infoBets: Free Betting Daily Tips, Bet Advice, Soccer Predictions, Dropping Odds, Statistics Table, Football Live Centre, Fastest Livescore, Live TV, Soccer highlights...
content top
Main » 2013 » February » 13 » თამაში რომელსაც მსოფლიო ელოდება

თამაში რომელსაც მსოფლიო ელოდება

ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის პირველ თამაშებს შეგვიძლია ჟურნალი ვუწოდოთ, კინო კი დღეს იწყება. მადრიდსა და დონეცკში, 2 ისეთი დაპირისპირება გაიმართება, რომლებსაც გულშემატკივარი დიდი ხანია ელის. გუნდების სახელებისა და მათში მოთამაშე ფეხბურთელების გათვალისწინებით, რა თქმა უნდა, უფრო დიდ ინტერესს ესპანეთის დედაქალაქში გასამართი შეხვედა იწვევს.


რეალი-მანჩესტერი 

ალბათ, გადაჭარბება არ იქნება იმის თქმა, რომ 1/8-ფინალებიდან, ყველაზე მეტად გამორჩეული ეს წყვილია. ამის მიზეზი არაერთია. იმის გარდა, რომ ერთმანეთს ევროპული ფეხბურთის გრანდები უპირისპირდებიან, მადრიდულ-მანჩესტერულ შეხვედრას თან არაერთი ინტრიგა ახლავს. ერთ-ერთი მათგანია კრიშტიანუ რონალდუს "ოლდ ტრაფორდზე” დაბრუნება. გარდა ამისა, აღსანიშნავია ალექს ფერგიუსონისა და ჟოზე მოურინიოს დაპირისპირება. "მანჩესტერის” შოტლანდიელი დამრიგებლისთვის "რეალი” განსაკუთრებული გუნდია, რადგან "სამეფო კლუბი” მის პირველ ევროპულ წარმატებასთან ასოცირდება. მოკლედ რომ ვთქვათ, არაერთი მიზეზი არსებობს იმისათვის, რომ დღეს, 23 საათსა და 45 წუთზე, ყველა საქმე გადავდოთ და ევროპული ფეხბურთის ტიტანების დაპირისპირებისგან სიამოვნება მივიღოთ.


გუნდები ერთმანეთს განსხვავებული განწყობით ხვდებიან. მართალია, "რეალმა” ლა ლიგის ბოლოს თამაში იოლად მოიგო და მე-2 ადგილზე მყოფ "ატლეტიკოსთან” ჩამორჩენა შეამცირა, მაგრამ მადრიდელები ლიდერ "ბარსელონას” კვლავ ძალზე დიდი სხვაობით ჩამორჩებიან. საპირისპირო სიტუაცია გვაქვს "მანჩესტერის” ბანაკში. "წითელმა ეშმაკებმა” პრემიერლიგის ბოლო 3 თამაში მოიგეს, ხოლო მდევარმა "მანჩესტერ სიტიმ” ბოლო სამ შეხვედრაში მხოლოდ 2 ქულა აიღო. შედეგად, ფერგიუსონის გუნდი წინ 12-ქულიანი უპირატესობით გაიჭრა.

"რეალის” სიტუაციას ისიც ართულებს, რომ მადრიდელები ვალდებულნი არიან, დღეს, რაც შეიძლება ხელსაყრელი ანგარიშით მოიგონ. საქმე ისაა, რომ "ოლდ ტრაფორდზე” გასამართი განმეორებითი თამაშის წინ, "სამეფო კლუბს” ზედიზედ 2 "ელ კლასიკო” უწევს. ერთის მხრივ, ეს მანჩესტერში ამაღლებული განწყობით გასამგზავრებლად კარგი შანსია, მაგრამ მეორეს მხრივ, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ინგლისში გასამართ დაპირისპირებას "რეალი” გადაღლილი შეხვდება.

