infoBets: Free Betting Daily Tips, Bet Advice, Soccer Predictions, Dropping Odds, Statistics Table, Football Live Centre, Fastest Livescore, Live TV, Soccer highlights...
content top
Main » 2013 » February » 2 » 600 დაუვიწყარი მატჩი, ანუ ინგლისური ფეხბურთის უახლესი ისტორია

600 დაუვიწყარი მატჩი, ანუ ინგლისური ფეხბურთის უახლესი ისტორია

ფეხბურთელი, რომელიც ერთ გუნდში 20 წლის მანძილზე ასპარეზობს ცხადია პატივისცემის ღირსია, მაგრამ როცა ეს გუნდი უბრალო კოლექტივი კი არა, მსოფლიო ფეხბურთის გრანდია, შეუძლებელია ამ ადამიანით არ აღფრთოვანდე,  კიდევ ერთხელ მოგითხრობთ ადამიანზე, რომელმაც თანამედროვე ინგლისური ფეხბურთი დღევანდელობამდე მოიყვანა, პრემიერლიგაში უკვე 601 მატჩში ჩაატარა და გაჩერებას ჯერ კიდევ არ აპირებს, ადამიანზე, რომელიც უბრალო უელსელი ბიჭიდან თანამედროვე ფეხბურთის ყველაზე ტიტულოვან მოთამაშედ იქცა და რომელსაც, რაიან გიგზი ჰქვია.

"მთელი ის ხელფასი, რომელიც მანჩესტერში მუშაობისას ამიღია და კიდევ ავიღებ, თუნდაც მხოლოდ იმ ნაბიჯით შეიძლება გაამართლო, რომ გუნდში რაიან გიგზი მოვიწვიე”, – ეს მანჩესტერის ლეგენდარული მწვრთნელის, რაიანის აღმომჩენის და მასწავლებლის, სერ ალექს ფერგიუსონის სიტყვებია.

"ტოტენჰემთან” წინა კვირას გამართული მატჩი უელსელი ფეხბურთელისთვის პრემიერლიგაში ჩატარებული მე-600 შეხვედრა გამოდგა. ძნელი არ არის გამოთვალო, რომ მსგავსი მიღწევისთვის მინიმუმ 20 წლის მანძილზე სეზონში საშუალოდ 30 მატჩის ჩატარებაა საჭირო, შესაშური სტაბილურობაა არა? მითუმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ ამ 20 სეზონის წინ რაიანი 17 წლის გახლდათ, რა ასაკშიც პრემიერლიგური ტემპით სეზონში 10 მატჩის ჩატარებაც დიდი მიღწევაა, ეს ყველაფერი კიდევ უფრო საოცარი ხდება.


რაიან გიგზი
კიდევ უფრო განსაცვიფრებელია ის გზა, რომელიც გიგზმა მანჩესტერში მოხვედრიდან დღევანდელობამდე გაიარა. მას გამოუცდია როგორია იყო ტრიბუნების იმედი და არც ის დარჩენია უნახავი, როგორია "ოცნების თეატრიდან” გამაყრუებელი სტვენის მოსმენა. უელსელი ვარსკვლავი დღეს თავდაჭერილობის, დარბაისლობის, ფეხბურთის ინტელიგენტურობის ერთ-ერთი მთავარი სიმბოლოა, მაგრამ წარმოგიდგენიათ ის ხმაურიან წვეულებაზე რამდენიმე ლამაზმანთან ერთად, არყის ბოთლებით ხელში? არადა მის კარიერას რამდენიმე ასეთი შემთხვევაც ახსოვს, ამიტომაცაა, როცა გიგზზე საუბრობ, ბოლო 20 წლის ინგლისური ფეხბურთის ისტორიას მიჰყვები, რომელიც ლოთი, დისციპლინასთან მწყრალად მყოფი ფეხბურთელებით იწყება და დღევანდელობამდე, მსოფლიოს ყველაზე ძლიერ და პრესტიჟულ პირველობამდე მოდის.

