infoBets: Free Betting Daily Tips, Bet Advice, Soccer Predictions, Dropping Odds, Statistics Table, Football Live Centre, Fastest Livescore, Live TV, Soccer highlights...
content top
Main » 2013 » March » 10 » საქართველო 61:18 ესპანეთი

საქართველო 61:18 ესპანეთი

ბორჯღალოსნები
"მიხეილ მესხზე” შეკრებილმა 7 ათასამდე რაგბის მოყვარულმა, გუნდის კაპიტან ირაკლი აბუსერიძეს ოვაცია რამდენჯერმე მოუწყო. "აბუ” მთელ თამაშს გასდევდა ფონად, მაგრამ გამორჩეული სამი ეპიზოდი იყო. პირველად სიმბოლურად, მე-9 წუთზე აგუგუნდა სტადიონი, მეორედ, როდესაც ახალგაზრდა ვაჟა ხუციშვილმა შეცვალა, ხოლო მესამედ - მატჩის დასრულებისას, როცა ბიჭებმა აწ უკვე ყოფილი კაპიტანი ხელში აიტაცეს და საპატიო წრეზე ასე ატარეს.
 თანაგუნდელებმა აბუსერიძეს კარგი თამაშით სცეს პატივი და დიდი ანგარიშით გამარჯვებით პრემიალური ქულაც ჩაიწერეს. "ბორჯღალოსნებს” არ უჩვენებიათ საუკეთესო თამაში, მაგრამ პერიოდულად ყველაფერი კარგად გამოდიოდა და ლამაზი შეტევები ლელოებით სრულდებოდა. კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ კვლავაც პრობლემაა დერეფანში ბურთის მოგება. მილტონ ჰეიგმა მატჩამდე თქვა, რევაზ ბელქანიაზე არჩევანი იმის გამო შევაჩერე, რომ ბურთს ყველაზე კარგად აწოდებსო, მაგრამ ორჯერ ჩვენივე მოწოდება მაინც წავაგეთ.
 პორტუგალიასთან მატჩისგან განსხვავებით, ამჯერად საწყის წუთებზე გუნდი დაულეგებლად თამაშობდა, თუმცა, 20 წუთის შემდეგ სიტუაცია გამოსწორდა და ეს შედეგშიც აისახა. სტუმრები მე-5 წუთზე დაწინაურდნენ, როდესაც მამუკა გორგოძის ჩანაფიქრი ვერავინ გამოიცნო, ვიტო კოლელიშვილმა უბურთო მეტოქე შებოჭა და კორი სიმპსონმა ჯარიმით ანგარიში გახსნა, მაგრამ 4 წუთში მას მერაბ კვირიკაშვილმა 40 მეტრიდან უპასუხა. განახლდა თუ არა თამაში, ჩვენს 22-ში დანიშნული მეტოქის შერკინებისას ირაკლი აბუსერიძეს ნერვებმა უმტყუნა, ლიონელ პარდოს დროზე ადრე ეთამაშა და სიმპსონმა ესპანელები უკანასკნელად დააწინაურა.
 "ბორჯღალოსნებს” თამაშის დასალაგებლად გარკვეული დრო კიდევ დაჭირდათ. აგრესიულად მოთამაშე ესპანელებმა ლაშა ხმალაძე რომ შებოჭეს და ბურთი მოიპოვეს, მას ვეღარ გაუფრთხილდნენ და ქულა ვერ აიღეს, მერე ქართველები აბურთავდნენ და კვირიკაშვილმა დასარტყმელი პოზიციიდან ჯარიმა აუტში დაარტყა. რამდენიმე დარტყმას წინსვლა რომ არ მოყვა, კვირიკაშვილმა უკვე 100 პროცენტით გასატანი პოზიციიდან ნაღდი 3 ქულა მიითვალა და წონასწორობა აღადგინა. ეს 22-ე წუთზე მოხდა, ორიოდე წუთში კი, პირველი ლელო გავიდა.
 ესპანელებმა საკუთარი ნახევრიდან ხელით გადაწყვიტეს შეტევის წამოწყება, ეს თავხედობა "ბორჯღალოსნებმა” არ აპატიეს, რაქში მეტოქეს ბურთი წაართვეს, აბუსერიძემ მარცხენა ფლანგზე დავით კაჭარავა მოძებნა, მან ორი მცველი მიიზიდა და ბურთი აბუსერიძეს დაუბრუნა, ამ უკანასკნელმა კი, ლელოზე თამაში თავადაც რომ შეეძლო, აღარ გარისკა და ბურთი დიმიტრი ბასილაიას ჩათვლის მოედანში მშვიდად შეაყოლა. კვირიკაშვილმა გარდასახვა ზუსტად შეასრულა - 13:6. 29-ე წუთზე ახალგაზრდა "ბორჯღალოსნებმა” მეორე ლელო შექმნეს. იერიში ჩვენსავე ნახევრიდან თამაზ მჭედლიძემ წამოიწყო და ცენტრის ხაზამდე მივიდა, მას მერაბ შარიქაძე მიყვა, ფინტებით ესპანელი მცველები დააბნია და 22-ის ხაზთანღა შებოჭეს, რაქიდან კოტე მიქაუტაძემ სწრაფად აიტაცა ბურთი და ჩათვლის მოედანს 5 მეტრამდე მიუახლოვდა, რაქიდან აბუსერიძემ კვლავ შარიქაძე მოძებნა, რომელიც ერთხელაც დაუსხლტა მცველებს და ბურთი ჩათვლის მოედანზე გადადო, ხოლო კვირიკაშვილმა კვლავ ზუსტად გარდასახა.
