infoBets: Free Betting Daily Tips, Bet Advice, Soccer Predictions, Dropping Odds, Statistics Table, Football Live Centre, Fastest Livescore, Live TV, Soccer highlights...
content top
Main » 2013 » March » 3 » ნადირაძემ 3 პენალტი აიღო

ნადირაძემ 3 პენალტი აიღო

ნადირაძე
ცხინვალის „სპარტაკისა" და „ვიტ ჯორჯიას" დაპირისპირება სათასო თუ ჩემპიონატის ბატალიებში, ყოველთვის საინტერესოა და ეს ტენდენცია ამჯერადაც გაგრძელდა. თავად განსაჯეთ, ამ გუნდების ორივე შეხვედრა 1:1 დასრულდა. „მცხეთა-პარკზე" სტუმრად ნათამაშები ფრე, ცხინვალელებს მცირედ უპირატესობას აძლევდა, მაგრამ სხვა ფაქტორები ვეტერინართა წისქვილზე ასხამდა წყალს. ვლადიმერ ხაჩიძის გუნდმა დღევანდელ მატჩში შემტევი ნახევარმცველი კონსტანტინე ხიზანეიშვილი ვერ გამოიყენა, რომელმაც „მცხეთა პარკზე" ორი ყვითელი ბარათი მიიღო. თუმცა, „სპარტაკის" დანაკლისი მხოლოდ ამით არ შემოიფარგლებოდა. ცხინვალელებს ტრავმის გამო ნახევარმცველი უჩა ბურძენაძეც დააკლდათ, რომელიც ხაჩიძის გუნდის თამაშში ერთ-ერთი საკვანძო ფიგურაა... და კიდევ, 1/8 ფინალის პირველი მატჩის მსგავსად, სპარტაკელებს საპასუხო შეხვედრაშიც არ ჰყავდათ ფორვარდები: დავით გელაშვილი და ახლადდამატებული ლაშა კემუხტაშვილი. ცხინვალელთაგან განსხვავებით, „ვიტ ჯორჯიას" დანაკლისი არ აწუხებდა. ასე რომ, ამ ფაქტორების გათვალისწინებით, ვეტერინარები ცხინვალელებზე ცოტა უკეთეს მდგომარეობაში მაინც იყვნენ. თუმცა, 1/4 ფინალში მაინც "სპარტაკი” გავიდა, რაშიც ლომის წილი საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებისა და ცხინვალელთა გუნდის კიპერ გიორგი ნადირაძეს მიუძღვის. ალბათ, ძნელია გაიხსენო ფაქტი ქართულ ფეხბურთში, როცა მეკარემ პენალტების სერიაში ზედიზედ სამი 11-მეტრიანი მოიგერია…
 ახლა კი, „ბენდელაზე" გამართულ თრილერზე ვთქვათ, რომელიც ოთხი ტაიმისა და პენალტების სერიისგან შედგებოდა. პირველი დარტყმა კარში მასპინძლებისა იყო: სპარტაკელთა კაპიტან თეიმურაზ შონიას ძლიერი დარტყმა, ყოფილმა სპარტაკელმა ნიკა დაუშვილმა მოიგერია, დამატებაზე შონიამ ყველას დაასწრო, მაგრამ მცირედით ააცილა. მერე, სტუმრებიც გამოცოცხლდნენ და თამაში ორ ძირითად და ორ დამატებით ტაიმში ორმხრივი შეტევებითა და გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. მე-17 წუთზე გიორგი მჭედლიშვილის მიერ შესრულებულ დარტყმას, მასპინძელთა მეკარე გიორგი ნადირაძე გადაეფარა. ათიოდე წუთში, ისევ მჭედლიშვილი დაემუქრა ცხინვალელთა კარს, მაგრამ ნადირაძე კვლავ მოწოდების სიმაღლეზე იყო. შემდეგ მასპინძელთა ჯერი დადგა, ჯერ იყო და თორნიკე თუხარელის ჯარიმა მოიგერია დაუშვილმა, მერე კი, თუხარელის მიერ შორეულ ძელთან ჩაწოდებისას, გიორგი ნარიმანიძე ხელსაყრელ პოზიციაზე იყო, მაგრამ კარში დარტყმა ვერ მოახერა.
 მეორე ტაიმიც ორმხრივი შეტევებით წარიმართა. სპარტაკელთა პირველივე მწვავე იერიშს კი გოლი მოჰყვა. ცხინვალელები ამჯერადაც ზვიად მეტრეველმა დააწინაურა, 1:0. თუმცა, მასპინძელთა სიხარულმა დიდხანს არ გასტანა. მიღებულმა გოლმა ჯორჯიელები გაახელა. სტუმრები ვა-ბანკზე წავიდნენ, რამაც გაამართლა კიდეც. მასპინძლებს კი აშკარად დაეტყოთ, რომ უმეტესად საკუთარი კარის უსაფრთხოებაზე იყვნენ ორიენტირებულები. 74-ე წუთზე ირაკლი ღიბრაძის ძლიერად დარტყმისას, მეკარე ნადირაძე ბურთის ტრაექტორიას ვერ ხედავდა, სათანადო რეაქცია ვეღარ შეაგება და ანგარიში გათანაბრდა. ზუსტად 3 წუთში, ადამაძის შეცდომით, ცხინვალელებს დაწინაურებისთვის ჩინებული შანსი მიეცათ, მაგრამ მეტრეველმა იჩქარა და რეალური შანსი ვერ გამოიყენა. ცხინვალელებმა შეტევები გააგრძელეს და ერთ-ერთი ასეთი შეტევისას მგელაძემ გაიტანა, მაგრამ არბიტრმა თამაშგარე მდგომარეობა სამართლიანად დააფიქსირა. შემდეგ, სტუმარ-მასპინძელმა ორ-ორო საგოლე მომენტი გაცვალა, მაგრამ ამით ანგარიში არ შეცვლილა და ძირითადი დროც ამოიწურა.
 დამატებითი დროც გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. მასპინძელთაგან კილასონიასა და თუხარელს შეეძლოთ გატანა, სტუმართაგან კი ღიბრაძეს, მაგრამ, კვლავ უშედეგოდ და ჯერი პენალტების სერიაზე მიდგა... თუმცა მანამდე, ვეტერინარებმა ერთი შეცვლა განახორციელეს, რომელიც, ალბათ, საკვანძო იყო ამ შეხვედრაში. ვიტელთა თავკაცმა მერაბ კოჭლაშვილმა, კაპიტანი და გუნდის მთავარი პენალტისტი გიორგი ჯანელიძე „სპარტაკის" ყოფილი მცველით, ბადრი ტეტუნაშვილით შეცვალა... და ეს ოვერტაიმის დასრულებამდე 2 წუთით ადრე მოხდა, მაშინ როცა პენალტების სერია თითქმის გადაწყვეტილი იყო.
 11-მეტრიანების სერია მეკარეების დუელით დაიწყო. სტუმართა მეკარემ მასპინძეთა კიპერს დაურტყა, მაგრამ ნადირაძემ მოიგერია. შემდეგ პენალტის ნიშნულთან ზვიად მეტრეველი მივიდა და 1:0. ვეტერინართაგან მეორე პენალტი გიორგი კორიფაძემ შეასრულა და ამჯერადაც ბურთი ნადირაძემ მოიგერია. შემდეგ კილასონიამ გაიტანა და ჯერი ბადრი ტეტუნაშვილზე მიდგა. ყოფილი სპარტაკელის დარტყმას ისევ ნადირაძე გადაეფარა და თორნიკე თუხარელს გადამწყვეტი პენალტის შესრულების პატივი ერგო. თუხარელმა გაიტანა, „სპარტაკმა" 3:0 მოიგო და 1/4 ფინალში გავიდა.

