infoBets: Free Betting Daily Tips, Bet Advice, Soccer Predictions, Dropping Odds, Statistics Table, Football Live Centre, Fastest Livescore, Live TV, Soccer highlights...
content top
Main » 2013 » February » 7 » სანჩისი რეალის პრობლემებზე

სანჩისი რეალის პრობლემებზე

"რეალის” ლეგენდარული მცველი მანოლო სანჩისი ამ გუნდის პროტეჟე გამოცემის, "მარკას” რედაქციას ხშირად სტუმრობს ხოლმე და გულშემატკივრების მიერ გაგზავნილ კითხვებს სცემს პასუხებს. ამჯერადაც ასე მოხდა და სანჩისმა ინჩასთა ცნობისმოყვარეობა სრულად დააკმაყოფილა.

- დონ მანოლო, როგორ მოგეწონათ უკანასკნელი "ელ კლასიკო”? პირადად მე ვფიქრობ, რომ გახსნილი და ემოციური თამაში გამოვიდა. განსაკუთრებით რაფაელ ვარანის თამაში მომეწონა...

- ორივე გუნდმა ღირსეულად ითამაშა. რაც შეეხება ვარანს, იგი მართლაც უმაღლეს დონეზე იდგა.

- დანი ალვეშის ინტერვიუ წავიკითხე და მიუხედავად იმისა, რომ სამეფო კლუბის ერთგული ინჩასი ვარ, იძულებული გახლავართ მას დავეთანხმო - კრიშტიანო რონალდო ყვითელ ბარათს მართლაც იმსახურებდა და მატჩის მიმდინარეობისას ალვეშის მისამართით რასისტული შეძახილები ისმოდა. მეთანხმებით?

- მე ის ვიცი, რომ სტადიონზე ასეთი რაღაცები არ უნდა ხდებოდეს, დანარჩენი კი უკვე ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტის გამოსაძიებელია.

- ხომ არ მოგეჩვენათ, რომ ხაბი ალონსო და ალვარო არბელოა "ბარსელონას” ფეხბურთელების წინააღმდეგ ზღვარგადასულად უხეშობდნენ?

- ასე ვერ ვიტყოდი. ჩემი აზრით, ორივე გუნდის ოცდაორივე მოთამაშემ ვაჟკაცურად იბრძოლა. მეტს ველოდით კრიშტიანო რონალდოსგან და ლეო მესისგან, თუმცა ისინიც ადამიანები არიან და ყოველ მატჩში ვერ გაიბრწყინებენ.

- "რეალი” პოპულარობას წლიდან წლამდე კარგავს...

- "რეალი” ქარიზმატული გუნდია, რომელიც ზოგს უყვარს, ზოგს კი სძულს. შეიძლება ახლა იმდენი გულშემატკივარი აღარ გვყავდეს, მაგრამ მერწმუნეთ, ეს დროებითია. სამეფო კლუბი უქომაგოდ არასოდეს დარჩება.

- რა მოხდა ავტოსადგომზე მესისა და არბელოას შორის?

- არ ვიცი, იმ დროს იქ არ ვიყავი. არც არბელოას და მითუმეტეს არც მესის ახლოს არ ვიცნობ და შესაბამისად, მათ საქციელზე კომენტარს ვერ გავაკეთებ.

- შეძლებს ჟოზე მაურინიო ჩემპიონთა ლიგიდან "მანჩესტერის” და სამეფო თასიდან "ბარსელონას” გამოგდებას?

- ამის ასპროცენტიან გარანტიას თავად პორტუგალიელი სპეციალისტიც ვერ მოგცემთ. შესაძლებელია ყველაფერია და ახლა წარმატება მაუსა და მის შეგირდებზე იქნება დამოკიდებული.

- რაფაელ ვარანის ფერნანდო იეროსთან შედარება რამდენად მართებულია?

- არასწორია, რადგან იერო კლუბის ლეგენდაა, ვარანი კი უბრალო ფეხბურთელი, რომელსაც კარგი პერსპექტივა აქვს.

- პრიმერადივიზიონში "ბარსელონა” "რეალს” 16 ქულით უსწრებს. ამხელა სხვაობაა ამ გუნდებს შორის?

- წარუმატებლობის მთავარი მიზეზი საშინელი სტარტია. "რეალს” ფორმაში შესასვლელად ორი თვე დასჭირდა, რაც ასულგრანამ კარგად გამოიყენა და წინ სერიოზული ჰანდიკაპით გაიჭრა. ლა ლიგაში ახლა ბლანკოსის მთავარი საზრუნავი ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება იქნება.

- მაურინიოს მადრიდულ მოღვაწეობას როგორ აფასებთ?

- ჯერ საქმიანობა დაასრულოს და დასკვნები მერე გავაკეთოთ. თუ წელს მან "კოპა დელ რეი” და ჩემპიონთა ლიგა მოიგო, იგი ისტორიაში ტრიუმფატორის სახელით შევა.

- ვისენტე დელ ბოსკემ ურუგვაისთან სპარინგისთვის ესპანეთის ნაკრებში "ატლეტიკოს” ნახევარმცველი მარიო სუარესი გამოიძახა, ჩემი აზრით კი დელ ბოსკესგან მიწვევას უფრო "ბეტისელი” ბენიატ ეჩებერია იმსახურებდა...

- დელ ბოსკეს შეფასების თავისებური კრიტერიუმები აქვს და მის გადაწყვეტილებას ყველამ პატივი უნდა ვცეთ.

- ბენიატს შეუძლია "რეალში” ხაბი ალონსოს ღირსეულად შეცვლა?

- ეს ახალგაზრდა ჩინებული ფეხბურთელია, თუმცა ხაბიმდე ჯერ კიდევ ბევრი უკლია.

- სერხიო კანალესმა ადგილი ვერც "ვალენსიაში” დაიმკვიდრა...

- ეს მართლაც უნიჭიერესი ახალგაზრდა უმძიმესმა ტრავმებმა გააწამა, თორემ აქამდე უმაღლესი კლასის ოსტატად იქცეოდა.

- მარსელოს წონაში აშკარად მომატებული აქვს...

- ეს კლუბის დიეტოლოგების პრობლემაა. ისე, ბრაზილიელზე სამთვიანმა პაუზამ როგორც მოსალოდნელი იყო, უარყოფითად იმოქმედა და მას ფორმაში შესასვლელად თავდაუზოგავი ვარჯიში დასჭირდება.

- გონსალო იგუაინსა და კარიმ ბენზემას გოლის გატანა დაავიწყდათ?

- ყველა თავდამსხმელის კარიერაში არის კარგი და ცუდი პერიოდები.

- "მანჩესტერთან” ორმატჩიან საჩემპიონთალიგო დუელში რა შანსები გვაქვს?

- 50/50.

Views: 980



Shadow


content top