კვიპროსზე რუსეთის ფეხბურთის ნაციონალური ლიგის თასის მეორე გათამაშება მიმდინარეობს. ეს ორგანიზაცია რუსეთის პირველი ლიგის გათამაშებას ატარებს და ამ ტურნირშიც ხსენებული ლიგის 8 წარმომადგენელი მონაწილეობს. გუნდები ორ 4-გუნდიან ჯგუფად არიან დაყოფილნი. პირველადგილოსნები ფინალში შეხვდებიან ერთმანეთს, მეორეადგილოსნები III-IV, მესამედგილოსნები - V-VI, მეოთხეადგილოსნები კი VII-VIII ადგილებს გაითამაშებენ. ტურნირს მოსამზადებელი დატვირთვაც აქვს და მატჩების სიუხვეც ამითაა განპირობებული.
ჩვენთვის შეჯიბრი იმითაა საინტერესო, რომ იქ ქართველი ფეხბურთელებიც თამაშობენ. ყოფილი გორელების "სკა-ენერგია” "ა” ჯგუფში თამაშობდა და დღეს კალინინგრადის "ბალტიკას” ჯგუფის ბოლო მატჩში უგოლოდ დასცილდა. მანამდე ციმბირელები ნიჟნეკამსკის "ნეფტეხიმიკს” (2:2) და ტომსკის "ტომს” (0:0) დაუზავდნენ. კალინინგრადელებთან მატჩი თანაბარ ბრძოლაში წარიმართა და ლოგიკურად დამთავრდა. შედეგად, "ბრინჯაოს” შეხვედრის უფლება "ბალტიკამ” მოიპოვა, "სკა-ენერგია” კი მე-5 ადგილისთვის იბრძოლებს. გიორგი დარასელიამ პაფოსის "იეროსკიპუს” სტადიონზე შემდეგი ფეხბურთელები ათამაშა: სოლოსინი, სოლოვეი, სალუქვაძე, რომანოვიჩი, კრენდელიოვი, მურნინი, ტრუსევიჩი, ლუცენკო (ხოჯავა 36), სლავნოვი, ეროხინი (ვორონკინი 55), მარცვალაძე (კულოვი 65).
"ბალტიკის” შემადგენლობაში ირიცხებიან რუსეთის მოქალაქეები: 24 წლის მეკარე გიორგი შელია და 22 წლის ნახევარმცველი დავით ტყებუჩავა.
ამავე ჯგუფში "ნეფტეხიმიკმა” "ტომთან” 0:3 წაგო და მეოთხე ადგილს დასჯერდა. ნიჟნეკამსკელთა რიგებში ყოფილი რუბინელი საბა კვერკველია და ბათუმში დაბადებული რუსეთის მოქალაქე 19 წლის მერაბ ურიდია თამაშობენ. ურიდიაც "რუბინი 2”-ში ბურთაობდა და "ნეფტეხიმიკში” ჯერჯერობით გასინჯვაზეა.
"ბ” ჯგუფში ასპარეზობს ნალჩიკის "სპარტაკი.” მისი ბედი ხვალ გაირკვევა. მოგეხსენებათ, აქ დავით სირაძე თამაშობს, ამავე კლუბში ირიცხება 25 წლის გუჯა რუხაია, რომელიც ასევე რუსეთის მოქალაქეა და მანამადე სოჭის "ჟემჩუჟინაში” ასპარეზობდა. ნოვოსიბირსკის "სიბირის” თადარიგში კი 20 წლის შუახაზელი ირაკლი ლოგუა ასპარეზობს.