infoBets - ესპანურ-გერმანული ნახევარფინალი - 11 April 2013
infoBets: Free Betting Daily Tips, Bet Advice, Soccer Predictions, Dropping Odds, Statistics Table, Football Live Centre, Fastest Livescore, Live TV, Soccer highlights...
content top
Main » 2013 » April » 11 » ესპანურ-გერმანული ნახევარფინალი

ესპანურ-გერმანული ნახევარფინალი

chempionta ligaჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალის ბოლო 2 ადგილი იმ გუნდებმა შეავსეს, რომლებიც პირველი მატჩების შემდეგ წყვილის ფავორიტებად ითვლებოდნენ. თუ "ბაიერნი” "იუვენტუსს” ტურინშიც იოლად გაუსწორდა, "ბარსამ” გულშემატკივრები გვარიანად ანერვიულა და კატალონიელები შემდეგ ეტაპზე სტუმრად გატანილი გოლის წესის წყალობით გავიდნენ.

პსჟ-სთან განმეორებით მატჩს "ბარსა” სერიოზული პრობლემებით შეხვდა. 2 ცენტრალური მცველის ტრავმის გამო, ვილანოვამ ადრიანოს ლაზარეთიდან საგანგებოდ უხმო და ბრაზილიელი უნივერსალის მკურნალობა დაჩქარდა. თუმცა, მთავარი საკადრო პრობლემა ეს არ იყო. კუნთის ტრავმის გამო, სათადარიგოთა სკამზე დარჩა ლიონელ მესი, მაგრამ არგენტინელი თამაშში მე-2 ტაიმში ჩაერთო და "ბარსა” შემდეგ ეტაპზე გასვლას სწორედ მას უნდა უმადლოდეს.

თამაში ორმხრივი შეტევებით დაიწყო. მეტოქის კარში უფრო ხშირად სტუმრები ურტყამდნენ, მაგრამ შორიდან და ნაკლებად სახიფათოდ. კატალონიელთა შეტევები კი სიმწვავით უფრო გამოირჩეოდა.

სიტუაცია ტაიმის მე-2 ნახევარში შეიცვალა. ანჩელოტის გუნდმა თამაშს ალღო აუღო და შესვენებამდე, უპირატესობასაც დაეუფლა. პარიზელებმა რამდნიმე ძალიან სახიფათო მომენტი შექმნეს, მაგრამ ვალდესი უშეცდომოდ თამაშობდა.

იყო მოლოდინი, რომ მესი თამაშში მე-2 ტაიმის პირველი წუთიდანვე ჩაერთვებოდა, მაგრამ ასე არ მოხდა.

თამაში დაბალ ტემპში განახლდა. კატალონიელები ბურთს ჩვეულად აკონტროლებდნენ და წინ დიდი ძალებით არ მიდიოდნენ. ამის მიზეზი ის იყო, რომ სტუმრად გატანილი გოლის წესის გამო, ვილანოვას გუნდს ნულოვანი ფრე აწყობდა. თუმცა, მე-2 ტაიმის დაწყებიდან 5 წუთში, ტაბლო პსჟ-სთვის სასარგებლო ანგარიშს აფიქსირებდა.

ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში, ზლატან იბრაჰიმოვიჩი, ძირითადად, საგოლე გადაცემების კეთებითაა დაკავებული. ასე მოხდა ამჯერადაც. სტუმართა კონტრშეტევის დროს, ზლატანმა პასტორეს ძალიან დროულად უპასა, ხოლო მეკარესთან პირისპირ გასულმა პასტორემ ვალდესს შანსი არ დაუტოვა. ეს, ზლატანისთვის, მე-7 საგოლე პასი გამოდგა. ჩემპიონთა ლიგაზე ასეთი შედეგი 2008-09 წლების სეზონის შემდეგ არავის ჰქონია. 4 წლის წინათ, ასეთი შედეგით თავს ჩავი იწონებდა. ცნობისთვის, პსჟ-სთან მატჩში, "ბარსას” მე-6 ნომერმა დაუჯერებელი შედეგი აჩვენა. მის მიერ გაკეთებული 96 გადაცემიდან ყველა ზუსტი გამოდგა.

