infoBets: Free Betting Daily Tips, Bet Advice, Soccer Predictions, Dropping Odds, Statistics Table, Football Live Centre, Fastest Livescore, Live TV, Soccer highlights...
content top
Main » 2013 » February » 12 » ჩემპიონთა ლიგა გლაზგოსა და ვალენსიაში განახლდება

ჩემპიონთა ლიგა გლაზგოსა და ვალენსიაში განახლდება

ფეხბურთის მოყვარულთა ლოდინს ბოლო მოეღო – ევროპულ მინდვრებს კონტინენტის მასშტაბით უმთავრესი საკლუბო ტურნირი, ჩემპიონთა ლიგა უბრუნდება. 1/8-ფინალებიდან, რამდენიმე წყვილი განსაკუთრებულ ინტერესს იმსახურებს. მართალია, დღეს არცერთი მათგანის ხილვის ბედნიერება არ გვექნება, მაგრამ გლაზგოში და ვალენსიაში გასამართი დაპირისპირებები არცთუ მცირე ინტერესს მაინც იწვევს. ეს ხომ ჩემპიონთა ლიგაა.
  
  
სელტიკი-იუვენტუსი
 გლაზგოში, ერთმანეთს ის გუნდები დაუპირისპირდებიან, რომლებმაც ბოლო ტურებში შიდა ასპარეზზე ლიდერობა გაიმყარეს და ახლა, მათი ყურადღება სრულად ჩემპიონთა ლიგისკენაა მიპყრობილი. ეს განსაკუთრებით "სელტიკზე” ითქმის. მას შემდეგ, რაც "რეინჯერსს” შოტლანდიის პრემიერლიგა დაატოვებინეს, ცხადი გახდა, რომ ნილ ლენონის გუნდი ქვეყნის ჩემპიონატს ადვილად მოიგებდა. ასეც ხდება – გათამაშების დასრულებამდე 8 ტურით ადრე, "სელტიკი” უახლოეს მდევარს 18 ქულით უსწრებს. რაც შეეხება "იუვენტუსს” – ბოლო ტურში მოგებისა და მდევრების მიერ ქულების დაკარგვის წყალობით, ტურინელები წინ 5 ქულით გაიჭრნენ.
 ჯგუფურ ეტაპზე, "ბარსელონას” წინააღმდეგ გამართულ ორივე მატჩში, "სელტიკმა” დაამტკიცა, რომ გლაზგოელები იოლი მეტოქე ევროპული გრანდებისთვისაც კი არ იქნებიან. არ უნდა დავივიწყოთ ისიც, რომ საკუთარ კედლების ფაქტორი "სელტიკის” შანსებს ერთი-ორად ზრდის. თუმცა, ფეხბურთში, უმეტესწილად, გადამწყვეტი კლასია ხოლმე და ამ მხრივ, "იუვეს” დიდი უპირატესობა აქვს. როგორც ორმატჩიან დაპირისპირებაში, ასევე კონკრეტულად დღევანდელ შეხვედრაში, ფავორიტად სწორედ ტურინული გრანდი უნდა მივიჩნიოთ.
 გუნდების ურთიერთშეხვედრების ისტორია უპირატესობას მასპინძელ გუნდს აძლევს. აქამდე ჩატარებული ოთხივე თამაში იმ გუნდმა მოიგო, რომელიც საკუთარი გულშემატკივრის თვალწინ თამაშობდა. 1981 წელს, ჩემპიონთა თასის პირველ ეტაპზე, "იუვემ” სტუმრად 0:1 წააგო და შინ 2:0 მოიგო. 20 წლის შემდეგ, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, გუნდებმა გულიანად იგოლავეს. ტურინში გამართული მატჩი 3:2 დასრულდა. გლაზგოში, "იუვემ” კვლავ 3-ჯერ გაიტანა, მაგრამ 4-ჯერ გაუშვა.
 შესაძლოა, მასპინძლებს თამაში ემილიო იზაგირესა და გეორგიოს სამარასის გარეშე მოუხდეთ. ამის მიზეზი ფეხბურთელების ტრავმებია. სტუმართა რიგებში ნამდვილად ვერ ითამაშებენ პაოლო დე ჩელიე, სიმონე პეპე, ნიკლას ბენდტნერი და ჯორჯო კიელინი. ამ უკანასკნელს, ტრავმის გარდა, დისკვალიფიკაციაც აქვს.
 ზამთრის სატნრასფერო ფანჯრის შემდეგ, "იუვენტუსის” საჩემპიონთალიგო განაცხადში ცვლილებები განხორციელდა. განაცხადს ნიკოლა ანელკა და ფედერიკო პელუზო დაემატნენ, ხოლო "სან პაოლოში” წასული ლუსიო გამოაკლდა.
  