გუნდების ურთიერთშეხვედრების ისტორია სათავეს 1957 წლიდან იღებს. ჩემპიონთა თასის 1/2-ფინალში, მადრიდში, "რეალმა” 3:1 მოიგო, ხოლო განმეორებითი შეხვედრა 2:2 დასრულდა და ფინალში ესპანელები გავიდნენ. 1968 წელს, ძლიერი უკვე "მანჩესტერი” აღმოჩნდა. იმავე ტურნირის იმავე ეტაპზე, "წითელმა ეშმაკებმა” შინ 1:0 მოიგეს და სტუმრად 3:3 ითამაშეს. 2000 წელს კვლავ "რეალის” ჯერი დადგა. მადრიდული შეხვედრის უგოლოდ დასრულების შემდეგ, "რეალი” "ოლდ ტრაფორდზე” 3:0 იგებდა და მართალია, მასპინძლებმა 2 ბურთი გაქვითეს, მაგრამ ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალის საგზური მაინც ესპანელებმა მოიპოვეს. 3 წლის შემდეგ, ისევ ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში, უკეთესი შედეგის დაფიქსირება კვლავ მადრიდელებმა მოახერხეს. "სანტიაგო ბერნებაუზე”, მასპინძლებმა 3:1 იმარჯვეს, ხოლო "ოლდ ტრაფორდზე” გამართულ შეხვედრაში, "მანჩესტერელთა” 4 გოლს ბრაზილიელმა რონალდომ ჰეთ თრიქით უპასუხა და 3:4 წაგების  მიუხედავად, "რეალი” შემდეგ ეტაპზე გავიდა.

"რეალისა” და "მანჩესტერის” ბოლო დაპირისპირებას თუ არ ჩავთვლით, როდესაც ეს გუნდები ერთმანეთს ხვდებიან, ჩემპიონთა თასს მათ შორის გამარჯვებული ეუფლება.

საკადრო პრობლემები ის საკითხია, რომელიც "რეალის” გულშემატკივრებს ყველაზე მეტად ადარდებთ. "სამეფო კლუბს” ხომ გუნდის ერთ-ერთი ლიდერი და მსოფლიოს საუკეთესო მეკარედ მრავალჯერ აღიარებული იკერ კასილიასი ვერ დაეხმარება. კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ახალგაზრდა რაფაელ ვარანის თამაში, მაგრამ მოურინიომ იგი განაცხადში მაინც შეიყვანა. თითქმის ორთვიანი უქმობის შემდეგ, გუნდს უბრუნდება პეპე, რომელიც დღევანდელ მატჩს, სავარაუდოდ, ძირითად შემადგენლობაში დაიწყებს. ტრავმის მორჩენის შემდეგ, ცუდ ფორმაშია მარსელო და დიდი ალბათობით, დაცვის მარცხენა ფლანგს ფაბიუ კოენტრაუ დაიკავებს. მცირე ტრავმა აწუხებს ჩაბი ალონსოს, მაგრამ მადრიდული პრესის ცნობით, იგი მაინც ითამაშებს, თუნდაც ტრავმით. დაახლოებით მსგავს სიტუაციაშია რონალდუც. ბოლო დროს, რამდენჯერმე გავრცელდა ინფორმაცია, რომ პორტუგალიელი ვარსკვლავი ტრავმით თამაშობს, მაგრამ ეს მის შედეგებს ნამდვილად არ ეტყობა.

"მანჩესტერის” ერთადერთი დანაკლისი დარენ ფლეტჩერია. 29 წლის ნახევარმცველს იმდენად სერიოზული ტრავმა აქვს, რომ ფერგიუსონმა მისი საჩემპიონთალიგო განაცხადიდან ამოღება გადაწყვიტა.

