infoBets: Free Betting Daily Tips, Bet Advice, Soccer Predictions, Dropping Odds, Statistics Table, Football Live Centre, Fastest Livescore, Live TV, Soccer highlights...
content top
Main » 2013 » April » 7 » დინამომ დილასთან სხვაობა გაზარდა

დინამომ დილასთან სხვაობა გაზარდა

dinamo dila
24-ე ეროვნული ჩემპიონატის 26-ე ტურის ბოლო შეხვედრა "დინამო არენაზე” გაიმართა. "დინამოსა” და "ჩიხურას” დაპირისპირება, სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე, უკვე პირნიცპულობისთვის იყო "განწირული” – მესამე ადგილისთვის ბრძოლაში საჩხერლების უშუალო კონკურენტმა, ქუთაისის "ტორპედომ” გორში მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა, რითიც მესამე ადგილზე გადაინაცვლა. შესაბამისად, "დილას” მარცხი იდეალური მოტივი უნდა გახდარიყო "დინამოსთვის”, რომ ცხრილში სხვაობა ისევ 4 ქულამდე გაეზარდა.

საბოლო ჯამში, დედაქალაქელების მონდმება გაცილებით დიდი აღმოჩნდა და უჰრინის გუნდმა სამმატჩიანი მოუგებელი სერიის შემდეგ, დამაჯერებელი 3 ქულა მოიპოვა.

სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ საჩხერლები აღნიშნულ შეხვედრას სერიოზული საკადრო პრობლემებით შეხვდნენ, ტრავმის გამო საკუთარ გუნდს ვერ ეხმარებოდნენ დიღმელაშვილი და კირკიტაძე, რეხვიაშვილსა და ოდიკაძეს კი "დინამოსთან” საიჯარო ხელშეკრულების მიხედვით, თამაშის უფლება არ ჰქონდათ.

"დინამოს” ჩეხმა მთავარმა მწვრთნელმა კვლავ მიმართა ტაქტიკურ გადაადგილებებს – გიორგი მერებაშვილი მისთვის "მშობლიურ” ათი ნომრის პოზიციაზე გადაიყვანა, ხოლო გრაიციარი გარემარბად იყო გამწესებული. ჩისკო ცენტრალურ თავდამსხმელად მოგვევლინა, სამაგიეროდ სათადარიგო ოსკამზე აღმოჩნდა ჯაბა დვალი ისევე, როგორც მიკელ ალვარო, რომელიც უკვე მეორე თამაშია ვერ ხვდება 11 კაცში. ძირითადში დაბრუნდა კარლეს კოტო, რომელიც უდავოდ ერთ-ერთი საუკეთესოც იყო. მატჩის წინა მოთელვაზე დაშავდა მილხრაუმი, როლის ადგილიც გლიშიჩმა დაიკავა.

საწყისი წუთებიდან ცხადი გახდა, რომ "დინამო” ამ თამაშში სხვა შედეგით, გარდა მოგებისა, არ დაკმაყოფილდებოდა. უჰრინის შეგირდებმა მთელი პირველი ტაიმის მანძილზე პირწმინდად დაჩაგრეს მეტოქე და გარდა გატანილი ორი გოლისა, კიდევ რამოდენიმე კარგი შანსიც გაუშვეს ხელიდან.

პირველი ხიფათი სომხიშვილის კარს მე-2 წუთზე დაემუქრა, მერებაშვილის სოლო რეიდის შემდეგ, დასარტყმელ პოზიციაზე კოტო აღმოჩნდა, თუმცა მისი დარტყმა კუთხურით დასრულდა. მომდევნო ხიფათი იმერელთა კართან მე-15 წუთზე შეიქმნა, გრაიციარი-მერებაშვილის გათამაშებულ კომბინაციას "დინამოს” ათი ნომრის აქტიურობა მოჰყვა, რის შემდეგაც სლოვაკი ურტყადა ახლო მანძილიდან, სომხიშვილმა გადაარჩინა თავისი გუნდი.

ხუთ წუთში, კოტომ და გრაიციარმა გაცვალეს სახიფათო ფლანგური ჩაწოდებები, მაგრამ ორივე შეთხვევაში საჯარიმოში ბურთს ვერცერთი დინამოელი ვერ შეეხო.

მალე კვლავ კოტომ გაიბრწყინა ფლანგზე, მისი ჩაწოდებულს ჩისკო გზავნიდა ახლო მანძილიდან კარში, მაგრამ სომხიშვილის სასწაულებრივმა სეივმა "დინამოს” პირველი გოლი დროებით გადადო.

28-ე წუთზე კი ანგარიში მაინც გაიხსნა – ძარია მოედნის ცენტრში შლის მეტოქის იერიშს, ბურთი ხმალაძესთან მიდის, რომელიც ფლანგზე კოტოს აწვდის პასს, ამ უკანასკნელის მორიგი ჩაწოდება და ჩისკო ამჯერად უზადოდ ახერხებს თავური დარტყმის შესრულებას – 1:0.

ანგარიშის გაზრდა გრაიციარს შეეძლო, მაგრამ მისი 30 მეტრიდან ბრწყინვალე დარტყმული კარის ხარიხას ხვდება.

