მიუხედავად იმისა, რომ ინგლისის ჩემპიონატში, "მანჩესტერ იუნაიტედი” თანაქალაქელ ”სიტის” ცხრა ქულით უსწრებს, იაია ტურე დარწმუნებულია, რომ მის გუნდს ტიტულის მოგების შანსი კვლავაც აქვს.
მოგეხსენებათ, ამ გუნდების ბოლო შეხვედრა "წითელი ეშმაკების” გამარჯვებით დასრულდა. თუმცა, "ბარსელონას” ყოფილ მოთამაშეს ჩემპიონატის მოგების იმედი აქვს.
"მართალია, "მანჩესტერ იუნაიტედი” ცხრა ქულით გვისრებს, მაგრამ ჩემპიონატის მოგება კვლავაც შეგვიძლია, ჯერ არაფერია დამთავრებული. ჩვენს კონკურენტს ძლიერი შემადგენლობა ჰყავს, მაგრამ მიმდინარე სეზონის დასრულებამდე ჯერ კიდევ დიდი დროა. ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ და ყველა შეხვედრაში გავიმარჯვოთ”, აცხადებს 29 წლის ნახევარმცველი.
პრესაში დაიწერა, თითქოს, იაია ტურეს შეძენა კატალონიურ "ბარსელონას” სურს, თუმცა მოთამაშე აცხადებს, რომ "მანჩესტერ სიტის” დატოვებას არ გეგმავს.
"ჩემი ყველა მეგობარი აქ მყავს. ჩვენ ძმებივით ვართ და ჩემპიონობისთვის ერთად ვიბრძვით, ამიტომ "მანჩესტერ სიტის” დატოვებას არ ვგეგმავ.”