 მალე კვირიკაშვილმა ხაზი კარგად გაჭრა და კიდევ უკეთესი ჩანაფიქრი ქონდა, მაგრამ ფეხით გადაკიდებული ბურთი გვერდით ხაზს გადასცდა, არადა, იქ მხოლოდ ქართველები იყვნენ და ლელო გარდაუვალი იქნებოდა. 33-ე წუთზე მან 22 მეტრიდან უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა, ორ წუთში კი, მესამე ლელო გავიდა. აბუსერიძემ ცენტრთან წარმოქმნილი რაქიდან ბურთი ფეხით გადაკიდა, მას ერთბაშად სამი ქართველი მიყვა, ყველას ლაშა ხმალაძემ დაასწრო, რომელიც სისწრაფეში სესარ სემპერეს დაუსხლტა და საქართველოს ნაკრების მესამე ლელო მიითვალა, ხოლო კვირიკაშვილმა ტაიმის ანგარიში დააფიქსირა - 30:6.
 მეორე ტაიმში საქართველოს ნაკრები შეტევაში კიდევ უფრო უკეთ ათამაშდა, მაგრამ დაცვაში ხარვეზებმა იმატა. 46-ე წუთზე უკანა ხაზმა თითქმის იდეალურად გაითამაშა კომბინაცია. მარჯვენა ფლანგზე შერკინებიდან გამოტანილი ბურთი ხმალაძეს მიუვიდა, მან შარიქაძე მოძებნა, კვირიკაშვილმა ხაზი გაჭრა და მარცხენა ალამთან ლელო ირაკლი მაჩხანელს გაატანინა. მართალია, გარდასახვა არაზუსტი იყო, მაგრამ საქართველოს ნაკრებს უკვე ჰქონდა პრემიალური ქულა (ოთხი ლელოსთვის). ოთხიოდე წუთში ბურთი კიდევ ერთხელ კარგად გაიშალა. ამჯერად საქმეში მორკინალები ჩაერთვნენ, მაჩხანელმა გრძელი გადაცემა ლევან დათუნაშვილს გაუკეთა, მან წინ წაიწია და ვასილ კაკოვინი ჩართო საქმეში, რომელიც მცველმა კიდით ხაზს იქით ვერ გადაიყვანა და მეხუთე ლელო გავიდა. კვირიკაშვილს გარდასახვა ისევ გაუცუდდა.
 საქართველოს ნაკრებში ცვლილებები რომ განხორციელდა, გუნდს დასალაგებლად გარკვეული დრო დაჭირდა და ამით მეტოქემ ისარგებლა. კვირიკაშვილის ჩანაფიქრმა არ გაამართლა, ფეხით მოკლეზე შეცურებული ბურთი პაბლო ფეიხოს ნადავლი გახდა და ხაზი გაიჭრა, საქმეში სესარ სემპერე ჩაერთო, რომელიც მარცხენა ფლანგზე გაიჭრა და მატიას ტუდელმა პირველი საპასუხო ლელო გაიტანა, ხოლო სიმპსონმა გარდასახვა გამოიყენა. სტუმრებმა ხელდახელ სცადეს შეტევა, მაგრამ ბურთი დაკარგეს, საქართველოს ნაკრებმა სწრაფად გაშალა ხაზზე ბურთი, მარცხენა ფლანგზე მეტობა გვქონდა და ხმალაძემ ბასილაიას ამ თამაშში მეორე ლელო გაატანინა, ხოლო კვირიკაშვილმა გარდასახვა გამოიყენა.
 დაცვაში კონცენტრაცია რომ დაიკარგა, ამით ესპანელებმა ისარგებლეს. ხმალაძეს ჩათვლის მოედნიდან ფეხით მოგერიებისას დაუფარეს, ესპანელებმა 5-მეტრა დერეფნიდან მოკლე ფრთაზე შეგვიტიეს და ჯეკი კართერმა ლელო ალამთან გაიტანა. გარდასახვა არაზუსტი იყო და სამ წუთში საქართველოს ნაკრებმა მეშვიდე ლელო გაიტანა. ხმალაძემ კიდევ ერთხელ გაჭრა ხაზი და მარჯვნივ თამაზ მჭედლიძე მოძებნა, ბექა წიკლაურმა კი, გარდასახვა გაიტანა. მატჩის მიწურულს ესპანეთი ჩათვლის მოედნიდან ორიოდე მეტრში დაჯარიმდა და სინბინითაც დაისაჯა, "ბორჯღალოსნებმა” შერკინება ირჩიეს, პირველ ჯერზე ლელო არ გავიდა, მეტოქე კვლავ დაჯარიმდა, მერე ბასილაია ზედ ხაზთან შებოჭეს, რაქიდან ბურთი მჭედლიძემ აიტაცა და დუბლი შეასრულა, ხოლო წიკლაურმა გარდასახვით საბოლოო ამგარიში დააფიქსირა - 61:18.


