infoBets: Free Betting Daily Tips, Bet Advice, Soccer Predictions, Dropping Odds, Statistics Table, Football Live Centre, Fastest Livescore, Live TV, Soccer highlights...
content top
Main » 2013 » March » 12 » ჩემპიონთა ლიგა: ბარსელონა-მილანი

ჩემპიონთა ლიგა: ბარსელონა-მილანი

ბარსელონა მილანი1/8-ფინალების კენჭისყრის შემდეგ, გუნდების სახელების გათვალისწინებით, ყველაზე დიდ ინტერესს "რეალი”-"მანჩესტერის”, "არსენალი”-"ბაიერნისა” და "მილანი”-"ბარსელონას” დაპირისპირებები იწვევდა. პირველი წყვილიდან გამარჯვებული გამოვლენილია, მეორედან – თითქმის და დარჩენილია "მილანისა” და "ბარსელონას” შეხვედრა, რომელიც დარჩენილი 4 თამაშიდან უდავოდ ყველაზე საინტერესოა.
  
ბარსელონა-მილანი (პირველი მატჩი 0:2)
 თავიდანვე წყვილის გამოკვეთილ ფავორიტად მიჩნეული "ბარსელონა” რთული ამოცანის წინაშეა. კატალონიელებს ორბურთიანი ჩამორჩენა აქვთ აღმოსაფხვრელი, რაც მეტოქის გათვალისწინებით, ძალიან რთული იქნება.
 არაერით საფეხბურთო მოღვაწის აზრით, "ბარსელონა” ბოლო წლების საუკეთესო გუნდია, თუმცა თანამედროვე "ბარსა” ერთ რამეში ნამდვილად მოიკოჭლებს – მან, ჯერჯერობით, ვერცერთხელ მოახერხა სერიოზული ჩამორჩენის აღმოფხვრა. 2000 წლის შემდეგ, როდესაც "ჩელსისთან” 1:3 წაგებას "ბარსამ” 5:1 მოგება მოაყოლა, კატალონიელებმა ევროტურნირების ფლეი ოფის შემობრუნება მხოლოდ 2-ჯერ მოახერხეს და ვერცერთ შემთხვევას ვერ ვუწოდებთ რთულს. 2002 წელს, "პანათინაიკოსთან” 0:1 წაგების შემდეგ, "ბარსამ” შინ 3:1 მოიგო, ხოლო 2011 წელს, "არსენალთან” 1:2 მარცხს, კატალონიელებმა ასევე 3:1 მოგება მოაყოლეს. წარუმატებლობა უფრო მეტი იყო. "რეალთან” 0:2, "ლივერპულთან” 1:2, "ინტერთან” 3:1 და "ჩელსისთან” 1:0 ის თამაშებია, რომლებში დაფიქსირებული შედეგების გამოსწორებაც "ბარსამ” ვერ მოახერხა. "მილანთან” 3 კვირის წინათ 0:2 წაგების შემდეგ, კატალონიელთა ერთ-ერთმა ლიდერმა, ჩავი ერნანდესმა განაცხადა კიდეც, რომ ამ თაობას თუ რამე აკლია, ეს ისტორიული შემობრუნებებია და ძნელია, მას არ დავეთანხმოთ.
 დღეს, "ბარსელონასი” ისე აღარ ეშინიათ, როგორც რამდენიმე თვის წინათ. განსაკუთრებით ეს ითქმის "მილანზე”, რომელმაც 3 კვირის წინათ დაამტკიცა, რომ კატალონიურ კლუბთან არა მხოლოდ ტოლსწორად თამაში, არამედ ამ გუნდის პირწმინდად დაჩაგვრაც შეუძლია. დღეს, "ბარსელონასგან” განსხვავებულ, ბევრად უფრო ძლიერ თამაშს ელიან, "მილანსაც” საკადრო პრობლემები კვლავ აქვს, მაგრამ ორრაუნდიანი დაპირისპირების ფავორიტად მაინც იტალიური გუნდი ითვლება.
 ბუნებრივია, ბევრი რამ იქნება დამოკიდებული ლიონელ მესიზე. მართალია, არგენტინელი რეკორდების დამყარებას განაგრძობს, მაგრამ ბოლო დროს, ის ძველებურად ვეღარ ბრწყინავს. მესის იტალიურ გუნდებთან თამაში ყოველთვის უჭირდა, ხოლო მილანში, ის მეტოქის საჯარიმოში ბურთს არც კი მიაკარეს.
 ბოლო დროს, კატალონიაში აქტიურად განიხილება "მილანისთვის” "ბარსელონას” ტაქტიკის შეცვლა. ადგილობრივი ჟურნალისტების ცნობით, "ბარსამ”, შესაძლოა, 3-4-3, ან სულაც 3-3-4 სქემით ითამაშოს. არ გამორიცხავენ ტრადიციულ 4-3-3 წყობასაც. მსჯელობის საგანია მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაც. "დეპორტივოსთან” გასამართ მატჩამდე, დავიდ ვილიას ძირითად 11 ფეხბურთელში მოხვედრას უწინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ ლა კორუნიელებთან თამაშის ჩაგდების შემდეგ, ასტურიელის პოზიციები შეირყა.
