მადრიდის "რეალის” მთავარი მწვრთნელი, ჟოზე მაურინიო აცხადებს, რომ სჯობს, "ბარსელონამ” მსაჯებზე ბევრი აღარ ისაუბროს და ფეხბურთს მიხედოს.
შეგახსენებთ, რომ კატალონიელთა მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელს, ჟორდი როურას ხვალინდელ ელ კლასიკოზე დანიშნული მსაჯი, უნდიანო მალენკო არ მოსწონს, რადგან მიიჩნევს, რომ მან 2011 წლის ესპანეთის თასის ფინალში მადრიდელთა სასარგებლოდ ბევრი შეცდომა დაუშვა.
"ბარსელონასთან” ჩატარებული მატჩების შემდეგ, ბევრი რამ ვისწავლე. სჯობს, მეტოქემ მსაჯებზე ნაკლები ისაუბროს და ფეხბურთზე იფიქროს. მიმაჩნია, რომ კატალონიელებს ფეხბურთის თამაში შეუძლიათ”, – აცხადებს პორტუგალიელი სპეციალისტი.
ჟურნალისტებმა მაურინიოს ჰკითხეს, ითამაშებს თუ არა ძირითად შემადგენლობაში კაკა, რომელმაც გასულ ტურში მეტოქის კარი დალაშქრა. მადრიდელთა თავკაცმა კი თქვა, რომ ჯერ არ იცის, იქნება თუ არა ბრაზილიელი ძირითად შემადგენლობაში: "არ ვიცი. წესით, ასეთ დროს, ამას არ ვამბობ. ხვალ ყველაფერი გაირკვევა.”