infoBets: Free Betting Daily Tips, Bet Advice, Soccer Predictions, Dropping Odds, Statistics Table, Football Live Centre, Fastest Livescore, Live TV, Soccer highlights...
content top
Main » 2013 » February » 25 » ბორჯღალოსნები ამერიკას თანდათან უახლოვდებიან

ბორჯღალოსნები ამერიკას თანდათან უახლოვდებიან

რაგბი, ბორჯღალოსნები
გასულ შაბათ-კვირას ევროპის მოედნებზე გამართულმა ექვსი ერისა და ერთა თასის ექვსმა შეხვედრამ რაგბის საერთაშორისო საბჭოს ყოველკვირეულ რეიტინგზეც მოახდინა გავლენა.
 უწინარესად გეტყვით იმას, რომ "ბორჯღალოსნებს” სოჭში რუსეთის 23:9 ძლევამ 0,82 სარეიტინგო ქულა შემატა და ახლა მე-16 ადგილზე მყოფ აშშ-თან სხვაობა 1 ქულაზე ნაკლებია. ერთა თასის დასრულებამდე, თუკი საქართველოს ნაკრებმა ორივე დარჩენილი შეხვედრა მოიგო, ის ამერიკას უკან მოიტოვებს, მაგრამ უმთავრესი მაინც ნოემბერში გასამართი პირადი შეხვედრები იქნება. სწორედ იქ უნდა დადასტურდეს ის, რომ ამერიკაზე წინ ყოფნას ვიმსახურებთ. მანამდე ის ვთქვათ, რომ 9 მარტს თბილისში ესპანეთის ძლევის შემთხვევაში, ნამატი უმნიშვნელო იქნება (0,07 ქულა). თუ "ბორჯღალოსნები” 15 ქულაზე მეტი სხვაობით იმარჯვებენ, მაშინაც კი, მატება მხოლოდ 0,11 ქულას შეადგენს.
 თქმაც არ უნდა, რომ სხვა შედეგის შემთხვევაში დანაკარგი ბევრად მეტი იქნება. ფრის შემთხვევაში თითქმის 1 სარეიტინგო ქულა დაიკარგება, მცირე სხვაობით მარცხისას ეს მაჩვენებელი 1,93 იქნება, ხოლო 15 ქულაზე მეტი სხვაობით მარცხი დანაკარგს 2,89 ქულამდე გაზრდის. მარცხის მიუხედავად, რუსეთმა მოწინავე ოცეულში ადგილი შეინარჩუნა.
 ხიხონში 25:15 მოგებით რუმინეთმა ერთა თასის გუნდებიდან ყველაზე მეტი სარეიტინგო ქულა მიიღო - 1,15 - და მდევართან სხვაობის გაზრდის პარალელურად, საქართველოს მიუახლოვდა. რუმინელთა უკან კვლავაც ესპანეთია, რომელმაც პოზიცია რუსეთის მარცხის წყალობით შეინარჩუნა. ლისაბონში ბელგიის 18:12 გატეხვით, პორტუგალიამ 0,8 ქულა მიიღო და ამ კვირაში რეიტინგში ყველაზე დიდი ნახტომი გააკეთა. ის ორი ადგილით დაწინაურდა, ბელგია კი, ასევე ორი საფეხურით დაქვეითდა და ერთა თასის დებიუტანტი ამავე ტურნირის რეიტინგაუტსაიდერადაც იქცა.
 ახლა რაც შეეხება ექვს ერს. აქ ტურნირის სტარტზე ირლანდიასთან განცდილი მარცხის შედეგად დაკარგული მე-6 ადგილი დაიბრუნა უელსმა, რომელმაც ჯერ ფრანგებს სძლია სტუმრად, ახლა კი, რომში იტალია დასცა 26:9. თავის მხრივ, პირველ ტურში ფრანგებთან სენსაციურად მომგებმა იტალიელებმა აგერ უკვე მეორე თამაში დათმეს პრაქტიკულად უშანსოდ. არადა, პირველი ტაიმის შემდეგ, მასპინძლებზე, უშანსოდ არიანო, ვერავინ იტყოდა.
 ძლიერმა წვიმამ თამაშის ტექნიკურ მხარეს თავისი კვალი დაატყო – პრობლემები ორივე გუნდს შეუქმნა, მაგრამ უელსელებმა შესვენებამდე ორი ჯარიმის საპასუხოდ სამი გაიტანეს და 9:6 დაწინაურდნენ. მეორე ტაიმში "დრაკონებმა” ტემპს უმატეს და შედეგად ორი ლელო მიითვალეს, მათ შორის კი, გუნდებმა ჯარიმები გაცვალეს და უელსმა 26:9 მოიგო, რითაც ექვსი ერის მოგების შანსი შეინარჩუნა. ამასთან, უელსმა ამ გამარჯვებით 1,55 სარეიტნგო ქულა მიიღო და ისარგებლა რა ირლანდიის შოტლანდიასთან მარცხით, მე-6 საფეხურზე დაბრუნდა. ერთი ადგილით დაქვეითდა იტალია და ტონგას შემდეგ მე-12 საფეხურამზეა.
 ირლანდია ვახსენეთ და შოტლანდიაში 8:12 განცდილი მარცხი 1 სარეიტინგო ქულად და ერთ ადგილად დაუჯდა. შოტლანდიას წინსვლა არ ჰქონდა, მაგრამ მდევარს დაშორდა და ამავდროულად, არგენტინას და სამოას მიუახლოვდა. აღსანიშნავია, რომ 2001 წლიდან მოყოლებული, სქოთებმა ექვსი ერის ზედიზედ ორი თამაში პირველად მოიგეს (იტალიასთან და ახლა ირლანდიასთან) და თასის მოგების შანსიც შეინარჩუნეს.
 არადა, ყველაფერი ირლანდიისთვის საუკეთესოდ იწყებოდა - დიდ უპირატესობას ინარჩუნებდა ბურთის ფლობაში და მატჩის მსვლელობას აკონტროლებდა. ეს უპირატესობა მხოლოდ 35-ე წუთზე გატანილ ერთადერთ ჯარიმაში აისახა, მაგრამ მეორე ნახევრის დებიუტშივე ლელო რომ გავიდა და ანგარიში 8:0 გახდა, ბევრს საქმე უკვე მოთავებულად ეჩვენა. მაგრამ ასე არ ფიქრობდნენ მასპინძლები, რომლებმაც დასკვნით ნახევარ საათში მატჩის მსვლელობაში გარდატეხა შეიტანეს და კრეიგ ლეიდლოუს ოთხი ჯარიმით მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვეს.
 დაბოლოს, ინგლისმა საფრანგეთი არცთუ "სუფთად” - 23:13 დაამარცხა, რეიტინგს 0,36 ქულა შემატა, ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ლიდერად რჩება, საფრანგეთთან უპირატესობა გაზარდა, ავსტრალიას კი, კიდევ მიუახლოვდა. ამასთან, ინგლისი ერთადერთი გუნდია, რომელმაც წელს ექვს ერზე ჩატარებული სამივე შეხვედრა მოიგო და ტურნირის "გრანდ სლემით” (ყველა თამაშის მოგება) მოგების კანდიდატად რჩება, ხოლო საფრანგეთი "ხის კოვზის” (ყველა თამაშის წაგება) ასევე ერთადერთ კანდიდატად რჩება, რაც დიდი მოულოდნელობაა.
 მიუხედავად იმისა, რომ ფრანგები პირველ ტაიმში ჯარიმებით ორჯერ აგებდნენ, ისინი სათამაშო უპირატესობას ფლობდნენ და ლელო-გარდასახვითაც სამართლიანად დაწინაურდნენ. ინგლისელებმა ჩამორჩენა მინიმუმამდე ჯარიმითვე პირველ ტაიმში დაიყვანეს, მეორე ნახევრის დებიუტში კი, კიდევ ერთი ჯარიმა გაიტანეს და 12:10 დაწინაურდნენ. 54-ე წუთზე მანუ ტუილაგი არეულ თამაშში ყველაზე უკეთ გაერკვა და ლელო გაიტანა, მაგრამ სწორედ აქ იყო არცთუ "სუფთა” თამაში. საქმე ისაა, რომ ინგლისელმა ბურთს ფეხი რომ წაკრა, ის მის წინ მდგომ თანაგუნდელს მოხვდა და სწორედ ამის შემდეგ ითამაშა ტუილაგიმ. წესით, აქ ჯარიმა იყო, მაგრამ მსაჯებმა ეპიზოდი გაატარეს და ანგარიში 17:10 გახდა.
 ფრანგებმა ჯარიმით ჩამორჩენა შეამცირეს, მაგრამ მერე ოთხი უხეში შეცდომა დაუშვეს, ბურთი მეტოქეს ჩააბარეს და ლელოს კი გადარჩნენ, მაგრამ ორი ჯარიმა მიიღეს და 13:23 დამარცხდნენ. ექვსი ერის მეოთხე რაუნდში 9 მარტს ფრანგები ირლანდიაში ითამაშებენ, შოტლანდია უელსს დაუხვდება, ინგლისი კი, 10 მარტს იტალიას უმასპინძლებს და თასისკენ მორიგ ნაბიჯს გადადგამს.

