infoBets: Free Betting Daily Tips, Bet Advice, Soccer Predictions, Dropping Odds, Statistics Table, Football Live Centre, Fastest Livescore, Live TV, Soccer highlights...
content top
Main » 2013 » March » 1 » ბარსელონა - ჩავარდნა თუ ეპოქის დასასრული

ბარსელონა - ჩავარდნა თუ ეპოქის დასასრული

ბარსელონაფეხბურთის მოყვარულებს ყველა საკითხზე საკუთარი მოსაზრება გააჩნიათ - ზოგი მცდარი, ზოგიც მართებული, თუმცა მოსაზრება სუბიექტური ცნებაა და თუ ვინმესთვის მცდარია, შესაძლოა სხვისთვის მართებული იყოს. 

ფეხბურთის გულშემატკივარი მოწოდებით მწვრთნელია, ტაქტიკოსია, ფსიქოლოგია... მასზე უკეთ ფეხბურთში ვერავინ ერკვევა და მხოლოდ მან იცის, როგორ უშველოს გაჭირვებაში ჩავარდნილ საყვარელ გუნდს...

მეც ერთ-ერთი ასეთი ქომაგი ვარ; უბრალოდ, გამიმართლა და ფეხბურთზე საუბარსა თუ საკუთარი მოსაზრების გამოთქმაში ფულს მიხდიან. 

ამ რუბრიკაში პერიოდულად სხვადასხვა საკითხზე ვისაუბრებ. ჩემს მოსაზრებებს ზოგიერთი თქვენგანი დაეთანხმება, ზოგი კი - არა. ფეხბურთის ერთ-ერთი ხიბლიც ეს არის - არ არსებობს საკითხი, რომელზეც ყველა თანხმდება და მატჩის შემდეგ კარგ და ობიექტურ კამათს თვითონ საფეხბურთო შეხვედრაზე დიდი სიამოვნების მოტანაც შეუძლია...

რუბრიკის პირველ თემად ავირჩიე საკითხი, რომელიც ჩემთვის (როგორც "ბარსელონას" გულშემატკივრისთვის) ყველაზე აქტუალურია: "ბარსელონას" ბოლო პერიოდის ჩავარდნა, გუნდი ხომ, ფაქტობრივად, უმწვრთნელოდ თამაშობს...

თებერვლის ჩავარდნა თუ ეპოქის დასასრული
ბევრისგან მომისმენია მოსაზრება, რომ "ბარსელონას" ისეთი ფეხბურთელები ჰყავს, რომ მას მწვრთნელი არც სჭირდება; ან "მე რომ "ბარსას" მწვრთნელი ვიყო, გვარდიოლაზე ნაკლები შედეგი არ მექნებოდა". 

"მილანთან" და მადრიდის "რეალთან" ჩატარებულმა ბოლო ორმა შეხვედრამ აჩვენა, რომ საქმე მთლად ასეც არ არის და მწვრთნელს უდიდესი მნიშვნელობა აქვს, თუნდაც საქმე კატალონიურ კლუბს ეხებოდეს. 

ჟორდი როურა "ბარსელონაში" ტყუილად არ მოხვედრილა და ტიტო ვილანოვას ასისტენტიც უბრალოდ ისე არ გამხდარა, მაგრამ ის მთავარი მწვრთნელის როლზე არ გამოდგება. როურა სამი წლის განმავლობაში ხოსეპ გვარდიოლას სამწვრთნელო შტაბის წევრი იყო და ანალიტიკურ საქმიანობას ეწეოდა. ანუ ის ანალიტიკოსია, დამკვირვებელია, მაგრამ ჯერ არაა მწვრთნელი და შესაძლოა, ვერც ვერასდროს გახდეს... 

"ბარსელონა", "მილანთან" და "რეალთან" სათამაშოდ ერთნაირი 11-ეულით გამოვიდა. კარში: ვალდესი; დაცვაში: დანი ალვეში, პიკე, პუიოლი, ალბა; ნახევარცვაში: ჩავი, ბუსკეტსი, ფაბრეგასი; და შეტევაში: პედრო, მესი, ინიესტა. 

გუნდს ორივე მატჩში უჭირდა, მესის ბევრი არაფერი გამოსდიოდა, ერთადერთი ნათელი წერტილი ინიესტა იყო, რომელიც "რეალთან" შეხვედრაში ბოლოსკენ ჩაქრა. 

და რა შეცვალა როურამ? ორივე მატჩში ფაბრეგასის ნაცვლად შემოუშვა ფორვარდი ("მილანთან" სანჩესი, "რეალთან" ვილია); ინიესტა ფლანგიდან ცენტრში გადასწია, სადაც ანდრესი კიდევ უფრო ნაკლებად ეფექტური გახდა, "ბარსელონას" თამაში კი კიდევ უფრო უნიათო. 

ორივე შეხვედრაში კატალონიელები ბურთს აკონტროლებდნენ, მაგრამ მომენტებს ვერ ქმნიდნენ, რაც მათი ერთფეროვანი თამაშის ბრალი უნდა იყოს. სამწუხაროდ, "ბარსელონას" თამაშში არ მოჩანდა ალტერნატიული გზა, შეტევის განვითარების სხვა ვარიანტები. ფეხბურთელები შეტევას მუდმივად ცენტრიდან ცდილობდნენ, სადაც მეტოქის 6-7 მოთამაშე იყო განლაგებული. ამ დროს,შემტევმა გუნდმა ფლანგები უნდა დატვირთოს იმისთვის, რომ მეტოქის დაცვა "გაწელოს", მაგრამ "ბარსას" მოწინააღმდეგეებმა იციან, რომ კატალონიელების "არსენალში" ფლანგური ჩაწოდება ერთ-ერთი ყველაზე სუსტი იარაღია, რადგან გუნდს არა მარტო მაღალი ან თავით კარგად მოთამაშე თავდამსხმელი, ცენტრფორვარდი საერთოდ არ ჰყავს. 

