ის, რაც ორი კვირის წინ "სანტიაგო ბერნაბეუზე" ვნახეთ, ჟურნალი იყოს; კინოს კი 5 მარტს "ოლდ ტრეფორდზე" ველით: "მანჩესტერ იუნაიტედი" და "რეალი" ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის საპასუხო მატჩს საუკეთესო ფორმითა და განწყობით, თავდაჯერებულები ხვდებიან.
დიდი შანსია, რომ ეს დუელი არა მარტო ძალიან საინტერესო, დაძაბული და დრამატული, არამედ უკიდურესად ემოციურიც გამოვიდეს.
სტატისტიკა გვეუბნება: "რეალი" გავარდება, "მანჩესტერი" ჩემპიონთა ლიგას მოიგებს
სტატისტიკას და ისტორიას საფეხბურთო მატჩის ბედი არასდროს გადაუწყვეტია, მაგრამ მაინც: სერ ალექს ფერგიუსონს შეუძლია, მეტი თავდაჯერებისთვის შეგირდებს გასახდელში რამდენიმე სტატისტიკური მონაცემი გამოუკიდოს.
ისტორია გვეუბნება, რომ მადრიდში დაფიქსირებული 1:1 პლეი ოფში "რეალისთვის" არასახარბიელო რეზულტატია.
"იუნაიტედმა" ევროთასების პლეი ოფის გასვლით მატჩებში 1:1 ოთხჯერ დააფიქსირა და ოთხივე შემთხვევაში მომდევნო ეტაპზე გავიდა.
მადრიდელებმა ევროთასების პლეი ოფში საკუთარ მოედანზე 1:1 სულ ოთხჯერ დააფიქსირეს და ოთხივე შემთხვევაში გავარდნენ - თანაც ისე, რომ საპასუხო მატჩებში ერთი გოლიც ვერ გაჰქონდათ.
თუ ეს სერია 5 მარტის შეხვედრითაც გაგრძელდა, "იუნაიტედს" სტატისტიკურად ჩემპიონთა ლიგის მოგების საუკეთესო შანსი ექნება: მადრიდელები და მანჩესტერელები ჩემპიონთა თასის პლეი ოფში ერთმანეთს ოთხჯერ გადაეყარნენ და აქედან სამი დუელის (1956/57, 1967/68 და 1999/2000) გამარჯვებული საბოლოოდ ჩემპიონთა თასს დაეუფლა!
თუმცა ეს სუპერმატჩი ამ სტატისტიკურ მონაცემებზე გაცილებით საინტერესო რამე-რუმეებსაც გვპირდება. ყურადღების ცენტრში განსაკუთრებით ოთხი ფეხბურთელი მოექცევა.
რაიან გიგზი და მისი მე-1000 მატჩი
სერ ალექს ფერგიუსონი გასულ უქმეებზე ზუსტად ისე მოიქცა, როგორც სჩვევია. "ნორვიჩთან" მატჩის წინ თქვა, შაბათს რაიან გიგზს განაცხადში შევიყვან და დიდი შანსია, რომ მე-1000 მატჩი ჩაატაროსო.
და რა მოხდა შაბათს? "ნორვიჩთან" შეხვედრაში, რომელიც "იუნაიტედმა" 4:0 მოიგო, ლეგენდად ქცეული უელსელი განაცხადში არ ყოფილა.
ცხადია, რომ ფერგიმ გიგზს ისტორიული მე-1000 მატჩი სწორედ დღეისთვის, "რეალთან" უმნიშვნელოვანესი დუელისთვის შემოუნახა.
მიუხედავად იმისა, რომ ფერგიუსონისგან მართლა არაფერია გამორიცხული, 39 წლის გიგზს 5 მარტს ძირითად შემადგენლობაში მაინც არ ველოდებით. თუმცა ფერგის არაერთხელ უთქვამს, რომ უელსელი, თავისი ასაკის გათვალისწინებით, ბრწყინვალე ფიზიკურ ფორმაშია.