  • "რეალი” და "მანჩესტერი” ერთმანეთს 8-ჯერ შეხვედრიან. მცირე უპირატესობა ესპანელებს აქვთ – 3 მოგება და 2 მარცხი. მადრიდში ჩატარებული 4 თამაშიდან 2 მასპინძლებმა მოიგეს და 2 ფრედ დასრულდა;
  • გუნდებს შორის აქამდე ჩატარებულ 8 მატჩში 31 გოლი გავიდა, რაც თამაშში საშუალოდ 3.9 გოლს უდრის;
  • ჟოზე მოურინიო და სერ ალექს ფერგიუსონი ერთმანეთს 14-ჯერ დაუპირისპირდნენ. პორტუგალიელის უპირატესობა აშკარაა – 6 მოგება, 6 ფრე და 2 მარცხი;
  • ინგლისში მოღვაწეობის დროს, მოურინიო "მანჩესტერ იუნაიტედს” 10-ჯერ დაუპირისპირდა. პორტუგალიელის მიერ გაწვრთნილმა "ჩელსიმ” 5-ჯერ მოიგო, 4-ჯერ ფრედ ითამაშა და მხოლოდ ერთხელ წააგო;
  • ჩემპიონთა ლიგაზე 100-მატჩიანი ბარიერის გადალახვა სულ ოთხმა მწვრთნელმა მოახერხა. დღეს, ერთმანეთს 2 მათგანი დაუპირისპირდება. მოურინიოსა და ფერგიუსონის გარდა, ეს პატივი წილად კარლო ანჩელოტისა და არსენ ვენგერს ხვდათ;
  • ამჟამად "რეალში” ძალზე შედეგიანად მოთამაშე კრიშტიანუ რონალდუ, 2003-2009 წლებში, "მანჩესტერში” ასპარეზობდა. "წითელი ეშმაკების” მაისურით ჩატარებულ 292 თამაშში მან 118 გოლი გაიტანა;
  • ყველა ტურნირის გათვალისწინებით, "რეალს” საკუთარ კედლებში ბოლო 33 მატჩში არ წაუგია, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე, "სანტიაგო ბერნაბეუზე” გამართული ბოლო 9 თამაშიდან მადრიდელებმა 8 მოიგეს და 1 ფრედ დაასრულეს;
  • ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებული ბოლო 31 თამაშიდან "რეალმა” გოლის გატანა მხოლოდ ერთში ვერ მოახერხა, მაგრამ ეს სწორედ "სანტიაგო ბერნაბეუზე” გამართულ შეხვედრაში მოხდა;
  • ჩემპიონთა ლიგაზე, "სანტიაგო ბერნაბეუზე” გამართულ ბოლო 9 თამაშში "რეალმა” 33 გოლი გაიტანა;
  • ჯგუფურ ეტაპზე, "რეალის” ფეხბურთელებმა 7 გოლი საჯარიმოს გარედან დარტყმით გაიტანეს, რაც საუკეთესო მაჩვენებელია;
  • ჩემპიონთა ლიგაზე, "რეალმა” კარის მშრალად შენახვა ბოლო 9 თამაშში ვერ მოახერხა. "სანტიაგო ბერნაბეუზე”, მადრიდელებმა გოლი ბოლო 7 შეხვედრაში გაუშვეს;
  • ჯგუფურ ეტაპზე, "რეალმა” 9 გოლი გაუშვა, რაც გათამაშებას შემორჩენილ გუნდებს შორის ყველაზე ცუდი შედეგია;
  • ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ, ესპანეთის ჩემპიონატსა და თასზე გამართული 14 თამაშიდან "რეალმა” მხოლოდ 7 მოიგო;
  • "რეალი” ყველაზე მეტად საშიში 76-დან 90-ე წუთამდეა. მადრიდელთა მიერ მიმდინარე გათამაშებაში გატანილი 15 გოლიდან 7 დროის ამ მონაკვეთზე მოდის;
  • ბურაქ ილმაზთან ერთად, 6 გოლით, კრიშტიანუ რონალდუ ბომბარდირთა დავას ლიდერობს. ჩემპიონთა ლიგის ბოლო 13 თამაშში, პორტუგალიელმა 15 გოლი გაიტანა;
  • "ლივერპულში” თამაშის დროს, ჩაბი ალონსო "მანჩესტერს” 7-ჯერ დაუპირისპირდა და მან "წითელ ეშმაკებთან” მოგება მხოლოდ მე-7 ცდაზე მოახერხა. იმავე გუნდის მაისურით, ალვარო არბელოამ "მანჩესტერთან” გამართული სამივე დაპირისპირება წააგო;
  • "ტოტენჰემში” თამაშის დროს, ლუკა მოდრიჩმა მონაწილეობა "მანჩესტერის” წინააღმდეგ გამართულ 8 დაპირისპირებაში მიიღო და მისმა გუნდმა ვერცერთხელ მოიგო;
  • "ატლეტიკოში” თამაშის დროს, დე ხეამ "რეალთან” გამართული ხუთივე მადრიდული დერბი წააგო და 11 გოლი გაუშვა;
  • ყველა ტურნირზე, "მანჩესტერს” 15-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს;
  • ბოლო 9 გასვლითი თამაშიდან, "მანჩესტერმა” მხოლოდ 4 მოიგო;
  • ესპანეთში ჩატარებულ 20 თამაშში "მანჩესტერს” მხოლოდ 2 მოგება დაუგროვდა;
  • ჩემპიონთა ლიგის ბოლო 5 თამაშში, "მანჩესტერი” მეტოქეს პირველი გოლის გატანის საშუალებას აძლევდა;
  • მიმდინარე სეზონში ჩატარებული 36 თამაშიდან 18-ში "მანჩესტერმა” პირველი გოლი თავად გაუშვა, მაგრამ მხოლოდ 6 შეხვედრა წააგო. ამ 36 მატჩიდან, "წითელმა ეშმაკებმა” კარის მშრალად შენახვა მხოლოდ 9-ში მოახერხეს;
  • მიმდინარე სეზონში, "მანჩესტერის” ფეხბურთელებმა თერთმეტმეტრიანი 9-ჯერ დაარტყეს, მაგრამ მხოლოდ 4 მათგანი გამოიყენეს;
  • მიმდინარე გათამაშებაში, ბურთი ძელს ყველაზე მეტჯერ, 5-ჯერ "მანჩესტერის” ფეხბურთელებმა მოარტყეს;
  • თავისი პირველი ევროპული ტიტული ალექს ფერგიუსონმა 1983 წელს მოიგო, როდესაც თასების მფლობელთა თასის გათამაშების ფინალში, "აბერდინით” "რეალი” 2:1 დაამარცხა.