მაგრამ გიგზი, ისევ როგორც ფერგიუსონის აკადემიის ცნობილი "1992 წლის გამოშვების” ყველა ფეხბურთელი ერთი რამით გახლდათ გამორჩეული, მან ვარსკვლავური დაავადება ყველაზე ადვილად გადაიტანა, სხვებზე ადრე გააცნობიერა ის პასუხისმგებლობა, რომელიც მას, როგორც იმ დროის "მანჩესტერის” ყველაზე იმედისმომცემ ფეხბურთელს ეკისრებოდა და პაბებში სიარულს თავდაუზოგავი ვარჯიში ამჯობინა. სწორედ მაშინ, ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდამ შეძლო რაიანმა უზადო ტექნიკისა და საფეხბურთო ოსტატობისთვის მეტოქის პატივისცემა და სხვა, ასე დასაფასებელი თვისებები შეერწყა, ამიტომაც იქცა იგი იმად,


რაიან გიგზი
რასაც დღეს წარმოადგენს. არადა ერთი შეხედვით ყველაფერი სხვანაირადაა. გიგზი არასდროს მიიჩნეოდა ოქროს ბურთის მთავარ პრეტენდენტად, უელსის ნაკრებს უდიდეს საფეხბურთო ფორუმებზე არასდროს უთამაშია, უფრო მეტიც, პრემიერლიგის საუკეთესო ფეხბურთელად იგი მხოლოდ 35 წლის ასაკში დაასახელეს, მაგრამ ზუსტად იმიტომ, რომ ყოველთვის ამჯობინებდა ერიკ კანტონას, დევიდ ბექჰემის, კრისტიანო რონალდოსა და სხვა ვარსკვლავების ჩრდილქვეშ დარჩენილიყო, ამ ფეხბურთელებზე მეტი ტიტულიც მოიგო, და მანჩესტერის თითოეული გულშემატკივრისთვის ნებისმიერ მათგანზე დასაფასებელ პერსონასაც წარმოადგენს. ეს ალბათ უფრო სხვადასხვა ორგანიზაციების ბრალია, რომლებიც ინდივიდუალური ჯილდოების გადაცემისას ფეხბურთელის ვარსკვლავურ თვისებებს უფრო აქცევენ ყურადღებას, ვიდრე მოედანზე მის მიერ ნაჩვენებ შედეგს, მაგრამ გიგზს ამის გამო პრეტენზია გულშიც კი არასდროს გაუვლია… ამიტომაც იყო, BBC-იმ უელსელს სპეციალური ფილმი რომ მიუძღვნა, სადაც მთელ მის კარიერაზე, პირად ცხოვრებასა და ზოგად ღირებულებებზე ისაუბრა. ასეთი პატივი, ინგლისში დღემდე სულ რამდენიმე ფეხბურთელს ერგო…



თუმცა მოდით ამ ფენომენის კარიერას სულ თავიდან გავყვეთ, მითუმეტეს, რომ როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ის დღემდე ცდილობს, თავისი ცხოვრებისეული დეტალების გამომზეურებისგან თავი შეიკავოს, გიგზი არც სხვა გუნდების მიმართ უკმეხი გამონათქვამებით და არც ვინმეს კრიტიკითაა ცნობილი, ის უბრალოდ ვარჯიშობს, თამაშობს და აგერ უკვე ორი ათწლეულია, დიდების მწვერვალზე დგას. ცხადია, ცხოვრების დეტალების კონსპირაციაში თავისივე მეგობარ პოლ სქოულზს ვერ შეედრება, მაგრამ ახლა ნებისმიერმა ბევრად მეტი იცის რა ხდება მასზე ლამის ორჯერ პატარა კრიშტიანო რონალდოს ირგვლივ, ვიდრე იმაზე, თუ როგორი ოჯახური ურთიერთობები აქვს გიგზს თავის მეუღლესთან.