სპარტაკი (ცხინვალი) - ვიტ ჯორჯია (თბილისი) – 1:1 (0:0) (3:0 პენ.)
 პირველი მატჩი: 1:1
02 მარტი. თბილისი. „ბენდელა". 250 მაყურებელი
 სპარტაკი: ნადირაძე, ჭაფოძე, თვალავაძე, ქურდაძე, ლემონჯავა, თუხარელი, მგელაძე, შონია (მაქაცარია, 120), კილასონია, ნარიმანიძე (კაკაშვილი, 80), მეტრეველი.
მწვრთნელი: ვლადიმერ ხაჩიძე
ვიტ ჯორჯია: დაუშვილი, დ. ხურცილავა, გოგიაშვილი (კორიფაძე, 61), ადამაძე, კასრაძე, მჭედლიშვილი (ჯავაშვილი, 96), დავლაშელიძე, გურამ გურეშიძე, ჯანელიძე (ტეტუნაშვილი, 118), ღიბრაძე, კუხალეიშვილი.
მწვრთნელი: მერაბ კოჭლაშვილი
გოლები: 1:0 მეტრეველი (68), 1:1 ღიბრაძე (74)
პენალტების სერია: 0:0 დაუშვილი (მეკარე - ნადირაძე), 1:0 მეტრეველი, 1:0 კორიფაძე (მეკარე - ნადირაძე), 2:0 კილასონია, 2:0 ტეტუნაშვილი (მეკარე - ნადირაძე), 3:0 თუხარელი
გაფრთხილება: მეტრეველი (43), ადამაძე (59), ჯანელიძე (85)
არბიტრი: გიორგი ვადაჭკორია (თბილისი)
  
Views: 903



Shadow


content top