"ლივერპულის” მეკარე პეპე რეინამ რადიო "მარკასთან” სხვადასხვა საინტერესო თემებზე ისაუბრა.
მერსისაიდული გუნდის კიპერი წინააღმდეგი არ არის, რომ "ტოტენჰემ ჰოთსპურის” მარცხენაფლანგელი გარეტ ბეილი მადრიდის "რეალში” გადაბარგდეს, მეტიც – რეინას სურს, რომ უელსელმა ფეხბურთელმა "სამეფო კლუბს” მიაშუროს.
"გამიხარდება, თუ "რეალი” ბეილს გაიფორმებს. ეს ბევრ პრობლემას მომიგვარებს”, – აღნიშნა ესპანელმა მეკარემ.
რეინამ უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე "რეალისა” და "მანჩესტერ იუნაიტედის” დაპირისპირებაზეც გააკეთა კომენტარი:
"მინდა, რომ წყვილში გამარჯვებული "რეალი” დარჩეს. ესპანური კლუბია, მის ღირსებას ჩემი ბევრი მეგობარი იცავს.
ლუის სუარესს პრიმერადივიზიონში ვერ წარმოვიდგენ. ჩემი აზრით, ის "ლივერპულში” დარჩება. ლუისი დიდებული ფეხბურთელია. იგივეს თქმა შემიძლია ბეილზე და პრემიერლიგაში მოთამაშე კიდევ რამდენიმე ფეხბურთელზე”.
რეინამ "ბარსელონას” კიპერ ვიქტორ ვალდესზეც ისაუბრა:
"მე მას პატივს ვცემ. ის ჩემი თანაგუნდელი და მეგობარია. ვალდესი კლუბს აწეული თავით დატოვებს, რადგან მან "ბარსელონასთვის” ყველაფერი გაიღო. ჩემი "ბარსაში” გადაბარგების შესახებ საუბრები მხოლოდ ჭორებია. "ლივერპულთან” მოქმედი კონტრაქტი მაკავშირებს და აქ ბედნიერი ვარ”, – განაცხადა 30-წლის ესპანელმა მეკარემ.
რეინამ იკერ კასილასისა და ჟოზე მოურინიოს კონფლიქტზეც გააკეთა კომენტარი:
"არ ვიცი, რა ხდება "რეალში”. გადაწყვეტილების მიღება ჟოზე მოურინიოს ევალება, თანაც კასილასმა მხოლოდ ორი მატჩი გამოტოვა”, – დაასრულა რეინამ.