გიგზი ყვითელი პრესისთვის სასურველი რესპოდენტი არასდროს ყოფილა
რაინ გიგზი 1973 წელს კარდიფში დაიბადა. სიმბოლურია, რომ სწორედ ამ წელს სერ ბობი ჩარლტონმა მანჩესტერის მაისურით ჩატარებული მატჩების მიხედვით იმ დროისთვის თითქოს მოუხსნელი რეკორდი დაამყარა, 758 შეხვედრა. მოვა დრო, და უელსელი ბიჭუნა ამ რეკორდს ძალიან დიდი სხვაობით დაამხობს…

ფეხბურთელის ბავშვობას ბედნიერს ნამდვილად ვერ დავარქმევთ. იმ პერიოდში უელსს ნამდვილად არ ულხინდა და გიგზის ოჯახიც საკმაოდ ხელმომჭირნედ ცხოვრობდა. მისი მამა საშუალო დონის მორაგბე გახლდათ და რაიანიც შეიძლება ითქვას, რაგბის მოედანზე გაიზარდა. თუმცა ყველაფერი სწორედ მამამისის მანჩესტერულ "სუინთონ ლაიონსში” გადასვლამ განაპირობა, რომელიც იმ დროისთვის საკმაოდ ძლიერ კლუბად ყალიბდებოდა. რაიანი ამ დროს 7 წლის გახლდათ. მეგობრებისგან შორს, ინგლისში გადასვლას მისი ცხოვრება წესით ძალიან მოსაწყენი უნდა გაეხადა, მითუმეტეს, რომ მანჩესტერში მას ჯერ კიდევ ძალიან ბევრი უსიამოვნება ელოდა.

თავდაპირველად, იყო საზოგადოებაში დამკვიდრების წარუმატებელი მცდელობა. ინგლისში უელსური აქცენტის მქონე ბიჭუნას ძალიან გაუჭირდა, ფაქტობრივად მას მეგობრები არ ჰყოლია. ამას დაემატა ისიც, რომ მამამისი შავკანიანი გახლდათ, რამაც გიგზს მაშინდელი ინგლისური რასიზმის მთელი სიმწარე საკუთარ თავზე აწვნევინა.


რაიან გიგზი
სწორედ ამ დროს გაიღვიძა რაიანში იმ ხასიათმა, რომელიც შემდგომში მთელი ცხოვრება ახლდა თან. გიგზი მიხვდა, რომ ყველაფრისთვის თავად უნდა მიეღწია და ვინმეს ან რაიმეს იმედად ყოფნა უაზრობა იყო. რაიანისთვის საზოგადოებაში თავის დამკვიდრების ერთადერთ საშუალებად ფეხბურთი იქცა. სპორტის ამ სახეობამ აგრძნობინა, რომ ის ვინც დასცინოდა, სკოლის სტადიონებზე მასთან ახლოსაც ვერ მოდიოდა, მიახვედრა იმისაც, რომ ვერავინ ურტყამდა ბურთს ისე, როგორც ის ამას მარცხენა ფეხით ახერხებდა და ნელ-ნელა თავდაჯერებულობა მოიპოვა. თითქმის მაშინვე მოვიდა პირველი საფეხბურთო სიყვარულიც, პირველი საფეხბურთო გუნდი, რომლის ფორმაც სარაგბო ოჯახში გაზრდილმა რაიანმა შეიძინა, მანჩესტერ იუნაიტედი გახლდათ.

თუმცა ბედის ირონიით, თავდაპირველად ის "მანჩესტერ სიტის” სკაუტებმა შეამჩნიეს. გიგზსაც ბევრი არ უფიქრია და შეთავაზებიდან ზუსტად ერთი კვირის შემდეგ "ქალაქელების” მთავარ მწვრთნელს… "იუნაიტედის” ფორმაში გამოწყობილი გამოეცხადა. წარმოიდგინეთ რამდენი მტრულად განწყობილი ადამიანია გაიჩინა მაშინ რაიანმა, მითუმეტეს, რომ პირველივე ვარჯიშზე უმეტესობა მათგანს თავბრუ დაახვია და მოედანზე ნამდვილი შოუ მოაწყო.