 კოშმარული 2 კვირის შემდეგ, როდესაც "ბარსამ” "რეალთან” 2-ჯერ და ერთხელაც "მილანთან” უშანსოდ წააგო, კატალონიელებმა ხასითი მცირედით გამოიკეთეს. "ბარსელონამ” "დეპორტივოს” 2:0 სძლია. იმ ფაქტში, რომ ჩემპიონატის ლიდერმა ბოლოადგილოსანს მოუგო, განსაკუთრებით აღსანიშნავი არაფერია, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ ის ფაქტი, რომ ბოლო 14 თამაშში, კატალონიელებმა კარის მშრალად შენახვა პირველად მოახერხეს.
 წარმატებით თამაშს განაგრძობს "მილანი”, რომელმაც "ჯენოას” 2:0 ძლევის შემდეგ, მე-2 ადგილზე მყოფ "ნაპოლისთან” სხვაობა ორ ქულამდე შეამცირა. მასიმილიანო ალეგრის გუნდს ნამდვილად აქვს იმის მიზეზი, რომ დღევანდელ მატჩს საკუთარ ძალებში დარწმუნებული შეხვდეს.
 ურთიერთშეხვედრებში მცირე უპირატესობა "ბარსელონას” აქვს. ჩატარებული 16 თამაშიდან 6 კატალონიელებმა მოიგეს, 5 – მილანელებმა და ამდენივე ფრედ დასრულდა. ბურთების შეფარდება – 22:21. ბარსელონაში ჩატარებული 6 თამაშიდან 3 მასპინძლებმა მოიგეს, 1 სტუმრებმა, ხოლო 2-ჯერ გუნდებმა გამარჯვებული ვერ გამოავლინეს.
 თუ მთავარ მწვრთნელს, ტიტო ვილანოვას არ ჩავთვლით, "ბარსას” სერიოზული დანაკლისი არ აქვს. კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ჩავის თამაში. მას ექიმებმა მწვანე შუქი კი აუნთეს, მაგრამ კატალონიელთა მე-6 ნომრის საკითხი ბოლომდე გადაწყეტილი არაა.
 კვლავ სერიოზული საკადრო პრობლემები აქვს "მილანს”, განსაკუთრებით შეტევაში. ბალოტელის ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის უფლება არ აქვს, ხოლო პაცინი ტრავმირებულია. ასევე ტრავმის გამო ვერ ითამაშებენ ბონერა, დე იონგი და ანტონინი. კითხვის ნიშნის ქვეშ დგას მოედანზე მექსესა და ბოატენგის ხილვა.
 • გუნდები ერთმანეთს მეჩვიდმეტედ შეხვდებიან. წინა 16 დაპირისპირებიდან "ბარსელონამ” 6 მოიგო, "მილანმა” – 5, ხოლო 5 თამაში ფრედ დასრულდა;
 • ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებული ბოლო 19 საშინაო თამაშიდან "ბარსელონამ” 15 მოიგო და 4 ფრედ დაასრულა;
 • "ბარსელონამ”, ევროტურნირების ფლეი ოფში, პირველი თამაში სტუმრად 24-ჯერ წააგო. კატალონიელები შემდეგ ეტაპზე 11-ჯერ გავიდნენ. ორბურთიანი ან უფრო დიდი ჩამორჩენის აღმოფხვრა კატალონიელებს 12-ჯერ დასჭირდათ და მათ წარმატებას 5-ჯერ მიაღწიეს;
 • ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში არასდროს მომხდარა, რომ ფლეი ოფის პირველი თამაშის 0:2 წაგების შემდეგ, გუნდი მომდევნო ეტაპზე გასულიყოს;
 • ლიონელ მესის გოლი ესპანეთის ჩემპიონატის ზედიზედ 17 თამაშში აქვს გატანილი, რაც აქამდე არსებულ რეკორდზე 7 მატჩით მეტია;
 • ჩემპიონთა ლიგის ბოლო 5 გათამაშებაში, "ბარსელონა” 1/2-ფინალში გასვლას ახერხებდა. უკანასკნელად, როდესაც კატალონიელებმა ფლეი ოფის ბოლოს ეტაპამდე ვერ მიაღწიეს, ისინი გათამაშებას 1/8-ფინალში გამოეთიშნენ;
 • ჩემპიონთა ლიგაზე, "ბარსელონამ” გოლის გატანა ზედიზედ 2 თამაშში ვერ მოახერხა, რაც 2008 წლის აპრილის შემდეგ პირველად მოხდა;
