Main »
2013 » February » 15 » “სიონი” უხეშ ჩერნოგორიელებს დაუზავდა
“სიონი” უხეშ ჩერნოგორიელებს დაუზავდა
თურქულ ანთალიაში შეკრებაზე მყოფმა ბოლნისის "სიონმა” მეოთხე საკონტროლო მატჩი ჩერნოგორიულ "ედინსტვოსთან” გამართა და ფრედ 2:2 ითამაშა. გუნდის თავკაცის არმაზ ჯელაძის თქმით, მეტოქე ძალიან უხეშად თამაშობდა. საბედნიეროდ ჩვენი ფეხბურთელებიდან სერიოზულად არავინ დაშავებულა, თუმცა მიკროტრავმები ბევრს აწუხებს."სიონმა” ასეთი შემადგენლობით ითამაშა: ბობღიაშვილი, ფოფხაძე, ქემოკლიძე, საპირი, ელიავა, უგრეხელიძე, ჯოჯუა, ჰაიდუჩეკი, ლექვთაძე, მანწკავა, მიკუჩაძე. შეცვლაზე შევიდნენ: სვანიძე, ჩივაძე, ნემსაძე, ისიანი, ხურციძე, ფალავანდიშვილი. ბოლნისელებმა ანგარიში 22-ე წუთზე გახსნეს. მიკუჩაძემ ჩინებული სლალომი განახორციელა, დაინახა წინ გამოსული მეკარე და დაახლოებით 35 მეტრიდან თავზე გადაუგდო ბურთი, რითიც დამსწრეთა აღფრთოვანება გამოიწვია. 5 წუთში მარცხენა ფრთაზე ელიავამ იყოჩაღა, ბურთი უგრეხელიძეს მიუგორა და ამ უკანასკნელმა მეორე შეაგდო. ამის შემდეგ ჩერნოგორიელებმა უხეშობას უმატეს. ამას მსაჯის არაობიექტურობაც დაემატა, რომელმაც აშკარა თამაშგარედან გაატანინა ბალკანელებს. მალე მათ მეორე გოლიც შეაგდეს და შეხვედრა ფრედ დამთავრდა. შეგახსენებთ, რომ მანამადე "სიონმა” უგოლო ფრედ ითამაშა ყაზახურ "ირტიშთან” და მოსკოვის "ტორპედოსთან”, სერბულ ბელგრადის "რადს” კი 2:1 მოუგო. ბოლო შეხვედრას ბოლნისელები 17 თებერვალს მინსკის "დინამოსთან” გამართავენ.