"ახლა უკვე ასაკში ვარ და შესაბამისად, ფეხბურთსაც სხვანაირად ვთამაშობ. თუკი ადრე დრიბლინგზე მივდიოდი, ახლა მეტოქე გუნდის მცველების დაბნევას პასებით ვცდილობ, თუმცა ხანდახან დრიბლინგზეც თამამად მივდივარ, - აცხადებს რაიანი და "რეალთან" თამაშზე ოცნებობს, - ეს სწორედ ისეთი მატჩია, როგორებიც კარიერის დასრულების შემდეგ ყველაზე მეტად მომენატრება."
გაგახსენებთ, რომ წინა კვირაში გიგზმა "იუნაიტედთან" ახალი კონტრაქტი გააფორმა.
კრიშტიანოს დაბრუნება ოლდ ტრეფორდზე
წარმოიდგინეთ, რა მოჰყვება "ოლდ ტრეფორდზე" გიგზის გვარის გამოცხადებას და სხვათა შორის, ტაშს კრიშტიანო რონალდოც ელის. პორტუგალიელი 5 მარტს გამოვა ამ არენაზე მას მერე, რაც "იუნაიტედიდან" "რეალში" გადავიდა და შეგახსენებთ, რომ ეს სარეკორდო ტრანსფერი 2009 წელს განხორციელდა.
მანჩესტერელ ფანებს არ დავიწყებიათ რონის დამსახურებები "იუნაიტედის" წინაშე და კრიშტიანო, რომელმაც პირველ მატჩში ყოფილ გუნდს თავით მშვენიერი გოლი გაუტანა, ამიტომაც ამბობს, დარწმუნებული ვარ, რომ "ოლდ ტრეფორდის" პუბლიკა პოზიტიურად მიმიღებსო.
"თუ გოლს მანჩესტერშიც გავიტან, ეს შესანიშნავი სენსაცია იქნება, მაგრამ არ ვიცი, რას მოვიმოქმედებ. ამაზე არ ვფიქრობ. ალბათ, რაღაც სპონტანურს გავაკეთებ. ყოველ შემთხვევაში, მინდა, რომ ეს გოლი გავიტანო," - განაცხადა რონალდომ 4 მარტს გამართულ პრესკონფერენციაზე.
2003-დან 2009 წლამდე კრიშტიანომ "იუნაიტედის" ფორმით 292 მატჩში 118 გოლი გაიტანა.
"ეს ჩემი კარიერის მართლაც ულამაზესი პერიოდი იყო", - აღნიშნა რონიმ კვირას, მანჩესტერის საერთაშორისო აეროპორტში და კითხვაზე, როგორ აპირებს "მანჩესტერ იუნაიტედის" წინააღმდეგ თამაშს, ჟურნალისტებს თვალის ჩაკვრით ასეთი პასუხი გასცა: "ორი გეგმა მაქვს. პირველს "მაჩეტე" ეწოდება, მეორეს - ტყვიამფრქვევი".
შინჯი კაგავა: ფერგის საიდუმლო იარაღი
"იუნაიტედის" ფანები დღესაც შემოსძახებენ ლეგენდარული როკ-ჯგუფის, "ქუინის" ცნობილ Radio Ga Ga-ს მანკუნიანური ინტერპრეტაციით, რომლის გმირი "მანჩესტერის" იაპონელი ფეხბურთელი შინჯი კაგავაა.
"ოლ აი ნიდ იზ შინჯი კაგავა" - მღეროდნენ "იუნაიტედის" ქომაგები შაბათს, "ნორვიჩთან" მატჩის მიწურულს, რომელშიც კაგავამ სამი გოლი გაიტანა და პირველი აზიელი მოთამაშე გახდა, რომელმაც პრემიერლიგაში ჰეთ თრიკი შეასრულა.
ფაქტია, რომ ხშირი ტრავმიანობის შემდეგ იაპონელი საუკეთესო ფორმას უახლოვდება და "რეალთან" დუელში ფერგიუსონის ერთ-ერთი უმთავრესი იარაღია.
"ვიცი, რომ მთელი იაპონია ამ მატჩს უყურებს და "მანჩესტერს" უქომაგებს. "რეალთან" დუელს მეც მოუთმენლად ველოდები", - განაცხადა კაგავამ კვირას.