პასტორეს გოლს მესის სათადარიგოთა სკამიდან წამოდგომა მოჰყვა. კატალონიელებს გატანა სჭირდებოდათ და დასახმარებლად უკეთესს ვის უხმობდნენ. არგენტინელი მოედანზე 62-ე წუთზე შევიდა და თამაშის სურათი მომენტალურად შეიცვალა. დროის მცირე მონაკვეთში, სირიგუს კართან სიტუაცია რამდენჯერმე გამწვავდა, მაგრამ უშედეგოდ.

მეტოქის შეტევების მოგერიების შემდეგ, რამდენიმე წუთით, უპირატესობას პსჟ დაეუფლა. პარიზელებმა ბურთის მასპინძელთა ნახევარზე გადატანა მოახერხეს, მაგრამ პირველი საპასუხო იერიშის დროს გოლი გაუშვეს. 71-ე წუთზე, მესიმ 2 ფეხბურთელი მოატყუა და საჯარიმოსკენ დაძრულ ვილიას უპასა, ასტურიელმა დარტყმა ვერ მოახერხა, მაგრამ საჯარიმოს წინა ხაზთან ახლოს მდგომი პედრო მოძებნა, ხოლო ამ უკანასკნელმა ბურთი სირიგუს კარში ერთი შეხებით დარტყმით მოათავსა. 1:1 უკვე "ბარსელონას” აწყობდა.

შეხვედრის დარჩენილმა ნაწილმა ისე ჩაიარა, როგორც მოსალოდნელი იყო. "ბარსელონა” თამაშის ტემპის დაგდებას და ბურთის გაკონტროლებას ცდილობდა, ხოლო "პარი სენ ჟერმენი” ვალდესის კარისკენ მიიწევდა. დასახულ ამოცანას თავი კატალონიელებმა უკეთ გაართვეს და ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში თამაშის უფლება ზედიზედ მეექვსედ მოიპოვეს, რაც ჩემპიონთა თასის/ლიგის ისტორიაში საუკეთესო შედეგია.

"ბარსელონა” უმთავრესი ევროპულ საკლუბო ტურნისის ნახევარფინალში 29-ედ ითამაშებს. ამ მაჩვენებლით, კატალონიელები პირველობას "რეალთან” იყოფენ. მესამე და მეოთხე ადგილებზე, 23 და 20 ნახევარფინალით, "ბაიერნი” და "იუვენტუსი” არიან. დღის მე-2 მატჩში ერთამანეთს ეს გუნდები დაუპირისპირდნენ.

1/4-ფინალური წყვილებიდან, ყველაზე დიდ ინტერსს სწორედ მიუნხენურ-ტურინული დაპირისპირება იწვევდა, მაგრამ ისე მოხდა, რომ გამარჯვებული ყველაზე იოლად ამ წყვილში გამოვლინდა. პირველი თამაშის 2:0 მოგების შემდეგ, "ბაიერნმა” მეტოქე მისსავე მოედანზეც იმავე ანგარიშით დაამარცხა. ამ შეხვედრებმა დაგვანახა, რომ "იუვენტუსს” ჩემპიონთა ლისი მოსაგებად ბრძოლა, ჯერჯერობით, არ ხელეწიფება.

პირველი ტაიმი თანაბარი გამოდგა. "ბაიერნს” შეტევაში დიდი ძალებით წასვლა არ სჭირდებოდა, ხოლო "იუვენტუსი” მეტოქისთვის სიახლის შეთავაზებას ვერ ახერხებდა.

შესვენების შემდეგ, უპირატესობა ხელთ სტუმრებმა იგდეს და თამაშის განხლებიდან დაახლოებით 20 წუთში გოლიც გაიტანეს. სანამ ანგარიში გაიხსნებოდა, გოლის გატანის კარგი შანსი ჰქონდა არიენ რობენს, მაგრამ ჰოლანდიელის დარტყმის შემდეგ ბურთი ძელს მოხვდა.

მიმდინარეობდა 64-ე წუთი, როდესაც სტუმართა შეტევის მარჯვენა ფლანგზე ჯარიმა დაინიშნა. შვაინშტაიგერის ჩაწოდების შემდეგ, ახლო მანძილიდან, ხავი მარტინესი ურტყამდა და მართალია, ბუფონმა რეაგირება მოასწრო, მაგრამ დამატებაზე მანჯუკიჩმა ითამაშა, რომელმაც თავით ზუსტად დაარტყა.

