"პარი სენ ჟერმენის” ნახევარმცველის დევიდ ბექჰემის აზრით, ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში, სტუმრად "მილანთან” დამარცხების (0:2) მიუხედავად, "ბარსელონას” "ჩამოწერა” ნაადრევია.
"დადის ხმები, რომ "ბარსელონას” ჰეგემონია სრულდება, მაგრამ "მილანთან” წაგების მიუხედავად, მსგავსი დასკვნების გაკეთება ნაადრევია. საპასუხო მატჩში, "ბარსელონა” სახლში ითამაშებს და არცთუ მნიშვნელოვანია, რამდენი ბურთი უნდა გაქვითოს – ორი თუ სამი. მე ვიცი, თუ რას ნიშნავს "ბარსელონას” წინააღმდეგ თამაში, როდესაც მას გოლი აქვს გასატანი. ეს რთულია” – იუწყება ბექჰემის სიტყვებს ინტერნეტგამოცემა goal.com-ი.
პსჟ-ს ინგლისელმა ლეგიონერმა აღნიშნა, რომ პირველ მატჩში "ვალენსიას” სტუმრად დამარცხების მიუხედავად, შინ იოლი გასეირნება არ ელით.
"პირველი მატჩის შემდეგ, ჩვენთვის ხელსაყრელი სიტუაციაა. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ საპასუხო თამაშში იოლი გასეირნება გველის. თუ კარგად ვითამაშებთ, ყველაფერი წესრიგში იქნება. სასიამოვნოა იმ გრანდების რიცხვში ყოფნა, რომლებიც ჩემპიონთა ლიგაში გამოსვლას აგრძელებენ”.
ბექჰემი, მისი ორი ყოფილი გუნდის, "მანჩესტერ იუნაიტედისა” და მადრიდის "რეალის” დაპირისპირებასაც შეეხო:
"ეს იქნება დიდი მოვლენა კრიშტიანუსთვის, რომელიც მანჩესტერში დაბრუნდება. "იუნაიტედს” მის გულში განსაკუთრებული ადგილი უკავია. გულშემატკივრებს ის უყვართ. დარწმუნებული ვარ, რომ მას დაბრუნება გაახარებს და ეს მხოლოდ ძალებს შემატებს. "მანჩესტერ იუნაიტედმა” "სანტიაგო ბერნაბეუზე” კარგად ითამაშა. ნებისმიერ შემთხვევაში, ორი სუპერგუნდის საუცხოო მატჩში იქნება, რომლის შედეგის გამოცნობა ძალიან ძნელია”.