"ინტერის” ნახევარმცველი, ზდრავკო კუზმანოვიჩი აცხადებს, რომ მიმდინარე სეზონში, "მილანი” ვერცერთი ტიტულის მოგებას ვერ მოახერხებს.
შეგახსენებთ, "როსონერის” პრეზიდენტმა, სილვიო ბერლუსკონიმ თქვა, რომ "შავ-წითლებს” სკუდეტოს მოგება შუძლიათ.
"ვწუხვარ, მაგრამ ბერლუსკონი ცდება. მიმდინარე სეზონში, "მილანი” ვერცერთი ტიტულის მოგებას ვერ შეძლებს. რაც შეეხება "ინტერს”, შეგვიძლია, ევროპის ლიგა და იტალიის თასი მოვიგოთ. "როსონერიმ” "ბარსელონა” დაამარცხა, ჩვენ – "კლუჟი”, მაგრამ ჩემპიონთა ლიგა და ევროპის ლიგა ერთმანეთისგან განსხვავდება. "შავ-წითლებს” კატალონიელებთან რთული მატჩი ჰქონდათ, ვფიქრობ, ესპანეთში ყველაფერი სხვაგვარად იქნება”, – აცხადებს კუზმანოვიჩი Tuttosport-თან ინტერვიუში.
როგორც იცით, დღეს, "დელა მადონინა” გაიმართება, სერბმა ნახევარმცველმა კომენტარი ამ თემაზეც გააკეთა.
"მილანთან” არასოდეს მომიგია. გამიმართლა, რომ ალეშანდრე პატო "როსონერიში” აღარაა, ის ძალიან სწრაფია და "ფიორენტინას” წინააღმდეგ გოლი ყოველთვის გაჰქონდა (კუზმანოვიჩი "ფიორენტინას” ღირსებას იცავდა – ავტ.). დარწმუნებული ვარ, არ დავმარცხდებით. ჩვენი მიზანი, გამარჯვებაა. განსაკუთრებული მატჩი გველის. "დელა მადონინა” ტელევიზორიდან მინახავს და ყოველთვის მინდოდა, რომ იმ ატმოსფეროში მოვმხდარიყავი, როგორიც ამ თამაშის დროსაა”, – დაასრულა 25 წლის ფეხბურთელმა.