პრესკონფერენცია
ბრაის ბევინი: "თამაშს 20 წუთის განმავლობაში ვიგებდით, მაგრამ მერე ინდივიდუალური კონტაქტები დავთმეთ და ამის გამო დავმარცხდით. შეგვეძლო, ხელით მეტი შეგვეტია, მაგრამ ფეხით თამაში ვარჩიეთ და კონტრშეტევებით დავისაჯეთ. რუმინეთის ნაკრებს ცუდ პირობებში ვეთამაშეთ. ვფიქრობთ, ამ მომენტისთვის საქართველოს ნაკრები უფრო შეკრული, კომპატური გუნდია”.
მილტონ ჰეიგი: "საწყის 10 წუთში ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მერე გონს მოვეგეთ და სათამაშო დროის დანარჩენ ნაწილში ნაჩვენები თამაშით კმაყოფილი ვარ, თუმცა, უკეთ გარჯაც შეგვეძლო. შედეგით კმაყოფილი ვარ. ზოგიერთმა მოთამაშემ მცირე ტრავმა მიიღო და ჯერ ვერ გეტყვით, რა ცვლილებს განვახორციელებთ მომავალი თამაშისთვის.
 ვიცი, რომ ჯაბა ბრეგვაძეს ჩვენი ნაკრების თამაშში დამატებითი მუხტის შეტანა შეუძლია. კმაყოფილი ვარ ახალგაზრდა მორაგბეების თამაშით, მაგრამ ამ ეტაპზე ვინმეს დამატებას არ ვაპირებთ. მადლობა აბუს, რომელმაც ძალიან კარგად ითამაშა. ჩვენი სამუშაო სწორედ ისაა, რომ მისი შემცვლელი ვიპოვოთ. მის გარეშე სამი თამაში მოვიგეთ და მომავალშიც უნდა შევძლოთ წარმატებების მიღწევა. გათვლას მომავალზე ვაკეთებთ, თორემ უახლოეს მომავალში მას კიდევ შეუძლია წარმატების მოტანა. ვფიქრობ, ვაჟა ხუციშვილმა კარგად გაართვა თავი დაკისრებულ ამოცანას, მას სწრაფად გამოჰქონდა ბურთი, თუმცა, ხარვეზებიც იყო.
 პროგრესს განვიცდით, თუმცა, იდეალური თამაშისგან ჯერ კიდევ შორს ვართ. დღეს რაქში და კონტაქტში კარგად ვითამაშეთ, ნასიამოვნები ვარ უკანა ხაზის გარჯითაც”.
 საქართველოს ნაკრების მომავალმა მეტოქე რუმინეთმა ბრიუსელში ბელგიის ნაკრებს 32:14 სძლია და პრემიალური ქულაც ჩაიწერა. რუმინელებმა პირველ ტაიმში ორი ლელო გაიტანეს და 15:9 დაწინაურდნენ, მეორე ნახევრის დებიუტში კიდევ ორი ლელო მიითვალეს და 55-ე წუთისთვის ანგარიში 29:9 გახდა. მერე მასპინძლებმა ერთი საპასუხო ლელოს გატანა შეძლეს, რაზეც სტუმრებმა ჯარიმით უპასუხეს და საბოლოო შედეგი დააფიქსირეს.
 სტუმრად იმარჯვა და პრემიალური ქულა ჩაიწერა რუსეთის ნაკრებმაც, არადა, სამი სინბინის გამო, ნახევარი საათი მოედანზე კაცნაკლული იყო. პირველი ტაიმი პორტუგალიამ 18:10 მოიგო, მაგრამ 49-ე წუთისთვის უკვე 18:24 ჩამორჩა. მერე მასპინძლებმა ლელოთი ჩამორჩენა მინიმუმამდე დაიყვანეს, მაგრამ გარდასახვა არაზუსტი იყო. სტუმრებმა მეოთხე ლელო 65-ე წუთზე მიითვალეს, რეალიზაციაც გამოიყენეს და საბოლოო ანგარიში დააფიქსირეს.