რაიან გიგზი
ასე დიდხანს ვერ გაგრძელდებოდა და სულ მალე ბედმა მას საყვარელი გუნდისკენაც გაუხსნა გზა. თუმცა ეს ძალიან უცნაურად მოხდა და მთავარი როლი რომელიმე მწვრთნელმა კი არა "ოლდ ტრაფორდზე” ბალახის ერთმა უბრალო მომვლელმა შეასრულა. მისი სახელია ჰაროლდ ვუდი, სწორედ მან შეამჩნია "მოსისხლე მტრის” მანჩესტერ სიტის ბანაკში მოთამაშე გამორჩეული ბიჭუნა, გამოელაპარაკა და ალექს ფერგიუსონთან შუამავლობას დაჰპირდა. ვუდმა სიტყვა შეასრულა, გიგზი მანჩესტერში მიიწვიეს და შოტლანდიელი სპეციალისტი ნანახით მოხიბლული დარჩა, რაიანი პირველივე ვარჯიშის შემდეგ აიყვანეს. სწორედ აქ იწყება ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული კარიერა მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში.

გიგზზე სულ მალე მანჩესტერში ყველა ალაპარაკდა. მისმა სისწრაფემ და ამ სისწრაფესთან შერწყმულმა ტექნიკამ ბევრი მოხიბლა. ჯერ კიდევ 16 წლის ასაკში ფერგიუსონი რეგულარულად იწვევდა მას ძირითად გუნდში და რაიანიც სასტარტო შემადგენლობასთან ერთად ვარჯიშობდა. ფერგი ამბობდა, მოვა დრო და ამ ბიჭისგან დიდი ფეხბურთელი დადგება, როგორც ყოველთვის, დიდი შოტლანდიელი არც ამჯერად ცდებოდა. ფერგიუსონი გიგზის მიმართ სიყვარულს არასდროს მალავდა და მეგობრებთან საუბარშიც კი მასზე, როგორც მომავალ ვარსკვლავზე საუბრობდა, თუმცა თავად რაიანს ძალიან მკაცრად ექცეოდა და როგორც ერთხელ გიგზმა აღნიშნა, ეს სიმკაცრე მხოლოდ მაშინ გაქრა, როცა უელსელმა თავისი 35-ე (!) დაბადების დღე აღნიშნა. "ჩვენ თითქმის უკვე კოლეგები ვართ”, – ხუმრობით უთხრა მაშინ ფერგიმ გიგზს და მას შემდეგ თურმე ვარჯიშებზეც კი ეს ორი ადამიანი ისე საუბრობს, როგორც 20 წლის ნაცნობებს შეეფერება…


რაიან გიგზი
ახალგაზრდა ვარსკლავის დებიუტი ინგლისის თასზე შედგა,  1991 წლის 2 მარტს, მან "ევერტონის” წინააღმდეგ. სულ რაღაც ორ თვეში კი, მანჩესტერის ძირითად შემადგენლობაში რაიან გიგზმა პირველი მატჩი ჩაატარა, სიმბოლურია, რომ ეს მანჩესტერ სიტის წინააღმდეგ შედგა, რომელსაც უელსელმა თავისი სადებიუტო გოლიც გაუტანა. ინგლისში "გიგზომანია” დაიწყო, მასზე ოცნებოდნენ გოგონები, ბაძავდნენ ბიჭები, გიგზი ყველა სატელევიზიო შოუს სასურველი სტუმარი გახდა და ალექს ფერგიუსონმაც გადაწყვიტა, მისთვის ის გაკვეთილი ჩაეტარებინა, რომელმაც ალბათ განაპირობა კიდეც უელსელის ესოდენ ხანგრძლივი და წარმატებული კარიერა. ერთ დღეს, სერ ალექსმა გიგზი საკუთარ სახლში მიიწვია და შედგა ხანგრძლივი საუბარი, რომლის შინაარსიც დღემდე ყველასთვის საიდუმლოდ რჩება, მაგრამ როგორც ამბობენ, სწორედ მაშინ ისწავლა რაიანმა, როგორ შეეხედა ცხოვრებისთვის არა ვარსკვლავის, არამედ ჩვეულებრივი ფეხბურთელის თვალით, მარტივად რომ ვთქვათ, როგორ ეთამაშა ფეხბურთი და შოუმენი არ გამხდარიყო.