საინტერესო ფაქტები
 • ამ გუნდების წინა ოთხ დაპირისპირებაში, ყოველთვის მასპინძელი გუნდი იგებდა;
 • "სელტიკისა” და "იუვენტუსის” ბოლო ორ თამაშში 12 გოლი გავიდა;
 • ჩემპიონთა ლიგაზე (1992 წლიდან), "სელტიკ პარკზე” გამართულ შეხვედრაში, არცერთ იტალიურ გუნდს არასდროს მოუგია;
 • ჩემპიონთა ლიგის (1992 წლიდან) ისტორიაში, "სელტიკი” 1/8-ფინალზე შორს არასდროს გასულა;
 • ჩემპიონთა ლიგაზე, საკუთარ კედლებში ჩატარებული ბოლო 7 თამაშიდან "სელტიკმა” 6 მოიგო და 1 ფრედ დაასრულა;
 • ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებული ბოლო 23 საშინაო თამაშიდან "სელტიკმა” მხოლოდ 2 წააგო და ორივე "ბარსელონასთან”;
 • მიმდინარე გათამაშებაში, თავური დარტყმით, "სელტიკმა” 4 გოლი გაიტანა, რაც "გალათასარაის” შედეგთან ერთად საუკეთესო მაჩვენებელია. ამ 4 ბურთიდან 3 გეორგიოს სამარასის ანგარიშზეა;
 • გათამაშებას შემორჩენილ გუნდთაგან, ჯგუფურ ეტაპზე, ყველაზე მეტად "სელტიკის” მეკარე იყო დატვირთული. ფრეიზერ ფორსტერმა 25 სეივი განახორციელა;
 • "იუვენტუსი” ერთ-ერთია იმ 4 გუნდიდან, რომლებიც მიმდინარე გათამაშებაში წაუგებლები არიან;
 • ჯგუფურ ეტაპზე ჩატარებულ 6 თამაშში, "იუვენტუსმა” მხოლოდ 4 გოლი გაუშვა, რაც პსჟ-ს შემდეგ საუკეთესო შედეგია; 
 • "იუვენტუსმა” კარის მშრალად შენახვა ჯგუფური ეტაპის ბოლო სამ მატჩში მოახერხა;
 • მიმდინარე გათამაშებაში, "იუვენტუსმა” 12 გოლი გაიტანა. აქედან 4 ბურთი შეცვლაზე შესული ფეხბურთელების ანგარიშზეა;
 • ყველა ტურნირზე ჩატარებული ბოლო 10 თამაშიდან, "იუვენტუსმა” კარის მშრალად შენახვა მხოლოდ ორში მოახერხა;
 • ჯგუფურ ეტაპზე, მეტოქის კარის მიმართულებით ყველაზე მეტი, 126 დარტყმა "იუვენტუსმა” და "რეალმა” განახორციელეს. "სელტიკის” ფეხბურთელების ანგარიშზე მხოლოდ 30 დარტყმაა, რაც გათამაშებას შემორჩენილ გუნდთაგან ყველაზე ცუდი მაჩვენებელია.
  
სავარაუდო შემადგენლობები
სელტიკი (4-3-3): ფორსტერი, მეთიუზი, ლუსტიგი, უილსონი, იზაგირე, ბრაუნი, ვანიამა, მალგრიუ, სამარასი, ჰუპერი, ფორესტი.
იუვენტუსი (3-4-1-2): ბუფონი, ბონუჩი, ბარძალი, კასერესი, ლიხტშტაინერი, მარკიზიო, ვიდალი, ასამოა, პირლო, ვუჩინიჩი, ჯოვინკო.
 მსაჯი: უნდიანო მალიენკო (ესპანეთი).
  
  
ვალენსია-პსჟ
 "სელტიკი”-"იუვენტუსის” წყვილისგან განსხვავებით, ამ დაპირისპირებას გამოკვეთილი ფავორიტი არ ჰყავს. ერთის მხრივ, სახეზე გვაქვს კარგი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული, მაგრამ ჯერ კიდევ გუნდად ჩამოყალიბების გზაზე მყოფი "პარი სენ ჟერმენი” და მეორეს მხრივ, საშუალოზე მაღალი დონის ევროპული გუნდი, რომელიც ახალი მწვრთნელის ხელში კარგად ათამაშდა. წყვილის ფავორიტად პსჟ უნდა მივიჩნიოთ, მაგრამ დღეს, საკუთარი მოედნის ფაქტორის გათვალისწინებით, მოგების მეტ შანსს, ალბათ, "ვალენსია” ფლობს.
 შიდა ჩემპიონატში, მდევრების უნიათობის წყალობით, "პარი სენ ჟერმენმა” 6-ქულიანი უპირატესობა მოიპოვა და ახლა, ფრანგებს აქცენტის ჩემპიონთა ლიგაზე გაკეთება შეუძლიათ. "ვალენსიას” საქმე ასე კარგად არ აქვს. "ღამურები” ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძვიან და ისინი ევროპის ლიგის ზონის მიღმა დარჩენის საშიშროების წინაშეც დგანან. ამის გათვალისწინებით, ერნესტო ვალვერდეს გუნდმა, შესაძლოა, ჩემპიონთა ლიგაზე სრულად კონცენტრირება ვერ მოახდინოს.
 "ვალენსიას” ერთადერთი დანაკლისი დისკვალიფიცირებული ანტონიო ბარაგანი იქნება. სტუმრებს, ტრავმების გამო, ტიაგო მოტა და ტიაგო სილვა ვერ დაეხმარებიან.
 ვალენსიაში მიემგზავრება პსჟ-ს ახალწვეული დევიდ ბექჰემი, მაგრამ მხოლოდ გულშემატკივრის სტატუსით. კარლო ანჩელოტის გადაწყვეტილებით, ის ჯერ სათამაშოდ მზად არაა.
 ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის შემდეგ, ცვლილებები ორივე გუნდის განაცხადში განხორციელდა. "ვალენსიას” მხრიდან, ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის უფლება ცოტა ხნის წინათ გამოჯანმრთელებულმა კანალესმა მოიპოვა. "ღამურებს” გაგო გამოაკლდათ, რომელმაც "ველეზ სარსფილდს” მიაშურა. უფრო მასშტაბურია პსჟ-ს საჩემპიონთალიგო განაცხადში მომხდარი ცვლილებები. გუნდს დევიდ ბექჰემი და ლუკას მოურა დაემატნენ, ხოლო მატიო ბოდმე, მოჰამედ სისოკო, გიომ ოარო, ნენე და პეგი ლუინდულა გამოაკლდნენ.
  