 • ჩემპიონთა ლიგის ფლეი ოფში, "კამპ ნოუზე” გამართულ ბოლო 6 თამაშში, "ბარსელონა” გოლს ყოველთვის უშვებდა;
 • მიმდინარე გათამაშებაში, "ბარსელონამ” 5910 გადაცემა გააკეთა, ხოლო "მილანმა” – 2196;
 • "ბარსელონას” ბურთის ფლობის საშუალო მაჩვენებელი 70 პროცენტია. კატალონიელთა პასების 85% ზუსტია. ორივე ამ მაჩვენებლით, ესპანელები ლიდერები არიან;
 • მიმდინარე გათამაშებაში, კატალონიელებმა თამაშის წესები 58-ჯერ დაარღვიეს, რაც 1/8-ფინალისტთა შორის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია;
 • გუნდებს შორის გამართულ პირველ შეხვედრაში, ლიონელ მესი "მილანის” საჯარიმოში ბურთს მხოლოდ ერთხელ შეეხო. მან კარში დატყმა ერთხელაც ვერ მოახერხა;
 • "ბარსელონას” "მილანისთვის” მხოლოდ ერთხელ მოუგია იმ ანგარიშით, რომელსაც კატალონიელები 1/4-ფინალში გაჰყავს. ეს შორეულ 1959 წელს მოხდა;
 • ჩემპიონთა ლიგაზე, მესის, რუდ ვან ნისტელროის მსგავსად, 56 გოლი აქვს გატანილი. არგენტინელი და ჰოლანდიელი მეორე-მესამე ადგილებს იყოფენ;
 • მიუხედავად იმისა, რომ ჩავი ერნანდესმა ჯგუფური ეტაპის ერთი თამაში გამოტოვა, მას მიმდინარე გათამაშებაში მაინც ყველაზე მეტი პასი აქვს გაკეთებული. კატალონიელმა ნახევარმცველმა 757 გადაცემა გააკეთა, რაც მე-2 ადგილზე მყოფ ფეხბურთელის მაჩვენებელზე 318-ით მეტია. მისი პასები 90% ზუსტი გამოდგა;
 • ამჟამად "მილანში” მოთამაშე ბოიან კრკიჩი "ბარსელონას” სკოლის აღზრდილია. ის კვლავ კატალონიური კლუბის საკუთრებაა. "ბარსელონას” პირველი გუნდის მაისურით ჩატარებულ 163 თამაშში მან 41 გოლი გაიტანა;
 • 2013 წელს, იტალიის ჩემპიონატში ჩატარებული 10 თამაშიდან "მილანმა” 7 მოიგო და 3 ფრედ დაასრულა;
 • ევროტურნირების ფლეი ოფში, საკუთარ კედლებში ჩატარებული პირველი მატჩი "მილანმა” 41-ჯერ მოიგო და იტალიელები შემდეგ ეტაპზე 36-ჯერ გავიდნენ. 13-ჯერ, "როსონერიმ” 2:0 იმარჯვა და აქედან 12-ჯერ, მილანურმა გუნდმა საბოლოო წარმატებას მიაღწია;
 • "მილანისთვის” ჩემპიონთა ლიგის ფლეი ოფში, ესპანურ გუნდებთან მოპოვებული უპირატესობის განიავება უცხო არაა. 2003-04 წლების სეზონში, "დეპორტივოსთან” გამართული 1/4-ფინალის პირველი მატჩში იტალიელებმა 4:1 მოიგეს, ხოლო ლა კორუნიაში 0:4 წააგეს;
 • ჩემპიონთა ლიგის ფლეი ოფში, სტუმრად ჩატარებული ბოლო 6 თამაშიდან ოთხში, "მილანმა” მინიმუმ 3 გოლი გაუშვა;
 • "მილანს” კარი მშრალად ჩემპიონთა ლიგის ბოლო 8 გასვლით შეხვედრაში არ შეუნახავს;
 • ჩემპიონთა ლიგის ფლეი ოფში, "მილანს” სტუმრად 2007 წლის შემდეგ არ მოუგია;
 • "მილანის” მიერ ჩემპიონთა ლიგაზე გატანილი ბოლო 7 გოლი მე-2 ტაიმში გავიდა;
 • მიმდინარე სეზონში, ყველა ტურნირზე, "მილანმა” მეტოქეთა კარი 63-ჯერ აიღო. აქედან 44-ჯერ შესვენების შემდეგ;
 • ევროტურნირების ფლეი ოფში აქამდე დაფიქსირებული შედეგების გათვალისწინებით, 2:0 მოგება "მილანს” მომდევნო ეტაპზე გასვლის 81.4%-იან შანსს აძლევს.
სავარაუდო შემადგენლობები
ბარსელონა (4-3-3): ვალდესი, ალვესი, პიკე, პუიოლი, ალბა, ბუსკეტსი, ჩავი, ფაბრეგასი, პედრო, მესი, ინიესტა.
მილანი (4-3-3): აბიატი, აბატე, საპატა, მექსე, კონსტანტი, მონტოლივო, ამბროზინი, მუნტარი, ბოატენგი, ნიანგი, ელ შაარავი.
მსაჯი: ვიქტორ კაშაი (უნგრეთი).
Views: 1159



Shadow


content top