სავარაუდო შემადგენლობები

რეალი (4-2-3-1): ლოპესი, არბელოა, პეპე, რამოსი, კოენტრაუ, ხედირა, ალონსო, დი მარია, იოზილი, რონალდუ, ბენზემა.

მანჩესტერი (4-2-3-1): დე ხეა, რაფაელი, ფერდინანდი, ვიდიჩი, ევრა, კერიკი, კლევერლი, ვალენსია, რუნი, კაგავა, ვან პერსი.

მსაჯი: ფელიქს ბრიხი (გერმანია).

 

 

შახტარი-დორტმუნდი

შეიძლება ითქვას, რომ "შახტარსა” და "დორტმუნდს” არ გაუმართლათ, რადგან მათი დაპირისპირება "რეალი”-"მანჩესტერის” მატჩის პარალელურად გაიმართება. ბუნებრივია, გულშემატკივართა უმრავლესობის ყურადღება მადრიდული შეხვედრისკენ იქნება მიპყრობილი, არადა, უკრაინისა და გერმანიის მოქმედმა ჩემპიონებმა, ჯგუფურ ეტაპზე კარგი თამაშით დაამტკიცეს, რომ ინტერესს მათი თამაშიც იწვევს.

ჯგუფურ ეტაპზე "შახტარისა” და "დორტმუნდის” ასპარეზობა მართლაც დასაფასებელია. უკრაინელებმა ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებული ჯგუფში ჩატოვეს, ხოლო გერმანელებმა ესპანეთის, ინგლისისა და ჰოლანდიის ჩემპიონებს აჯობეს.

ის ფაქტი, რომ უკრაინის ჩემპიონატში ხანგრძლივი შესვენებაა გამოცხადებული, "შახტარის” სასიკეთოდ ნამდვილად არ მოქმედებს. უკვე 2 თვეა, დონეცკელებს ოფიციალურ მატჩში მონაწილეობა არ მიუღიათ და ბუნებრივია, ლუჩესკუს გუნდი ფორმიდან ამოვარდნილი იქნება. კარგი ისაა, რომ შიდა ასპარეზზე 12-ქულიანი ლიდერობის გამო, უკრაინელებს აქცენტის სრულად ჩემპიონთა ლიგაზე გაკეთება შეუძლიათ.

"დორტმუნდი” ჩემპიონთა ლიგის განახლებას ძალიან ცუდი განწყობით ხვდება. ბუნდესლიგის გასულ ტურში, იურგენ კლოპის გუნდი "ჰამბურგთან” საკუთარ კედლებში განადგურდა. ამას ისიც ემატება, რომ ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი ტიტულისთვის ვეღარ იბრძვის. დორტმუნდელთა საზრუნავი ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოხვედრაა და ვინაიდან, ეს საკითხი კლოპის გუნდმა თითქმის გადაჭრა, მეტოქის მსგავსად, ჩემპიონთა ლიგაზე სრულად კონცენტრირების უფლებას საკუთარ თავს გერმანელებიც მისცემენ.

