იტალიის სერია A-ს 27-ე ტური "რომასა” და "ჯენოას” შორის გამართული მატჩით დაიხურა. შეხვედრა რომაელთა გამარჯვებით, ანგარიშით 3:1 დასრულდა. ანგარიში მე-16 წუთზე ფრანჩესკო ტოტიმ თერთმეტმეტრიანი დარტყმით გახსნა. სხვათა შორის, ეს გახლავთ სერია A-ში ტოტის რიგით 225-ე გატანილი გოლი. ამრიგად, მან გუნარ ნორდალის მაჩვენებელი გაიმეორა. ცნობისთვის, იტალიის ჩემპიონატში გატანილი გოლების რაოდენობით რეკორდი სილვიო პიოლას ეკუთვნის – 274. რაც შეეხება წუხანდელ შეხვედრას, 42-ე წუთზე გენუელთა თავდამსხმელმა მარკო ბორიელომ პენალტით ანგარიში გაათანაბრა. 58-ე წუთზე ალესიო რომანიოლიმ რომაელები კვლავ წინ გაიყვანა, 89-ე წუთზე კი სიმონე პეროტამ მასპინძელთა უპირატესობა განამტკიცა და მატჩის საბოლოო წერტილიც დასვა – 3:1. აღსანიშნავია ისიც, რომ მთავარმა მსაჯმა 76-ე წუთზე "ჯენოას” ნახევარმცველ იურაი კუცკას მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა და მოედნიდან გააძევა.
"რომამ” აქტივში 43 ქულა მოაგროვა და სატურნირო ცხრილის მეშვიდე პოზიციაზე გადაინაცვლა. რაც შეეხება "ჯენოას”, გუნდს 26 ქულით მე-17 ადგილი აქვს დაკავებული.
"რომა”-”ჯენოა” 3:1
გოლები: ტოტი 16′ (პ), რომანიოლი 58′, პეროტა 89′ – ბორიელო 42′ (პ).
გაფრთხილებები: ბურდისო 42′, ლამელა 51′, ტოტი 78′, ბრედლი 87′ – კუცკა 18′, ვარგასი 45+2′, პიზანო 61′.
გაძევება: კუცკა 78′.
მთავარი მსაჯი: ანდრეა ჯერვასონი.