გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გაზაფხულის ბოლოს კახა კალაძის გამოსამშვიდობებელი მატჩი შედგება. საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტნის ბოლო შეხვედრაში მონაწილეობას "მილანის” ფეხბურთელები მიიღებენ.
"ჯერჯერობით კონკრეტული თარიღი არ ვიცი, თუ როდის შედგება ეს მატჩი, თუმცა, სავარაუდოდ, გაზაფხულის ბოლოს, როცა დათბება, შეხვედრა გაიმართება. ქართველ გულშემატკივრებთან პირობა მაქვს დადებული, რომ ეს მატჩი შედგება. ჩვენ ადრეც გვსურდა შეხვედრის გამართვა, თუმცა მაშინ გარკვეული მიზეზების გამო ამის შესაძლებლობა არ მომცეს”, – განაცხადა ყველაზე ტიტულოვანმა ქართველმა ფეხბურთელმა.
კალაძის თქმით, ქართველ ქომაგებს პაოლო მალდინის, ჯენარო გატუზოს და ალესანდრო კოსტაკურტას თამაშის ხილვის საშუალება კიდევ ერთხელ მიეცემა.
"სტუმრები, ალბათ, ის ფეხბურთელები იქნებიან, ვისთან ერთადაც ამ ათი წლის განმავლობაში მითამაშია. იქნებიან "მილანის” მოთამაშეებიც”, – დაამატა კალაძემ.
საქართველოს სპორტის სამინისტრომ და ფეხბურთის ფედერაციამ უკვე გამოთქვეს მზადყოფნა, მხარი დაუჭირონ აღნიშნულ წამოწყებას.
კალაძემ ფეხბურთის ფედერაციასთან გარკვეული სახის თანამშრომლობა არ გამორიცხა, თუმცა ამის აუცილებლობას ვერ ხედავს:
"მატჩი მთლიანად ჩემი ხარჯით ჩატარდება”.
უახლოეს პერიოდში გაირკვევა, თუ სად და როდის გაიმართება შეხვედრა – "დინამო არენაზე” თუ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე.
კალაძემ პროფესიონალური კარიერა თბილისის "დინამოში” დაიწყო, საიდანაც კიევის "დინამოში” გადაბარგდა, შემდეგ იყო "მილანი”, ბოლოს კი "ჯენოა”.
კალაძე ერთადერთი ქართველი ფეხბურთელია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის თასი ორჯერ მოიგო. ოთხჯერ გახდა საქართველოს ჩემპიონი, სამჯერ მოიგო უკრაინის ჩემპიონატი, იტალიის სერია A-ს ოქროს მედალს კი ერთხელ დაეუფლა, გახდა კლუბთა შორის მსოფლიოს ჩემპიონატის გამარჯვებული.
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგებლობაში ჩატარებული აქვს 83 მატჩი, გატანილი გოლით თავი ერთხელ გამოიჩინა. ოთხჯერ გახდა ქვეყნის საუკეთესო ფეხბურთელი.