აქამდე, გუნდები ერთმანეთს მხოლოდ 2-ჯერ შეხვედრიან. 2001 წელს, ჩემპიონთა ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე, "დორტმუნდმა” მეტოქე ორივე მატჩში დაამარცხა, სტუმრად 2:0 და შინ 3:1.

მასპინძლებს თამაში დისკვალიფიცირებული კუჩერის გარეშე მოუწევთ. დიდი დანაკლისია ბრაზილიელი ვილიანის გუნდიდან წასვლა. სამაგიეროდ, გუნდში მატებაცაა – ხარკოვის "მეტალისტიდან” დაახლოებით 15 მილიონად ნაყიდი ტაისონი ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელია, რომელიც ერთი უკრაინული გუნდიდან მეორეში გადასულა.

სტუმრები კევინ გროსკროიტცს მოისაკლისებენ. დორტმუნდელთათვის სასიხარულოდ, გამოჯანმრთელება მოასწრეს მარსელ შმელცერმა და ნევენ სუბოტიჩმა.

  • გუნდები ერთმანეთს სულ 2-ჯერ შეხვედრიან და ორივე მატჩი "დორტმუნდმა” მოიგო;
  • ბოლო 2 თვის განმავლობაში, "შახტარს” ოფიციალური თამაში არ ჩაუტარებია, მაგრამ დონეცკელებმა 12 ამხანაგური მატჩიდან 10 მოიგეს;
  • მთელი 2012 წლის განმავლობაში, "შახტარმა” ერთადერთი საშინაო თამაში წააგო. ეს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში, "იუვეტუსთან” გამართულ შეხვედრაში მოხდა;
  • ჩემპიონთა ლიგაზე, საკუთარ კედლებში ჩატარებული ბოლო 7 თამაშიდან "შახტარმა” მხოლოდ 2 მოიგო;
  • ჯგუფურ ეტაპზე, ლუიზ ადრიანომ ზუსტი დარტყმა მხოლოდ 3-ჯერ განახორციელა და სამივე შემთხვევაში გოლი გავიდა;
  • "დორტმუნდი” ერთ-ერთია იმ ოთხ გუნდთაგან, რომლებმაც ჯგუფური ეტაპი წაუგებლად განვლეს;
  • "დორტმუნდს” უკრაინულ გუნდებთან ჩატარებულ 6 თამაშში 5 მოგება და 1 ფრე დაუგროვდა;
  • ჩემპიონთა ლიგაზე, სტუმრად ჩატარებული ბოლო 6 თამაშიდან "დორტმუნდმა” მხოლოდ 1 მოიგო;
  • ყველა ტურნირზე, "დორტმუნდს” წაგება ზედიზედ 13 გასვლით მატჩში არ აქვს;
  • ჩემპიონთა ლიგის ბოლო 19 გასვლითი შეხვედრიდან დორტმუნდელებმა კარის მშრალად შენახვა მხოლოდ ერთხელ მოახერხეს;
  • მიმდინარე გათამაშებაში, "დორტმუნდის” ფეხბურთელები თამაშგარე მდგომარეობაში 7-ჯერ მოხვდნენ, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია;
  • რობერტ ლევანდოვსკიმ, გოლის გატანა "დორტმუნდის” ბოლო ექვს თამაშში მოახერხა;
  • მარკო როისმა გოლის გატანა მიმდინარე გათამაშებაში, სტუმრად ჩატარებულ სმაივე შეხვედრაში მოახერხა.

სავარაუდო შემადგენლობები

შახტარი (4-2-3-1): პიატოვი, სრნა, ჩიგრინსკი, რაკიცკი, რატი, ჰუბშმანი, ფერნანდინიო, ტეიშეირა, მხითარიანი, დუგლას კოსტა, ლუიზ ადრიანო.


დორტმუნდი (4-2-3-1): ვაიდენფელერი, პიშჩეკი, სუბოტიჩი, ჰუმელსი, შმელცერი, ბენდერი, გიუნდოგანი, კუბა, გიოტცე, როისი, ლევანდოვსკი.


მსაჯი: ჰოვარდ უები (ინგლისი).




Views: 1115



Shadow


content top