საინტერესო ფაქტები
 • ჩემპიონთა ლიგის (1992 წლიდან) ისტორიაში, "ვალენსიამ” ფრანგულ გუნდებთან გამართული ექვსივე დაპირისპირება მოიგო;
 • სულ, საფრანგეთის წარმომადგენლებს, "ღამურებმა” 8-ჯერ უმასპინძლეს და რვავე შეხვედრა "ვალენსიას” გამარჯვებით დასრულდა;
 • "ვალენსიას” წინააღმდეგ ევროტურნირებზე გამართულ შეხვედრაში, კარის მშრალად შენახვა ვერცერთმა ფრანგულმა კლუბმა მოახერხა;
 • ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებულ ბოლო 9 საშინაო თამაშში "ვალენსიას” წაგება არ აქვს. ამ 9 შეხვედრაში, "ღამურებმა” 28 გოლი გაიტანეს;
 • თუ დღეს "ვალენსიამ” მოიგო, "ღამურები” ჩემპიონთა თასზე/ლიგაზე 50-ე გამარჯვებას იზეიმებენ;
 • მიმდინარე გათამაშებაში ყველაზე მეტი, 3 თერთმეტმეტრიანი "ვალენსიამ” დაარტყა. "ღამურებმა” სამივე მათგანი გამოიყენეს;
 • ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებულ ბოლო 14 თამაშში რობერტო სოლდადომ 14 გოლი გაიტანა;
 • ყველა ტურნირზე ჩატარებული ბოლო 12 თამაშიდან, პსჟ-მ 11 მოიგო და 1 ფრედ დაასრულა;
 • პსჟ ჩემპიონთა ლიგის ფლეი ოფში 1994-95 წლების სეზონის შემდეგ პირველად თამაშობს;
 • ევროტურნირებზე, ესპანურ გუნდებთან ჩატარებულ ბოლო 6 თამაშში, პსჟ მინიმუმ 2 გოლს უშვებდა;
 • ესპანეთში ჩატარებული ბოლო 6 თამაშიდან, პსჟ-მ 3 მოიგო და მხოლოდ 2 წააგო;
 • მიმდინარე გათამაშებაში, პარიზელებს საუკეთესო დაცვა ჰყავთ. ანჩელოტის გუნდმა მხოლოდ 3 გოლი გაუშვა;
 • ჯგუფურ ეტაპზე, პსჟ-მ 14 გოლი გაიტანა და ყველა მათგანი საჯარიმოს შიგნიდან დარტყმით;
 • მიმდინარე გათამაშების საუკეთესო ასისტენტი ზლატან იბრაჰიმოვიჩია, რომლის ანგარიშზეც 5 საგოლო გადაცემაა;
 • ჩემპიონთა ლიგის ფლეი ოფში ჩატარებულ 27 მატჩში იბრაჰიმოვიჩმა მხოლოდ 4 გოლის გატანა მოახერხა;
  
სავარაუდო შემადგენლობები
ვალენსია (4-2-3-1): ალვეში, პერეირა, რამი, რ. კოშტა, სისოკო, ვიქტორ რუისი, ტ. კოსტა, პიატი, ბანეგა, გუარდადო, სოლდადო.
პსჟ (4-4-2): სირიგუ, ჟალე, ალექსი, საკო, მაქსველი, ლუკას მოურა, მატუიდი, ვერატი, პასტორე, ლავესი, იბრაჰიმოვიჩი.
მსაჯი: პაოლო ტალიავენტო (იტალია).
Views: 1042



Shadow


content top