2013 წლის ევროპის ერთა თასი. 2015 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპი
 9 მარტი. შაბათი
 თბილისი. "მიხეილ მესხი”. 7 ათასი
 საქართველო - ესპანეთი 61:18 (30:6)
საქართველოს ნაკრები: 15. ლაშა ხმალაძე, 14. ირაკლი მაჩხანელი, 13. დავით კაჭარავა, 12. მერაბ შარიქაძე, 11. თამაზ მჭედლიძე, 10. მერაბ კვირიკაშვილი (23. ბექა წიკლაური 69), 9. ირაკლი აბუსერიძე (21. ვაჟა ხუციშვილი 64); 1. ვასილ კაკოვინი (17. ზურაბ ჟვანია 54), 2. რევაზ ბელქანია (16. იური ნატრიაშვილი 54), 3. დავით ქუბრიაშვილი (18. დავით ზირაქაშვილი 48), 4. კონსტანტინე მიქაუტაძე (19. გიორგი ჩხაიძე 64), 5. ლევან დათუნაშვილი, 6. ვიტო კოლელიშვილი, 7. მამუკა გორგოძე (20. შალვა სუთიაშვილი 58), 8. დიმიტრი ბასილაია.
სათადარიგოები: 22. თედო ზიბზიბაძე.
8 ლელო: ბასილაია (1, 6), შარიქაძე, ხმალაძე, მაჩხანელი, კაკოვინი, მჭედლიძე (7, 8)
6 გარდასახვა: კვირიკაშვილი (4), წიკლაური (2)
3 ჯარიმა: კვირიკაშვილი
მთავარი მწვრთნელი: მილტონ ჰეიგი (ახალი ზელანდია)
ესპანეთი: 15. სესარ სემპერე, 14. ჟიულან გოია (19. ჯეკი კართერი 41), 13. კარლოს ბლანკო (20. ნიკ მარშალი 30), 12. ხაიმე ნავა, 11. მატიას ტუდელა, 10. კორი სიმპსონი, 9. ხუან-პაბლო სერეტო (22. პაბლო ფეიხო 41); 1. დავით გურგენიძე (17. ჯო ჰაჩინსონი 53), 2. უნაი ლასა (18. ხუან ანაჯა 58), 3. ხესუს მორენო (16. აგუსტინ ორტისი 53), 4. მეთიუ კუკი (23. ტომ პარკერი 58), 5. ხესუს რეკვერდა, 6. ჯონ მაგუნასელაია (კაპ.), 7. გლენ როლსი, 8. ლიონელ პარდო (21. ხოან ტუდელა 80).
2 ლელო: მ. ტუდელა, ქართერი
1 გარდასახვა: სიმპსონი
2 ჯარიმა: სიმპსონი
1 სინბინი: ორტისი
მთავარი მწვრთნელი: ბრაის ბევინი (ახალი ზელანდია)

 პორტუგალია - რუსეთი 23:31
 ბელგია - რუმინეთი 14:32

   1 საქართველო 4 4 0 0 126-52 17
 2 რუმინეთი 4 4 0 0 105-56 17
 3 რუსეთი 4 2 0 2 67-84 9
 4 პორტუგალია 4 1 0 3 66-87 5
 5 ბელგია 4 0 1 3 60-88 4
 6 ესპანეთი 4 0 1 3 63-120 3



16 მარტი
 რუმინეთი - საქართველო
 ესპანეთი - პორტუგალია
 რუსეთი - ბელგია
Views: 1015



Shadow


content top