ამ გოლმა "იუვეს” ნახევარფინალზე ფიქრი შეაწყვეტინა. შემდეგ ეტაპზე გასასვლელად, ტურინელებს 4 გოლი სჭირდებოდათ და ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში არასდროს მომხდარა, რომ "ბებერ სინიორას”, მე 2 ტაიმში, მეტოქის კარი ამდენჯერ აეღოს. ანტონი კონტეს გუნდის განკარგულებაში მხოლოდ 25 წუთი იყო და ამას ისიც ემატებოდა, რომ "ბაიერნი” აშკარად მეტოქეზე უკეთ გამოიყურებოდა.

მანჯუკიჩის გოლის შემდეგ, "იუვენტუსის” მთავარი საზრუნავი საკუთარ კედლებში არწაგება იყო. ტურინელებმა არათუ ეს ვერ მოახერხეს, მე-2 გოლიც გაუშვეს. პირველ დამატებულ წუთზე, შვაინშტაიგერის გადაცემით დასარტყმელ პოზიციაზე გასულმა პისარომ მეოთხედფინალების ბოლო გოლი გაიტანა.

ჩემპიონთა თასის/ლიგის ისტორიაში პირველად დაფიქსირდა შემთხვევა, როცა ნახევარფინალში 2 გერმანული გუნდი გავიდა. "ბაიერნსა” და "დორტმუნდს” მეტოქეობას ესპანური ფეხბურთის გრანდები, "ბარსელონა” და "რეალი” გაუწევენ. 1/2-ფინალების წილისყრა 12 აპრილს გაიმართება.

 

ბარსელონა-პსჟ 1:1 (0:0) (პირველი მატჩი 2:2)

ბარსელონა, "კამპ ნოუ” 96022

ბარსელონა (4-3-3): ვალდესი, ალვესი, პიკე, ადრიანო (ბარტრა 62), ალბა, ბუსკეტსი, ჩავი, ინიესტა, პედრო, ფაბრეგასი (მესი 62), ვილია (სონგი 83).

მწვრთნელი: ტიტო ვილანოვა.

პსჟ (4-4-2): სირიგუ, ჟალე (ვან დერ ვილი 88), ალექსი, სილვა, მაქსველი, მოურა, ვერატი (ბექჰემი 83), მოტა, პასტორე, იბრაჰიმოვიჩი, ლავესი (გამეირო 81).

მწვრთნელი: კარლო ანჩელოტი.

გოლები: 0:1 პასტორე (50), 1:1 პედრო (71).

გაფრთხილებები: ადრიანო 42 – ლავესი 80, სილვა 86, ბექჰემი 90. 

მსაჯი: ბიორნ კუიპერსი (ჰოლანდია).

ბურთის ფლობა: 63%-37%, დარტყმა: 12 (2)-12 (7), კუთხური: 7-5, თამაშგარე: 2-5, სეივი: 6-1, ჯარიმა: 11-16.

 

იუვენტუსი-ბაიერნი 0:2 (0:0) (პირველი მატჩი 0:2)

ტურინი, "იუვენტუს არენა” 40823

იუვენტუსი (3-5-2): ბუფონი, ბარძალი, ბონუჩი, კიელინი, პადოინი (ისლა 69), პოგბა, პირლო, მარკიზიო (ჯაკერინი 79), ასამოა, კვალიარელა (მატრი 66), ვუჩინიჩი.

მწვრთნელი: ანტონიო კონტე.

ბაიერნი (4-2-3-1): ნოიერი, ლამი, ვან ბუიტენი (ბოატენგი 35), დანტე, ალაბა, მარტინესი, შვაინშტაიგერი, რობენი, მიულერი, რიბერი (გუსტავო 80), მანჯუკიჩი (პისარო 83).

მწვრთნელი: იუპ ჰაინკესი.

გოლები: 0:1 მანჯუკიჩი (64), 0:2 პისარო (90+1).

გაფრთხილებები: ბონუჩი 13 – მანჯუკიჩი 7.

მსაჯი: კარლოს ველასკო კარბალიო (ესპანეთი).

ბურთის ფლობა: 44%-56%, დარტყმა: 8 (4)-16 (8), კუთხური: 3-7, თამაშგარე: 5-2, სეივი: 5-5, ჯარიმა: 13-15.
Views: 560



Shadow


content top