რაგბის საერთაშორისო საბჭოს (IRB) მსოფლიო რეიტინგი 25 თებერვლისთვის
 1    (1). ახალი ზელანდია    90,08
 2    (2). სამხრეთ აფრიკა    86,94
 3    (3). ავსტრალია    86,87
 4    (4). ინგლისი    85,30
 5    (5). საფრანგეთი    81,20
 6    (7). უელსი    80,74
 7    (6). ირლანდია    79,28
 8    (8). სამოა    78,71
 9    (9). არგენტინა    78,71
 10    (10). შოტლანდია    78,19
 11    (12). ტონგა    76,10
 12    (11). იტალია    74,93
 13    (13). ფიჯი    71,52
 14    (14). კანადა    71,41
 15    (15). იაპონია    70,09
 16    (16). აშშ    68,32
17    (17). საქართველო    67,41
 18    (18). რუმინეთი    64,94
 19    (19). ესპანეთი    61,13
 20    (20). რუსეთი    60,92
 21    (23). პორტუგალია    59,38
 22    (22). ურუგვაი    59,37
 23    (21). ბელგია    58,82
 24    (24). ნამიბია    58,45
 25    (25). ჩილე    57,02
 26    (26). პოლონეთი    56,91
 27    (27). კორეა    56,72
 28    (28). ჰონკონგი    55,69
 29    (29). გერმანია    54,52
 30    (30). უკრაინა        53,80
 31    (31). ზიმბაბვე        52,57
 32    (32). მაროკო        52,35
 33    (33). ბრაზილია    52,18
Views: 980



Shadow


content top