"დარწმუნებული ვარ, რომ კაგავა გაისად უფრო მაგარი იქნება", - ეს კი თავად ფერგიუსონის სიტყვებია, რომელიც "რეალთან" ტრავმირებულ ჯონსს ვერ გამოიყენებს.
ჟოზეს იოზილის იმედი აქვს
"რეალმა" წინა კვირაში ორი "ელ კლასიკო" გადაიტანა და ორივე მოიგო. მადრიდელებმა მოსისხლე მტერი ჯერ "ნოუ კამპზე" დაამარცხეს (3:1 სამეფო თასზე), მერე კი ესპანეთის ჩემპიონატშიც (2:1).
თანაც, ამ შეხვედრაში ჟოზე მოურინიომ რამდენიმე წამყვანი მოთამაშე დაასვენა - სასტარტოში არც რონალდო ჰყავდა და არც მესუთ იოზილი!
ამ უკანასკნელს "რეალში" ზედიზედ მესამე სეზონში ყველაზე მეტი საგოლე პასი აქვს (11) და ცხადია, რომ ჟოზეს 5 მარტს, რონალდოსთან ერთად, ყველაზე მეტად სწორედ იოზილის ეიმედება.
იოზილი ამბობს, ვინც ბარსელონაში მოიგებს, მანჩესტერშიც უნდა მოიგოსო.
ჰო, თუ სტატისტიკას არ ვენდობით...
ჩემპიონთა ლიგა. 1/8 ფინალი. საპასუხო მატჩი
მანჩესტერ იუნაიტედი-რეალი 23:45
პირველი მატჩი: 1:1
სავარაუდო შემადგენლობები
მანჩესტერ იუნაიტედი (4-2-3-1): დე ხეა - რაფაელ და სილვა, რ. ფერდინანდი, ვიდიჩი, ევრა - ქერიკი, ანდერსონი - ვალენსია, რუნი, კაგავა - ვან პერსი.
რეალი (4-2-3-1): დიეგო ლოპესი - არბელოა, სერხიო რამოსი, ვარანი, ფაბიო კოენტრაო - ხედირა, ჩაბი ალონსო - დი მარია, იოზილი, კ. რონალდო - იგუაინი.
არბიტრი: ჩიუნეით ჩაქირი (თურქეთი)
ურთიერთშეხვედრები
13.02.2013
რეალი-მანჩესტერ იუნაიტედი 1:1
გოლები: 0:1 უელბეკი (20), 1:1 კ. რონალდო (30)
23.04.2003
მანჩესტერ იუნაიტედი-რეალი 4:3
გოლები: 0:1 რონალდო (12), 1:1 ვან ნისტელროი (43), 1:2 რონალდო (51), 2:2 ივან ელგერა (53-საკ. კარში), 2:3 რონალდო (59), 3:3 ბექჰემი (71), 4:3 ბექჰემი (84)
08.04.2003
რეალი-მანჩესტერ იუნაიტედი 3:1
გოლები: 1:0 ფიგუ (11), 2:0 რაული (28), 3:0 რაული (49), 3:1 ვან ნისტელროი (51)
19.04.2000
მანჩესტერ იუნაიტედი-რეალი 2:3
გოლები: 0:1 როი კინი (20-საკ. კარში), 0:2 რაული (50), 0:3 რაული (53), 1:3 ბექჰემი (64), 2:3 სქოულზი (88-პენ)
04.04.2000
რეალი-მანჩესტერ იუნაიტედი 0:0
15.05.1968
რეალი-მანჩესტერ იუნაიტედი 3:3
გოლები: 1:0 პირი (31), 2:0 ხენტო (41), 2:1 კიდი (43), 3:1 ამანსიო (44), 3:2 კიდი (72), 3:3 ფულკესი (77)
24.04.1968
მანჩესტერ იუნაიტედი-რეალი 1:0
გოლი: 1:0 ბესტი (37)
1956/1957
მანჩესტერ იუნაიტედი-რეალი 2:2
1956/57
რეალი-მანჩესტერ იუნაიტედი 3:1