34-ე წუთზე "დინამომ” კვლავ გაიტანა, მორიგი სტანდარტულის შემდეგ, საჯარიმოში ყველას ხმალაძემ აჯობა, რომელმაც ახლო მანძილიდან შეძლო მეტოქის კარის აღება – 2:0.

თავის გამოჩენა შეეძლო კვარაცხელიასაც, მაგარმ მისი თავური სომხიშვილის ნადავლი ხდება. ტაიმის ბოლო წუთზე "დინამოს” ორჯერ შეეძლო გატანა – ჯერ მერებაშვილის საჯარიმო დარტყმა მოიგერია სომხიშვილმა. კუთხურიდან კოტოს მოწოდებულს კი, საჯრიმოში საპირისპირო ფლანგიდან ჩისკო აბრუნებს, აქ ყველას უსტარიცი სჯობნის და თავით ურტყამს ახლო მანძილიდან, მაგრამ ისევ ხარიხა.

საბოლოოდ, ტაიმი ისე დასრულდა, რომ იმერლებს არათუ სახიფათო მომენტი არ შეუქმნიათ, არამედ კარის მიმართულებითაც არ დაურტყამთ.

მატჩის მეორე ნახევარი "დინამომ” შედარებით მშვიდად დაიწყო, რითიც საჩხერლებმა ისარგებლეს და გარკვეული პერიოდი მცირე უპირატესობასაც დაეუფლნენ. თუმცა ყველაზე სახიფათო, რაც ამ მონაკვეთში შექმნეს, ჩიკვაიძის შორეული დარტყმა იყო, რომელიც ლორიას კარის ხარიხამ აისხლიტა. მანამდე, გლიშიჩს შეცდომით, ჩხეტიანი აღმოჩნდა ხელსაყრელ პოზიციაზე, მაგრამ მისი დარტყმული სუსტი და არაზუსტი იყო.

საჩხერელთა ამ უპირტესობას საბოლოოდ ისევ "დინამოს” გოლი მოყვა – 61- ე წუთზე მერებაშვილის ლამაზი სოლო რეიდის შემდეგ, ჩისკოს არაფერი დარჩენოდა გარდა იმისა, რომ თავური დარტყმით დუბლი შეესრულებინა და ამ სეზონში 21-ე გოლი გაეტანა. ამ შედეგით კი იგი, დიდი ალბათობით, მიუწვდომელი გახდა ბომბრადირთა დავაში, სადაც მისი უშუალო კონკურენტი მისივე თანაგუნდელი ჯაბა დვალია. ასეთი ტემპებით ესპანელს ბრაზილიელი აკინოს რეკორდის დამხობა არ უნდა გაუჭირდეს, რომელსაც 26 გოლით აქვს ბომბარდირის ტიტული მოპოვებული.

ამ გოლმა საბოლოოდ დააწყნარა გუნდები, "დინამო” ისევ დაეუფლა ბურთს და უპირატესობას და მშვიდად მიიყვანა თამაში დასასრულამდე.

ამ მოგების შემდეგ, "დინამომ” 4 ქულით გაუსწრო უახლოეს მდევარს გორის "დილას” და საკუთარი საჩემპიონო ამბიციები კიდევ უფრო განიმტკიცა. ოთხშაბათს, 10 აპრილს დედაქალაქელებს სათასო დაპირისპირება ელით – შინ მეოთხედფინალის განმეორებით შეხვედრაში, ლანჩხუთის "გურიას” უმასპინძლებენ. 14 აპრილს კი ჩემპიონატის მორიგ ტურში ზესტაფონს ეწვევიან. თავის მხრივ, "ჩიხურას”, ერთი კვირის განმავლობაში, ორჯერ მოუწევს გორის "დილასთან” თამაში, ოთხშაბათს ამ გუნდების განმეორებითი სათასო დაპირისპირება გორში გაიმართება, კვირას კი ჩემპიონატის ეგიდით იმერლები იქნებიან მასპინძლები.

მატჩის შემდეგ

სოსო ფრუიძე (ჩიხურა): "რასაკვირველია, საკადრო პრობლემებმა თავისი დაღი დაასვა ჩვენ თამაშს, მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, როდესაც ფეხბურთელი უმაღლეს ლიგაში თამაშობს, გაცილებით მეტი სითამამე და თავმოყავრეობაა საჭირო. ილუზიას ნამდვილად არ ვიქმნი, მაგრამ უკეთაც იყო შესაძლებელი. "დინამოსთან” წაგებით ყურებს ნამდვილად არ ჩამოვყრით და კვლავ გავაგრძელებთ ბრძოლას ევროსაგზურისთვის. "დინამოს” კი წარმატებებს ვუსურვებ”.

