუმი. ანგისა. 15:00 საათი

ბათუმი (ბათუმი) - არმია (თბილისი) (16:31)

 1 არმია 17 15 0 2 528-251 70
2 ლელო 17 15 0 2 457-230 69
3 აია 17 12 2 3 492-240 59
4 არმაზი 17 10 0 7 321-294 44
5 ჯიქები 17 9 0 8 320-253 43
6 ლოკომოტივი 17 7 2 8 347-339 38
7 ბათუმი 17 6 0 11 324-364 30
8 ხარები 17 4 0 13 236-380 22
9 აკადემია 17 4 0 13 186-524 18
10 ყოჩები 17 1 0 16 226-562 7


 

შესარჩევი პლეი ოფები. 13-14 აპრილი. თითო მატჩი

მე-3 ადგილოსანი - მე-6 ადგილოსანი

მე-4 ადგილოსანი - მე-5 ადგილოსანი
Views: 1045



Shadow


content top