ცნობილია, რომ რაიანი დღემდე რჩება ვარჯიშის შემდეგ და ინდივიდუალურად ემზადება...
ფერგიუსონის ეს ნაბიჯი გიგზისა და "მანჩესტერის” ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი, თუმცა სკანდალური და გართობის მოყვარული ფეხბურთელის, ლი შარპის დამეგობრებამ განაპირობა. მათ ერთად მოაწყვეს რამდენიმე ხმაურიანი წვეულება, რამაც სერ ალექსამდეც მიაღწია და შოტლანდიელმაც ქმედითი ნაბიჯების გადადგმა გადაწყვიტა. გიგზზე ამან იმოქმედა, მან ფასეულობები შეცვალა და იმ დღიდან ცხოვრების ახალ სტილზე გადავიდა, შარპი კი ისეთივედ დარჩა, როგორიც იყო… თუმცა პრესა საყვარელი რესპოდენტის დაკარგვას არ აპირებდა. ვინ იცის, როგორი იქნებოდა რაიანის კარიერა, ინგლისური ფეხბურთის ჰორიზონტზე მანჩესტერის მეორე ახალგაზრდა ვარსკვლავი, დევიდ ბექჰემი რომ არ გამოჩენილიყო, რომელმაც მაშინვე დაიმკვიდრა ადგილი ყვითელი ჟურნალების მთავარ გვერდებზე და ამით "იუნაიტედის” სხვა ფეხბურთელები დაჩრდილა, თუმცა ეს უკვე სხვა ისტორიაა.

მთავარი ისაა, რომ გიგზს სამყარო უკვე როგორც მხოლოდ პროფესიონალ ფეხბურთელს აღიქვამდა, რამაც მას პროგრესირების და საკუთარ თავზე მუშაობისთვის იდეალური პირობები შეუქმნა.


გიგზის საუკეთესო მეგობარი ლი შარპის მაგივრად პოლ სქოულზი გახდა
1993/94 წლების სეზონში მანჩესტერმა ინგლისის თასისა და პრემიერლიგის მოგებით თავისი პირველი საშინაო დუბლი შეასრულა, გიგზი კი თამაშიდან თამაშამდე უმატებდა და შიშის ზარს სცემდა მეტოქე გუნდის მცველებს. ბევრმა ის პლანეტის საუკეთესო სპრინტერად მონათლა. გრაციოზული მოძრაობა, უზადო ტექნიკა და მეტოქის კარისკენ სწრაფვა რაიან გიგზის სავიზიტო ბარათად იქცა. უელსელი შეუჩერებელი გახდა, სწორედ მასში დაინახა მსოფლიომ თანამედროვე ფლანგური ნახევარმცველი, რომელსაც გუნდისთვის ძალიან დიდი სარგებელი მოჰქონდა.

ბევრის აზრით, ფერგიუსონისეული მანჩესტერი ყველაზე ძლიერი 1998/99 წლების სეზონში გახლდათ, როცა გუნდმა წარმოუდგენელი ჰეთ-თრიკი შეასრულა, მოიგო, ინგლისის თასი, პრემიერლიგა და ჩემპიონთა ლიგა. საფეხბურთო ექსპერტები თვლიან, რომ სწორედ ეს წლები იყო გიგზის კარიერის ერთგვარი პიკიც, როცა მან ტექნიკისა და ფიზიკური მომზადების მაქსიმალური შერწყმის წყალობით რამდენიმე დაუვიწყარი გოლი გაიტანა. მათ შორის, ინგლისის თასზე, "არსენალის” წინააღმდეგ, რომელსაც ბევრი მანჩესტერის მიერ გატანილ ყველა დროის საუკეთესო გოლად მიიჩნევს, ზოგის აზრით კი ასეთი სილამაზის გოლი ინგლისის თასის ისტორიაში არ გასულა, თუმცა ნახეთ და თავად შეაფასეთ:
Views: 1334



Shadow


content top