"მილანის" მთავარმა მწვრთნელმა ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის პირველ შეხვედრაში საკუთარი გუნდის გამარჯვება დააკომენტარა.
შეგახსენებთ, რომ "როსონერიმ" "ბარსელონა" "სან სიროზე" შოკში ჩააგდო, ორი უპასუხო გოლი გაუტანა.
"ბიჭებმა დაცვაში შესანიშნავად ითამაშეს, მოწინააღმდეგის ფეხბურთელებს ჩვენს საჯარიმოში შესვლის არანაირი შანსი არ მივეცით. ჩვენ ვიცოდით, რომ "ბარსელონა" დროის 65%-ს ბურთის კონტროლში გაატარებდა, თუმცა გოლის გატანის ხუთი თუ ექვსი ძალიან კარგი მომენტი გვქონდა, მაგრამ დამაგვირგვინებელ ფაზაში ვერ ვბრწყინავდით",-აცხადებს მასიმილიანო ალეგრი.
"ახლა მხოლოდ დერბიზე უნდა ვიფიქროთ, რადგან ეს კიდევ ერთი ტესტია, რომელიც ჩვენ უნდა გავიაროთ. "ბარსასთან" მეორე შეხვედრა ძალიან რთული იქნება, ჩვენ ერთი გოლის გატანა უნდა შევძლოთ. ამის გაკეთება გუშინდელ შეხვედრაშიც შეგვეძლო, თუმცა ეს შედეგიც მისაღებია".
"ესპანეთში იგივე "ბარსელონა" დაგვხვდება, რადგან ისინი ყოველთვის ერთფეროვნად თამაშობენ. ბურთთან ერთად სწორედ უნდა ვიმოქმედოთ. ძალიან ბევრი უნდა ვიმუშაოთ, რათა "ბარსელონამ" ჩვენი კარის მიმართულებით კიდევ ერთხელ ვერ შეძლოს კარგი დარტყმის განხორციელება. ფეხბურთელებმა ეს გამარჯვება დაიმსახურეს. ჩვენ რიკოშეტით გაგვიმართლა, თუმცა ფეხბურთში ასეთებიც ხდება".