მიუხედავად ამისა, ფლანგების დატვირთვა მაინც კარგი იდეაა, რადგან მოწინააღმდეგის განაპირა მცველები ცენტრში მაინც ვერ დარჩებიან, იძულების წესით ფლანგისკენ გადავლენ და დაცვის ცენტრალურ ზონაში მეტი სივრცე გაჩნდება. 

ასეთი დავალება საკუთარ ფეხბურთელებს მწვრთნელმა უნდა მისცეს, რადგან ფეხბურთელი, ტაქტიკურად როგორი განათლებულიც უნდა იყოს, ასეთ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს. 

ჟორდი როურამ კი გააკეთა ის, რაც იცის: გაიყვანა ნახევარმცველი და შემოუშვა ფორვარდი, გუნდის თამაშში კი რეალურად არაფერი შეცვლილა. საგულისხმოა ისიც, რომ ორივე შეხვედრაში ეს ცვლილებები დაახლოებით ერთ დროს (60-62-ე წუთზე) განხორციელდა, რაც პირადად მე მიტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ასეთი სახის შეცვლა მატჩამდე იყო დაგეგმილი და მოვლენების სხვანაირად განვითარების შემთხვევაშიც განხორციელდებოდა. 

"ბარსელონას" მოთამაშეები ისეთი ფეხბურთის თამაშს ცდილობდნენ, რაც იციან, რაც წლების განმავლობაში აქვთ ნასწავლი და რაც ყველაზე დიდ სიამოვნებას ანიჭებთ, მაგრამ ამ ორ შეხვედრაში სიამოვნების გარდა, "ბარსელონას" ფეხბურთელებმა და ქომაგებმა ყველანაირი ემოცია გამოსცადეს. 

კატალონიური გუნდის სათამაშო სტილს პატარა ბავშვიც იცნობს. საკმარისია, მეტოქეს ტაქტიკურად განსწავლული ფეხბურთელები და ჭკვიანი მწვრთნელი ჰყავდეს, რომ "ბარსას" პრობლემები ექმნება. მასიმილიანო ალეგრიმ და ჟოზე მოურინიომ "ბარსა" ძალიან მარტივი, უკვე არაერთგზის აპრობირებული ტაქტიკით დაამარცხეს, კატალონიურმა გუნდმა კი მათ გუნდებს სიახლე ვერ შესთავაზა. 

"მილანთან" უიმედოდ წაგების მიუხედავად, "ბარსას" გულშემატკივრები მაინც ოპტიმისტურად არიან განწყობილნი და მიაჩნიათ, რომ "ნოუ კამპზე" ყველაფერი სხვანაირად იქნება. 

ვნახოთ, შესაძლოა ასეც იყოს. მთავარია, რომ მწვრთნელის მნიშვნელობაზე "ბარსელონაშიც" დაფიქრდნენ და "მილანთან" საპასუხო მატჩის წინ გუნდში ტიტო ვილანოვას დაბრუნება სურთ. 

აქვე არ დავივიწყოთ ე.წ. თებერვლის ჩავარდნა, რომელიც გვარდიოლას "ბარსელონასაც" ახასიათებდა და როგორც ჩანს, ვილანოვას გუნდსაც არ ასცდა, რაც გასაკვირი სულაც არ არის, რადგან ასეთი სახის ჩავარდნა, როგორც წესი, სეზონის წინა მოსამზადებელი ეტაპით უნდა იყოს განპირობებული (ტიტოს მიერ გუნდის მომზადების სტილი პეპის სტილისგან დიდად განსხვავებული არ უნდა იყოს). 

თუ არ იცით, რაზეა საუბარი, მაშინ ბოლო წლებში "ბარსას" მიერ თებერვალში დაფიქსირებულ შედეგებს გადახედეთ...

ასეა თუ ისე, ვილანოვას დაბრუნება და "თებერვლის ჩავარდნა" არის ორი მთავარი მიზეზი, რის გამოც "ბარსელონას" ქომაგები ჯერ კიდევ ოპტიმისტურად არიან განწყობილნი. 

რა თქმა უნდა, ამ "ბარსელონას" ყველას დამარცხება შეუძლია, მაგრამ ამისთვის გაცილებით უკეთ თამაში და მთავარი მწვრთნელის სათადარიგო სკამზე ყოფნაა საჭირო. 

12 მარტი ძალიან მნიშვნელოვანი თარიღია. ამ დღეს მხოლოდ ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალის საგზური არ თამაშდება - ამ დღეს გაირკვევა, რასთან გვაქვს საქმე: დროებით ჩავარდნასთან თუ მთელი ეპოქის დასრულებასთან...

ჟორდი როურა ანალიტიკოსია, დამკვირვებელია, მაგრამ ჯერ არაა მწვრთნელი და შესაძლოა, ვერც ვერასდროს გახდეს...
Views: 915



Shadow


content top