infoBets: Free Betting Daily Tips, Bet Advice, Soccer Predictions, Dropping Odds, Statistics Table, Football Live Centre, Fastest Livescore, Live TV, Soccer highlights...
content top
Main » 2013 » March » 1 » რეალი-ბარსელონა : პრიმერა დივიზიონი

რეალი-ბარსელონა : პრიმერა დივიზიონი

ელ კლასიკო
ისვე "ელ კლასიკო”... ამჯერად, მადრიდის "რეალი” და კატალონიის "ბარსელონა” ერთმანეთს ესპანეთის პრიმერა დივიზიონის 26-ე ტურის მატჩში დაუპირისპირდებიან. 
 უკანასკნელ პერიოდში, ეს გუნდები ერთმანეთს იმდენჯერ შეხვდნენ, რომ ყველაზე მნიშვნელოვან მადრიდულ-კატალონიურ დაპირისპირებას, გარკვეულწილად, ძველებური ხიბლიც კი დაეკარგა. მიუხედავად ამისა, "რეალისა” და "ბარსელონას” მატჩი ყოველთვის ახერხებს სხვა საფეხბურთო (და არა მარტო) მოვლენების გადაფარვას.
 უკანასკნელი "ელ კლასიკოებისგან” განსხვავებით, შაბათს გასამართი მატჩი ორი რამით იქნება გამორჩეული: უპირველესად, შეხვედრა ესპანეთის დროით 16:00-ზე დაიწყება (ჩვენი დროით 19:00), რაც "ელ კლასიკოსთვის” ნამდვილად უჩვეულოა. და მეორე: პრიმერა დივიზიონის სატურნირო ცხრილში, გუნდებს შორის სხვაობა 16 ქულაა, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ თვალსაზრისით, ეს შეხვედრა არცთუ მნიშვნელოვანია. 
 თანაც, ორივე გუნდს უეფას ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში გაცილებით მნიშვნელოვანი საპასუხო მატჩები ელის. შუა კვირაში, "რეალი” "მანჩესტერ იუნაიტედს” ეწვევა და მადრიდული 1:1-ის შემდეგ, 1/4-ფინალში გასვლას ეცდება. რაც შეეხება "ბარსელონას”, კატალონიელებს "მილანთან” მატჩამდე შედარებით მეტი დრო აქვთ (ეს შეხვედრა 12 მარტსაა), მაგრამ ნათელია, რომ სადღეისოდ, მათი მთავარი მიზანი ევროტურნირზე ასპარეზობის გაგრძელებაა. მოგეხსენებათ, "ბარსელონამ” "მილანთან” პირველი მატჩი 0:2 დათმო და "კამპ ნოუზე” გასამართი მატჩის წინ, საქმე ერთი-ორად გაირთულა. 
 ბუნებრივია, "ელ კლასიკოზე” ჩემპიონთა ლიგის მოახლოებული მატჩები დიდ გავლენას მოახდენს. ეს განსაკუთრებით "რეალს” შეეტყობა – Marca-ს თუ დავუჯერებთ, მადრიდელთა თავკაცმა ჟოზე მოურინიომ "ბარსასთან” მატჩში კრიშტიანუ რონალდუს, ჩაბი ალონსოს, გონსალო იგუაინისა და რაფაელ ვარანის დასვენება გადაწყვიტა. გარდა ამისა, "რეალს” ვერც ანხელ დი მარია დაეხმარება, რომელიც "დეპორტივოსთან” გასული ტურის მატჩში გააძევეს და დისკვალიფიცირებულია. 
 დასვენების მიზნით არა, მაგრამ საქმე ისე მიდის, რომ ლიდერებს "ბარსელონაც” მოისაკლისებს – ვეტერან ნახევარმცველ ჩავის ტრავმა აწუხებს და "რეალის” წინააღმდეგ თამაში გამორიცხულია. კატალონიელთა მთავარი პრობლემა მაინც ლიონელ მესია, რომელსაც მაღალი სიცხე აქვს და ვარჯიშს ვერ ახერხებს. სავარაუდოდ, "ბლაუგრანას” სამწვრთნელო შტაბი არგენტინელს სათადარიგოთა სკამზე მაინც დასვამს. ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აწუხებს ალექსის სანჩესსაც და "სანტიაგო ბერნაბეუზე” არც მისი გამოჩენაა მოსალოდნელი. დიდი ალბათობით, კატალონიელთა "შვიდიანი” დავიდ ვილია მატჩს სასტარტო შემადგენლობაში დაიწყებს. 
 ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ "ელ კლასიკოს” განსჯა მიგელ პერეს ლასას ანდო, რომელიც ესპანელი მსაჯის კვალობაზეც კი საკმაოდ მკაცრია და წითელ-ყვითელი ბარათების ფრიალს არ ერიდება. 
  
სავარაუდო შემადგენლობები: 
რეალი (4-2-3-1): ლოპესი, არბელოა, პეპე, რამოსი, მარსელო, ესიენი, მოდრიჩი, კალეხონი, კაკა, რონალდუ, ბენზემა. 
მწვრთნელი: ჟოზე მოურინიო
ბარსელონა (4-3-3): ვალდესი, ალვესი, პიკე, მასკერანო, ჟორდი ალბა, ბუსკეტსი, ტიაგო, ინიესტა, ფაბრეგასი, პედრო, ვილია.
მწვრთნელი: ჟორდი როურა
მსაჯი: პერეს ლასა
Views: 871



Shadow


content top