infoBets: Free Betting Daily Tips, Bet Advice, Soccer Predictions, Dropping Odds, Statistics Table, Football Live Centre, Fastest Livescore, Live TV, Soccer highlights...
content top
Main » 2013 » February » 27 » მოურინიო ვერასდროს გახდება ფერგიუსონი, ანუ სუპერმწვრთნელი

მოურინიო ვერასდროს გახდება ფერგიუსონი, ანუ სუპერმწვრთნელი

მოურინიო, ფერგიუსონიჟოზე მოურინიო ამ პიესის პირველი აქტის მთავარ გმირად ვერ იქცა. შესაძლოა, მეორე აქტში რაღაც შეიცვალოს, თუმცა ჯილდო საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლისთვის უკვე გარანტირებული აქვს.

კადრი შესვენებაზე: მოურინიო სკამზე ზის, ზის დაუპატიჟებელი შორეული ნათესავივით, სახის ნახევარი ნაწილი განათებული აქვს, ნახევარს ჩრდილი ფარავს (როგორ უყვართ ფოტოგრაფებს სინათლისა და ჩრდილის ამგვარი თამაში…), თვალებში აღნუსხული გამარჯვებისკენ უსაზღვრო სწრაფვა მარტოობას ნიღბავს. გარშემო არავინაა. მთელი ტრანსლაციის განმავლობაში – შემთხვევით, თუ განზრახ – მოურინიო ჩანს ისე, თითქოს მართლაც მარტოა. დგას გვერდით ხაზთან, ზის სათადარიგო სკამზე, დადის, იგინება, აღშფოთებას გამოხატავს, მაგრამ ყველგან მარტოა. არ არის გამორიცხული, ეს ცბიერი ესპანელი რეჟისორის ჩანაფიქრი იყოს, რომელსაც იმაზე ხაზგასმა სურდეს, რომ ჟოზე განსაკუთრებულია, მაგრამ რა საჭიროა იმის დამტკიცება, რაც ისედაც ცხადია?! სჭირდება კი თვალს ზედმეტი ბრძანება იმისთვის, რომ ცეცხლზე, წყალზე, თუნდაც დეკოლტეზე გაჩერდეს?! მგონი, რომ არა, მის ყურადღებას ისედაც მიიქცევს… როგორც ჩანს, ტელეკამერას უყვარს მარტოხელა მოურინიოს ყურება.

აი, ალექს ფერგიუსონი კი მუდამ ხალხით არის გარემოცული – დამხმარეები, სათადარიგოები, ფონზე გულშემატკივრებიც კი ჩანდნენ. ის არ ცხოვრობს პრინციპით – "მივედი, ვნახე, გავიმარჯვე”, არამედ მუშაობს ღვაწლმოსილი მასწავლებელივით, რომელსაც მრავალი თაობა ჰყავს აღზრდილი, მათგან ყველაზე ერთგული მოსწავლე კი რაიან გიგზია, რომლის სიჭაბუკემაც სერ ალექსის თვალწინ გაირბინა… უელსელს უკვე თმაში ჭაღარა აქვს.

მოურინიომ 50 წელი მოილია, დროის ამ პერიოდში კი მოიგო იმდენი ტიტული, რამდენის მოგებაც ვერავინ ვერასდროს შეძლო. ამ ასაკში იოჰან კრუიფსა და ვალერი ლობანოვსკის 15-15 თასი ჰქონდათ, ოტმარ ჰიტცფელდს – 14, ფერგიუსონს კი – 13. ფეხბურთის პორტუგალიელი სპეციალისტის კოლექციაში 20 ტიტულია. რეალური საფრთხე მხოლოდ ერთი მხრიდან მოდის – 42-წლის ხოსეპ გვარდიოლას რვა წელი აქვს იმისთვის, რომ მინიმუმ შვიდი თასი მოიგოს, ანუ 14 უკვე აქვს. ზემოთ ჩამოთვლილი მწვრთნელებისგან განსხვავებით, მოურინიოს წარმოდგენა უფრო ადვილია 20 თასით, თეფშით, დოქითა თუ ქოთნით, ვიდრე 20 ადამიანით, მეგობრითა თუ ბავშვით გარშემორტყმული. თასებით, რა თქმა უნდა, ღვინოს მაინც შესვამ, მაგრამ ვერ დალევ თასებთან ერთად. ოცნების ასახდენად, ანუ სერ ალექსის ჩასანაცვლებლად, მოურინიოს შეცვლა მოუწევს: ერთხელ მან უკვე მოახერხა პროფესიის რადიკალურად შეცვლა, მაგრამ ერთ ცხოვრებაში სამი კარიერის გამოსაცვლელად მინიმუმ შვარცენეგერად ყოფნაა საჭირო, რომელიც, როგორც ცნობილია, ერთ-ერთ ფილმში ლითონისგან არის დამზადებული. მოურინიო თარჯიმნის პროფესიიდან მწვრთნელი გახდა, თუმცა საკითხავია, რამდენად გახდება ჟოზე მწვრთნელიდან ახალი ფერგიუსონი. იყო სუპერმწვრთნელი სხვაა, იყო ფერგიუსონი – სხვა.
Views: 1015



Shadow


content top