გუშინ ევროპის ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე, "ინტერსა” და "ტოტენჰემ ჰოთსპურს” შორის განმეორებით მატჩი გაიმართა. ლონდონში "ტოტენჰემმა” იტალიელები ანგარიშით 3-0 დაამარცხა. "ნერაძურის” შემდეგ ეტაპზე გასასვლელად სახლში ოთხი უპასუხო გოლის გატანა ესაჭიროებოდა. სტრამაჩიონის შეგირდებმა ოთხი გოლის გატანა კი შეძლეს, თუმცა კარის სუფთად შენახვა ვერ მოახერხეს, რამაც "ტოტენჰემის” შემდეგ ეტაპზე გასვლაში გადამწყვეტი როლი ითამაშა.
ანგარიში შეხვედრის მე-20 წუთზე პალასიოს ჩაწოდების შემდეგ ანტონიო კასანომ თავური დარტყმით გახსნა. პირველი ტაიმი იტალიელების მინიმალური უპირატესობით დასრულდა. შეხვედრის მეორე ნახევარში "ნერაძური” კიდევ უფრო გააქტიურდა, რამაც შედეგი 52-ე წუთზე გამოიღო. მეკარესთან ერთი ერთზე დარჩენილმა პალასიომ შანსი ხელიდან არ გაუშვა და სხვაობა ორ ბურთამდე გაზარდა. 75-ე წუთზე ინგლისელების კარის მიმართულებით სახიფათო ჯარიმა დაინიშნა. კასანოს დარტყმული გალასს მოხვდა და რიკოშეტით ბრედ ფრიდელის კარში შეგორდა. შედეგად, ტაბლოზე ის ანგარიში გამოისახა, რომლითაც "დეზებმა” მილანელები ერთი კვირის წინ სახლში გაისტუმრეს - 3-0. შეხვედრის დარჩენილ დროში გოლი აღარ გასულა და გამარჯვებულის გამოვლენისთვის დამატებითი ტაიმები გახდა საჭირო.
პირველი დამატებითი ტაიმი ინგლისელებმა აქტიურად დაიწყეს, რასაც შედეგი შეხვედრის 96-ე წუთზე მოჰყვა. დემბელეს დარტყმის შემდეგ ჰანდანოვიჩის მოგერიებული ადებაიორს მიუვიდა, რომელმაც შანსი არ გაუშვა და ორი მატჩის ჯამში "ტოტენჰემი” დააწინაურა. გაშვებულმა გოლმა სტრამაჩიონის შეგირდები გამოუვალ მდგომარეობაში ჩააყენა. მათ შემდეგ ეტაპზე გასასვლელად ორი უპასუხო გოლი ესაჭიროებოდათ. მართალია, 110-ე წუთზე ერთი გოლი რიკარდო ალვარესმა გაიტანა, თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. შეხვედრის დასრულებამდე 5 წუთით ადრე "ნერაძურიმ” მეტოქეს შტურმი მოუწყო, თუმცა უშედეგოდ.
ამრიგად, "დეზებმა” მილანელები სტუმრად გატანილი გოლის ხარჯზე ევროპის ლიგას გამოთიშეს, თავად კი მეოთხედფინალში გავიდნენ.
ევროპის ლიგა
მერვედფინალი
განმეორებითი მატჩი
"ინტერი” 4-1 "ტოტენჰემი” (პირველი მატჩი 0-3)
"ინტერი”: ჰანდანოვიჩი, ძანეტი, კივუ, ჟუან ჟესუსი, ჟონათანი (რანოკია 107′), გუარინი (ალვარესი 71′), კამბიასო, კოვაჩიჩი (ბენასი 79′), პალასიო, კასანო.
მთავარი მწვრთნელი: ანდრეა სტრამაჩიონი.
"ტოტენჰემ ჰოთსპური”: ფრიდელი, ნოტონი (კოკერი 104′), გალასი, ვერტონგენი, უოკერი, პარკერი, დემბელე, სიგურდსონი, ლივერმოლი (ლენონი 70′), ადებაიორი, დეფო (ჰოლტბი 56′).
მთავარი მწვრთნელი: ანდრე ვილაშ-ბოაში
გოლები: კასანო 20′, 75′, პალასიო 52′, ადებაიორი 97′, ალვარესი 110′.
გაფრთხილებები: ჟუან ჟესუსი; ლივერმოლი, ფრიდელი, უოკერი, ადებაიორი.