infoBets: Free Betting Daily Tips, Bet Advice, Soccer Predictions, Dropping Odds, Statistics Table, Football Live Centre, Fastest Livescore, Live TV, Soccer highlights...
content top
Main » 2013 » February » 24 » სიტიმ ჩელსი დაამარცხა

სიტიმ ჩელსი დაამარცხა

ინგლისის პრემიერლიგის 27-ე ტურის ცენტრალური შეხვედრა "ეტიჰადზე” შედგა, სადაც "მანჩესტერ სიტიმ” ლონდონის "ჩელსი” მიიღო. მატჩი მასპინძლებმა გაცილებით აქტიურად დაიწყეს და უმეტესად სწორედ ისინი უტევდნენ. პეტრ ჩეხს, ვიზავისგან განსხვავებით, საწყის წუთებში რამდენჯერმე მოუწია თამაშში ჩართვა. პირველი სახიფათო ეპიზოდი მე-15 წუთზე შეიქმნა, როცა მარჯვენა ფლანგიდან კუთხურის შესრულებას მატია ნასტასიჩის თავური მოჰყვა, თუმცა ბურთი პირდაპირ ჩეხის მიმართულებით წავიდა და მეკარემაც მოიგერია. 41-ე წუთზე ჯეკ როდუელმა დაარტყა შორი მანძილიდან, ჩეხმა ბურთი კუთხურზე მოიგერია, რომლის ჩაწოდების შემდეგაც ისევ "ქალაქელთა” მე-17 ნომერმა შეაწუხა თავური დარტყმით მეკარე, თუმც ჩეხმა კიპერმა ბურთი აიღო. მატჩის პირველი ნახევარი უგოლოდ მიიწურა.


მეორე ტაიმიც "ქალქელთა” უპირატესობით დაიწყო, თუმცა დაწინაურების შანსი ლონდონელებს მიეცათ. 51-ე წუთზე ბრანისლავ ივანოვიჩმა დემბა ბა მოძებნა, რომელმაც ფიზიკური ბრძოლა კოლო ტურეს მოუგო და ჯო ჰარტთან ერთი ერთზე გავიდა. მეკარემ სენეგალელი ფორვარდი საჯარიმო მოედანზე წააქცია, მთავარმა მსაჯმა პენალტის ნიშნულისკენ მიუთითა. თერთმეტმეტრიანის დარტყმა ფრენკ ლამპარდმა ითავა, თუმცა ჰარტმა კუთხე გამოიცნო და ბურთი მოიგერია. ასე გაუშვეს "პენსიონერებმა” დაწინაურების კარგი შანსი.

57-ე წუთზე "სიტის” მოთამაშეებს მიეცათ ანგარიშის გახსნის შესაძლებლობა. ჯეიმს მილნერის პასის შემდეგ სერხიო აგუერო მეკარესთან ერთი ერთზე გავიდა, არგენტინელმა ფეხბურთელმა ჩეხს ბურთი თავზე გადაუგდო, თუმცა კარსაც ასცდა. 63-ე წუთზე ანგარიში მაინც გაიხსნა: საჯარიმოში მყოფმა დავიდ სილვამ ბურთი უკან დახია იაია ტურეს მიმართულებით, კოტ დივუარელი ნახევარმცველი საჯარიმოში შევიდა, თანაც ხელი არავინ შეუშალა და აუღელვებლად, მეკარისგან მარცხენა დაბალ კუთხეში შეაგორა ბურთი - 1:0.

85-ე წუთზე მასპინძლებმა ანგარიშში სხვაობა გაზარდეს. საჯარიმოს მისადგომებთან მდგარი კარლოს ტევესი ბურთს მეკარისგან მარჯვენა მხარეს გზავნის, ჩეხი ვერ წვდება, ანგარიში 2:0 ხდება. ტევესს "ჩელსის” კარში გოლების გატანა ძალიან უყვარს, არგენტინელმა ფეხბურთელმა აგერ უკვე მეშვიდედ დაამწუხრა დასავლეთლონდონური კლუბის ქომაგები. საბოლოოდ, მატჩი "სიტის” გამარჯვებით, ანგარიშით 2:0 დასრულდა.

ამრიგად, პრემიერლიგის მოქმედმა ჩემპიონმა, რომელსაც სატურნირო ცხრილის მეორე ადგილი აქვს დაკავებული, 56 ქულა მოაგროვა. მესამე პოზიციაზე მყოფ "ჩელსის” კი 49 ქულა დარჩა.

"მანჩესტერ სიტი”-”ჩელსი” 2:0

"მანჩესტერ სიტი”: ჰარტი, ზაბალეტა, კლიში, კოლო ტურე, ნასტასიჩი, მილნერი, გარსია, როდუელი (ტევესი 54′), სილვა (ლესკოტი 90+2′), იაია ტურე, აგუერო (ნასრი 90+1′).
მთავარი მწვრთნელი: რობერტო მანჩინი.

"ჩელსი”: ჩეხი, ივანოვიჩი, კოული, ლუისი, კეჰილი, რამირესი, ლამპარდი (მოზესი 68′), მატა, მიკელი (ტორესი 81′), აზარი (ოსკარი 68′), ბა.
მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელი: რაფაელ ბენიტესი.

გოლები: იაია ტურე 63′, ტევესი 85′.
 52-ე წუთზე ლამპარდმა პენალტი ვერ გამოიყენა (მეკარე).
გაფრთხილებები: როდუელი 29′, კოლო ტურე 40′, ზაბალეტა 43′ – რამირესი 37′.
მთავარი მსაჯი: ანდრე მარინერი.
Views: 628



Shadow


content top