დუშან უჰრინი (დინამო): "იქიდან გამომდინარე, რომ "დილას” თამაშის შედეგი ჩვენთვის ცნობილი იყო, ფსიქოლოგიურად ამან ცოტა გაართულა სიტუაცია. თუმცა კარგად დავიწყეთ და ბოლომდე სრულად ვაკონტროლებდით თამაშს. მხოლოდ მეორე ტაიმის 5–წუთიანი მონაკვეთით ვარ უკმაყოფილო, სხვა მხრივ შედეგიც და ჩემი გუნდის თამაში სრულად დამაკმაყოფილებელია. წინ "გურიასთან” სათასო დაპირისპირება გველის და ახლა ამ მატჩზე დავიწყებთ ფიქრს”.


 გიორგი მერებაშვილი (დინამო): "მატჩის წინ "დილას” შეხვედრის შედეგი ვიცოდით და ამან ფსიქოლოგიურად სხვანაირად განგვაწყო. თითოეულ ჩვენგანს გაცნობიერებული ჰქონდა, რომ ამ მატჩის მოსაგებად ყველაფერი უნდა გაგვეღო. მიხარია, რომ საბოლოოდ ყველაფერი გამოგვივიდა და დამაჯერებლი გამარჯვებაც მოვიპოვეთ, რითიც სატურნირო ცხრილში ლიდერობაც განვიმტკიცეთ. ამ გამარჯვებას განსაკუთრებული მნიშველობა ჰქონდა ფსიქოლოგიური თვალსაზრისითაც, სამმატჩიანი მოუგებელი სერიის შემდეგ, როგორც იქნა ნავსი გავტეხეთ. "დილასთან” ჩვენ გვაქვს კიდევ ერთი შეხვდრა დარჩენილი და ვფიქრობ, ის მატჩი გადაწყვეტს ბევრ რამეს. რაც შეეხება ჩემ საყვარელ პოზიციაზე თამაშს, არ ველოდი ასეთ გადაწყვეტილებას, რადგან ვარჯიშებზეც არ ყოფილა ამაზე საუბარი, თუმცა ნამდვილად გამეხარდა, ვფიქრობ, ჩემი წვლილიც შევიტანე ამ გამარჯვებაში. სამომავლოდ რა პოზიციაზე ვიასპარეზებ, ეს ისევ მწვრთნელის გადასაწყვეტია”.

 ლევან ხმალაძე (დინამო): "მთელი თამაში ჩვენი უპრატესობით წარიმართა და დამსახურებული გაარჯვებაც მოვიპოვეთ. ამ ყველაფერს ისიც დაემატა, რომ "დილამ” სამი ქულა დაკარგა, რითიც ჩვენი უპირატესობა უფრო გაიზარდა, რაც ორმაგად სასიხარულოა. დარწმუნებული ვარ, ასეც გავაგრძელებთ და ამ სხვაობას ბოლომდე შევინარჩუნებთ”.

ლაშა ჭელიძე (ჩიხურა): "დინამოსთან” თამაში ყოველთვის რთულია, ამას დაემატა ჩვენი საკადრო პრობლემებიც, რამაც ასეთი შედეგი გამოწვია”.

 გიორგი სომხიშვილი (ჩიხურა): "დინამო” საკმაოდ დაბალანსებული გუნდია, ამას დაემატა ისიც რომ 6 წამყვანი ფეხბურთელი გვაკლდა, დღეს ზოგ ფეხბურთელს პირველად მოუწია უმაღლესში თამაში. შესაბამისად, ასეთი სხვაობა მოსალოდნელი იყო, თუმცა ამისგან ტრაგედიას ნამდვილად არ ვქმნით. წინ კიდევ ბევრი თამაში გველის და არც არაფერია დაკარგული. ჩვენი მიზანი სამეულში მოხვედრაა და იმედი მაქვს საბოლოოდ მივაღწევთ კიდეც”.

საქართველოს XXIV ეროვნული ჩემპიონატი, უმაღლესი ლიგა, II ეტაპი, XXVI ტური

06.04.2013. დინამო არენა

დინამო (თბ) – ჩიხურა (საჩხერე) 3-0

 გოლები: 28, ჩისკო (1-0), 34, ხმალაძე (2-0), 61, ჩისკო (3-0)

დინამო (თბ): ლორია, უსტარიცი, კვარაცხელია, კოტო, მერებაშვილი, ხმალაძე, გლიშიჩი, გრაიციარი (87, პაპავა), ჩისკო (74, დვალი), სეთურიძე, ძარია (70, ალვარო)

სათადარიგოები: ზარქუა, შაშიაშვილი, ალვარო, პაპავა, ტატანაშვილი, მილხრაუმი

მთ. მწვრთნელი: დუშან უჰრინი

საჩხერე (ჩიხურა): სომხიშვილი, ბერიანიძე, ჭელიძე, ჩხეტიანი (61, დემეტრაშვილი), კვასხვაძე, ძამსაშვილი, ლომაშვილი (73 ქიმაძე), ჩიკვაიძე, გოცირიძე (73, ნადირაძე), კაშია, დეკანოიძე

სათადარიგოები: მწყერაშვილი, გუშარაშვილი, ქიმაძე, დემეტრაშვილი, ნადირაძე

მთ. მწვრთნელი: სოსო ფრუიძე

გაფრთხილება: კვასხვაძე, ჩიკვაიძე

მთავარი მსაჯი: ლაშა სილაგავა
Views: 998



Shadow


content top